ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

იემენი: აშშ-ს საგარეო პოლიტიკის ახალი პრიორიტეტი


იემენი: აშშ-ს საგარეო პოლიტიკის ახალი პრიორიტეტი
იემენი: აშშ-ს საგარეო პოლიტიკის ახალი პრიორიტეტი

ანტიკურ სამყაროში იემენს „არაბია ფელიქსს“ უწოდებდნენ, რაც „მხიარულ არაბეთს“ ნიშნავს.

ერთი წლის წინ, შობა დღეს იემენში განლაგებულმა ალ ყაიდას წევრებმა თვითმკვლევი ტერორისტის გამოყენებით, შეერთებული შტატების ავიალანიერის აფეთქება წარუმატებლად სცადეს. ერთი წლის შემდეგ შეერთებულმა შტატებმა იემენისთვის ფინანსური დახმარების აღმოჩენა მნიშვნელოვნად გაზარდა.

ვაშინგტონი ახლა ახლო აღმოსავლეთის ამ ფეთქებად საშიშ ქვეყანაში, მდგომარეობის სტაბილიზაციას ცდილობს.

როგორც "ამერიკის ხმის" კორესპონდენტი კაროლინ პრესუტი იუწყება, ობამას ადმინისტრაცია ამ მიმართულებით სულ უფრო მზარდ ძალისხმევას იჩენს.

ანტიკურ სამყაროში იემენს „არაბია ფელიქსს“ უწოდებდნენ, რაც „მხიარულ არაბეთს“ ნიშნავს. ახლა იემენი მსოფლიოს უღარიბესი ქვეყნების რიგში შედის. ქვეყანაში უმუშევრობის დონე 40 პროცენტს აღწევს და მოსახლეობის 30 პროცენტი საკვების უკმარისობას განიცდის.

ქვეყანაში პოლიტიკური მდგომარეობა უაღრესად არასტაბილურია. ჩრდილოეთ რეგიონებში, ჰუთის სახელით ცნობილი მეამბოხეები, სამთავრობო ძალებს ებრძვიან. ხოლო ქვეყნის სამხრეთ რეგიონებში გამაგრებული მეამბოხეები იემენიდან გამოყოფას ითხოვენ.

ანალიტიკოსები აღნიშნავენ, რომ ხსენებული ფაქტორების გამო, ალ ყაიდას ორგანიზაციისთვის იემენი არაბეთის ნახევარკუნძულზე ყველაზე სანდო საყრდენ ბაზას წარმოადგენს.

ერთი წლის წინ ტერორისტმა, რომელსაც თვითნაკეთი ასაფეთქებელი მოწყობილობა ტანსაცმლის ქვეშ ჰქონდა დამალული, ამერიკული ავიალაინერის აფეთქება წარუმატებლად სცადა. მოწყობილობა მას სწორედ იემენში გადასცეს. ამას გარდა, ოქტომბერში სატვირთო თვითმფრინავებზე აღმოჩენილი ბომბები იემენში განლაგებული ტერორისტული ჯგუფის ნახელავი გახლდათ. თეთრი სახლის მთავარმა მრჩეველმა საშინაო თავდაცვის საკითხებში ჯონ ბრენანმა ამასთან დაკავშირებით აღნიშნა:

„თუ ჩვენ წარმოვიდგენთ, რომ იემენი ჩვენი უსაფრთხოებისთვის არანაირ საფრთხეს არ წარმოადგენს, ეს ქვეყანა ამერიკის ყურადღებას იმსახურებს. იემენი მნიშვნელოვანია. ისევე როგორც იემენის ხალხი.“

შედეგად შეერთებული შტატების მთავრობამ იემენისთვის გამიზნული დახმარება წელს 300 მილიონ დოლარამდე გაზარდა. ნიშანდობლივია, რომ ეს ციფრი 2008 წლის მაჩვენებელს თითქმის 1200 პროცენტით აღემატება. აღსანიშნავია, რომ 2008 წელს დახმარების ოდენობა სულ 22 მილიონს შეადგენდა.

ვაშინგტონში მდებარე იემენის საელჩოს თანამშრომელი მოჰამედ ალ-ბაშა აღნიშნავს, რომ იემენისთვის დახმარების სხვა წყარობის მოძებნა მნიშვნელოვან ამოცანას წარმოადგენს:

„ჩვენ არ გვსურს, რომ შეერთებული შტატები ერთადერთი დონორი ქვეყანა იყოს. ამ პრობლემის გადაჭრაში რეგიონალურმა და საერთაშორისო პარტნიორებმა უნდა მიიღონ მონაწილეობა “ - აღნიშნა იემენელმა დიპლომატმა.

კრისტოფერ ბუჩეკი ახლო აღმოსავლეთზე ბევრი წიგნის ავტორია. მას მიაჩნია, რომ შეერთებულმა შტატებმა იემენს უფრო ბევრი დახმარება უნდა შესთავაზოს:

„თუ გავითვალისწინებთ იმას თუ რამდენად მნიშვნელოვანია იემენი ამერიკის საშიანო უსაფრთხოებისთვის, შეერთებული შტატების დახმარება მის რიტორიკას არ შეესაბემება “-აღნიშნავს ბუჩეკი.

ბუჩეკის თქმით, ვებ გვერდ „ვიკილიქსზე“ გამოქვეყნებული მასალების თანახმად ირკვევა, რომ იემენის ბირთვული მასალა ერთი კვირის მანძილზე დაუცველი იყო. ხოლო სხვა საიდუმლო დოკუმენტში ნათქვამია, რომ იემენის პრეზიდენტმა ალი აბდულა სალემ განაცხადა, რომ ალ ყაიდას საყრდენ ბაზებზე განხორციელებული დარტყმები იემენის საჰაერო ძალებმა განახორციელეს, მაშინ როცა სინამდვილეში ეს ამერიკელი ბომბდამშენების ნახელავი გახლდათ. ბუჩეკს მიაჩნია, რომ ალ ყაიდა არაბეთის ნახევარკუნძულზე ხსენებულ ინფორმაციას ახალი წევრების აყვანის მიზნით გამოიყენებს:

„ეჭვი არ მეპარება, რომ ალ ყაიდა არაბეთის ნახევარკუნძულზე ამ ინფორმაციას გამოიყენებს იმის დასანახად, რომ იემენის მთავრობა მოსახლეობის ინტერესებს არ ემსახურება, რის გამოც მას ლეგიტიმურობა არ გააჩნია “ - დასძენს ბუჩეკი.

ამასობაში გუანტანამოს საპყრობილეში დარჩენილი პატიმრების უმრავლესობა ანუ დაახლოებით 40 პატიმარი, წარმოშობით იემენელია. თეთრი სახლის მრჩეველმა ბრენანმა განაცხადა, რომ შეერთებული შტატების მთავრობას არ გააჩნია ინფორმაცია, რომ გუანტანმოს საპყრობილედან გათავისუფლებული რვა იემენელი პატიმრიდან რომელიმე ტერორისტულ საქმიანობას დაუბრუნდა.

ანალიტიკოსები აღნიშნავენ, რომ იემენის მიმართ პოლიტიკა ორი მიმართულებით უნდა წარიმართოს. ერთის მხრივ აქცენტი ქვეყანაში უსაფრთხოების დამყარებაზე უნდა გაკეთდეს, ხოლო მეორეს მხრივ საჭიროა ეკონომიკური, სოციალური და პოლიტიკური რეფორმების გატარება.

XS
SM
MD
LG