ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

„ვიკილიქსის“ მომხრეები კიბერ შეტევების კამპანიას იწყებენ


„ვიკილიქსის“ მომხრეები კიბერ შეტევების კამპანიას იწყებენ

ჰაკერების საქმიანობის გააქტიურება შეიძლება ბევრად უფრო სერიოზული ხასიათის კიბერ დანაშაულის გავრცელების მომასწავებელი გახდეს.

დაახლოებით 35 ათასმა პირმა გადმოტვირთა ინტერნეტიდან სპეციალური კომპიუტერული პროგრამა, რომლის მეოხებითაც მათ ამ ბოლო ხანებში, რამდენიმე კომპანიის ვებ-გვერდი დროებით მწყობრიდან გამოიყვანეს.

ხსენებული კიბერ-შეტევის განხორციელებით, ჰაკერები იმ კომპანიებს სჯიდნენ, რომლებმაც ვებ გვერდ „ვიკილიქსის“ წინააღმდეგ გარკვეული ზომები მიიღეს.

როგორც "ამერიკის ხმის" კორესპონდენტი ჯერომ სოკოლოვსკი ვაშინგტონიდან იუწყება, ექსპერტები აღნიშნავენ, რომ ჰაკერების საქმიანობის გააქტიურება, შეიძლება ბევრად უფრო სერიოზული ხასიათის კიბერ დანაშაულის გავრცელების მომასწავებელი გახდეს.

ექსპერტები აღნიშნავენ, რომ ჰაკერებმა სპეციალური კომპიუტერული პროგრამა სახელწოდებით "Low Orbit Ion Cannon" გამოიყენეს. ამ პროგრამის მეოხებით, წინასწარ შერჩეული კომპანიების ვებ-გვერდების დროებით მწყობრიდან გამოყვანაა შესაძლებელი. კერძოდ, პროგრამა გარკვეულ ვებ-გვერდს იმდენ მოთხოვნას აწვდის, რომ შედეგად ვებ-გვერდი მწყობრიდან გამოდის.

ხსენებული კომპიუტერული პროგრამა განთავსებულია ვებ-გვერდზე, რომლის თანახმადაც, პროგრამის გადმოტვირთვის მაჩვენებელმა ამ ბოლო დღეებში საათში 2,000-ს გადააჭარბა. აღსანიშნავია ისიც, რომ პროგრამას ძირითადად შეერთებულ შტატებში მცხოვრები პირები ტვირთავენ.

ბოსტონში მდებარე ინტერნეტ აქტივისტი გრეგ ჰუში აღნიშნავს, რომ ჰაკერები ხშირად ისეთ "ჩათ-ჯგუფებს" იყენებენ, როგორიც არის "Anonymous" ან "Operation Payback". სწორედ ამ "ჩათ-ჯგუფებში" წყდება ის, თუ რომელი კომპანია უნდა გახდეს კიბერშეტევის შემდგომი მსხვერპლი.

„ნებისმიერ შემსვლელს შეუძლია წამოაყენოს ესა თუ ის იდეა. თუ ხალხს მოეწონა, მაშინ მიიღებენ და მუშაობაც დაიწყება. წინააღმდეგ შემთხვევაში, იდეას უგულვებელყოფენ “ - აღნიშნავს ამერიკელი ინტერნეტ აქტივისტი.

ჰაკერი აქტივისტები ანუ "ჰაქტივისტები" იმ კომპანიებს ეწინააღმდეგებიან, რომლებმაც ვებ-გვერდ „ვიკილიქსის“ წინააღმდეგ გარკვეული ზომები მიიღეს მას შემდეგ, რაც ხსენებულმა ვებ-გვერდმა შეერთებული შტატების მთავრობის 250,000 საიდუმლო დიპლომატიური დოკუმენტის გამოქვეყნება დაიწყო. შედეგად საკრედიტო ბარათების კომპანიებმა „Matercard“-მა და „Visa“-მ ვებ-გვერდ „ვიკილიქსისთვის“ განკუთვნილი შემოწირულობების გადარიცხვა შეწყვიტეს, რამაც ჰაქტივისტების რისხვა გამოიწვია და მათ ამ კომპანიების წინააღმდეგ კიბერშეტევები დაიწყეს. ხსენებული კომპანიების გარდა ჰაქტივისტებმა არ დაინდეს არც კომპანია „Amazon.com“ და არც „Paypal.“

„ვიკილიქსის“ დამაარსებელი ჯულიან ასანჟი ამჟამად ბრიტანეთში წინასწარ პატიმრობაში იმყოფება. ასანჟი შვედეთის პროკურორის თხოვნით დააკავეს რადგან მას შვედეთში გაუპატიურებასთან დაკავშირებული ბრალდებები წაუყენეს.

ვაშინგტონში გამართულ პრეს კონფერენციაზე შეერთებული შტატების გენერალურმა პროკურორმა ერიკ ჰოლდერმა აღნიშნა, რომ ამერიკის მთავრობამ ვებ-გვერდ „ვიკილიქსზე“ გამოქვეყნებულ საიდუმლო მასალებთან დაკავშირებით „აქტიური და სერიოზული“ გამოძიება დაიწყო. ამერიკელი ოფიციალური პირები აღნიშნავენ, რომ საიდუმლო მასალების გამოქვეყნებამ ამერიკელთა სიცოცხლე საფრთხეში ჩააგდო.

ჰუში კი აცხადებს, რომ მან არ იცის არცერთი შემთხვევის შესახებ, როცა „ვიკილიქსის“ მიერ გამოქვეყნებული ინფორმაციის შედეგად ვიღაცა დაშავდა.

„უბრალოდ სახეზეა მდგომარეობა, როცა მავანნი შიშს, გაურკვევლობასა და ეჭვებს ავრცელებენ “ - აღნიშნავს ჰუში.

მას მიაჩნია, რომ ჰაქტივისტებს სჯერათ, რომ ვებ-გვერდ „ვიკილიქსის“ წინააღმდეგ მიღებული ზომები ჩინეთსა და სხვა ქვეყნებში ინტერნეტში აზრის გამოხატვის თავისუფლებაზე დაწესებული შეზღუდვების მიმართ, შეერთებული შტატებისა და სხვა მთავრობების კრიტიკულ განწყობას ეწინააღმდეგება.

„სწორედ ეს არის ის მიზეზი, რის გამოც ეს მოძრაობა სწრაფად იზრდება. ისინი გრძნობენ, რომ ჩვენი მთავრობა ამ მხრივ ფარისევლობს “ - აღნიშნავს ჰუში.

ინტერნეტის უსაფრთხოების ექსპერტები შიშობენ, რომ ჰაქტივისტების მიერ განხორციელებულ კიბერ შეტევებს, რომლებსაც ზოგი კიბერ ომსაც უწოდებს, ტერორისტები გაიმეორებენ.

ექსპერტების აზრით, ნაადრევია ლაპარაკი იმაზე, რომ „ჰაქტივიზმი“ ინტერნეტში საპროტესტო მოძრაობების მობილიზაციის მთავარი მეთოდი გახდა რადგან ამგვარი მოძრაობების პოტენციალს ხშირად უფრო დიდ მნიშვნელობას ანიჭებენ, ვიდრე ისინი იმსახურებენ.

XS
SM
MD
LG