10 დეკემბერს მთელს მსოფლიოში ადამიანის უფლებათა დაცვის დღე აღინიშნება. 1948 წლის 10 დეკემბერს გაეროს გენერალურმა ასამბლეამ ოფიციალურად დაამტკიცა ადამიანის უფლებების საყოველთაო დეკლარაცია. აშშ მთელს მსოფლიოში ცნობილია, როგორც დემოკრატიული სისტემის მქონე სახელმწიფო, სადაც გარანტირებულია სიტყვის, რელიგიისა და თანასწორობის უფლებები. მიუხედავად ამისა ადამიანის უფლებების ქომაგთა განსაზღვრული წარმომადგენლები იმას ამტკიცებენ, რომ აშშ-შიც კი ირღვევა ადამიანის უფლებები. გაეროში აშშ-ს ყოფილ წარმომადგენელს ჯონ ბოლტონს მიაჩნია, რომ აშშ მსოფლიოში ყველაზე აქტიურად იცავს ადამიანის უფლებებს.
-„ჩვენ ყველაზე აქტიურად ვიცავთ ადამიანისა და ინდივიდუმის თავისუფლებას მთელს მსოფლიოში კაცობრიობის მთელი ისტორიის განმავლობაში“ - აცხადებს ბოლტონი.
ამის საპირისპიროს ამტკიცებს ამერიკული უნივერსიტეტის ჰუმანიტარული კანონმდებლობისა და ადამიანის უფლებების დაცვის ცენტრის დირექტორი, პროფესორი ჰადარ ჰარისი.
-„ჩვენ გვანტანამოს ცენტრში წლების განმავლობაში გვყავს დაკავებული ხალხი, რაიმე ბრალდების წაყენების გარეშე. მიმაჩნია, რომ ჩვენი, როგორც აშშ-ში ადამიანის უფლებათა დამცველთა მოვალეობაა, ყველაფერი გავაკეთოთ, რათა ობამას ადმინისტრაციამ დახუროს გვანტანამო და აღიარებული საერთაშორისო იურიდიული ნორმების დაცვით მართლმსაჯულების წინაშე წარადგინოს ისინი, ვინც ამას იმსახურებს, ხოლო დანარჩენები კი გაათავისუფლოს.“
როგორც ჯონ ბოლტონს მიაჩნია აშშ-ს აქვს იმის უფლება, რომ დაკავებული ჰყავდეს ტერორისტები და ომის ტყვეები. როგორც მან თქვა მართალია ჟენევის კონვენცია სახელმწიფოების დონეზე მოქმედებს, მაგრამ იგი ტერორისტულ დაჯგუფებებზე არ ვრცელდება. ამას გარდა აზრთა სხვაობის საგანია სიკვდილით დასჯის საკითხი. როგორც ჰადარ ჰარისს მიაჩნია, საჭიროა სიკვდილით დასჯის გაუქმება. სიკვდილით დასჯის საინფორმაციო ცენტრის მონაცემების თანახმად აშშ-ში მკვლელობისათვის მარტო მიმდინარე წელს 40 კაცი დასაჯეს სიკვდილით.
სიკვდილით დასჯის მომხრე აქტივისტთა წარმომადგენელმა მაიკლ პარანცინომ ჩვენთან საუბარში აღნიშნა, რომ სივდილით დასჯა უნდა იქნას შენარჩუნებული აშშ-ში, რადგანაც ეს მოკლულთა ოჯახის წევრებსა და ახლობლებს განსაზღვრულ შვებას ანიჭებს.
ადამინიას უფლებების დაცვის აქტივისტები ამას გარდა აკრიტიკებენ აშშ-ს იმისათვის, რომ ამერიკა რატიფიცირებას არ უხდენს გაეროს საკვანძო მნიშვნელობის მქონე პაქტებს. მაგალითად გაეროს წევრ სახელმწიფოთა უმეტესობამ რატიფიცირება მოუხდინა კონვენციას, ქალთა დისკრიმინაციის აღმოფხვრის შესახებ. ამ კონვენციას დღემდეა არ მოუხდინა რატიფიცირება ამერიკის სენატმა. როგორც ჰადარ ჰარისი ამტკიცებს, მაგალითად ბავშვების დაცვის კონვენციას დღემდე რატიფიცირებას მსოფლიოში მხოლოდ ორი ქვეყანა არ უხდენს - აშშ და სომალი. ამაზე ჯონ ბოლტონი პასუხობს, რომ აშშ-ს თვით გააჩნია კანონები, რომლითაც ქალები და ბავშვები დაცულნი არიან. მისივე თქმით მათ ვინც აშშ-ს აკრიტიკებენ უმჯობესია ყურადღება გადაიტანონ ადამიანის უფლებების დარღვევებზე ისეთ სახელმწიფოებში, როგორებიცაა ირანი და ჩინეთი.