ოქტომბერში შეერთებული შტატების სამუშაო ბაზარზე აშკარა გამოცოცხლება შეინიშნებოდა. ანალიტიკოსების ვარაუდი არ გამართლდა და ამერიკაში გასულ თვეს ნავარაუდევზე ორჯერ მეტი ანუ 150,000 ახალი სამუშაო ადგილი შეიქმნა.
გასულ პარასკევს, შრომის დეპარტამენტის მიერ გამოქვეყნებულ ანგარიშში აღნიშნულია, რომ ოქტომბერი კერძო სექტორშიც აშკარა გაუმჯობესებით გამოირჩეოდა. მაგრამ ანგარიშში ნათქვამია ისიც, რომ უმუშევრობის მაჩვენებელი ამერიკის შეერთებულ შტატებში კვლავ უცვლელი ანუ ცხრა მთელი ექვსი მეათედი პროცენტი რჩება.
თუმცა, მდარე ეკონომიკის პირობებში ახალი შექმნილი 150,000 სამუშაო ადგილი იმის იმედს იძლევა, რომ რომ ამერიკის ეკონომიკამ თანდათანობით გამოცოცხლება დაიწყო.
ჟურნალისტებთან საუბრისას ბარაკ ობამამ თანამემამულეებს ასე მიმართა:
„მეოთხე თვეა, რაც ქვეყანაში კერძო სექტორის სფეროში მდგომარეობა უმჯობესდება. მსგავსი წინსვლა უკანასკნელი ოთხი წლის მანძილზე ამერიკაში არ დაფიქსირებულა“
შრომის დეპარტამენტმა ასევე შემოსავლების სამი პროცენტით ზრდაც დააფიქსირა. მარკუს შუმერი ეკონომიკის დარგის სპეციალისტია. მისი აზრით:
„სექტემბერ - ოქტომბერში სამუშაო ბაზარი მომძლავრდა. მაჩვენებლები ნამდვილად დამაიდებელია და ვაღიარებ, რომ ქვეყნის ეკონომიკა აშკარა გამოცოცხლების ფაზაში გადავიდა“
მაგრამ მიუხედავად იმისა, რომ იანვრის შემდეგ შეერთებული შტატების კერძო სექტორში მილიონამდე ახალი სამუშაო შეიქმნა, უმუშევრობის მაჩვენებლები ქვეყანაში კვლავ უცვლელია.
პრეზიდენტი ობამა ამ მხრივ, დიდ გულისწყრომას გამოთქვამს:
„ უნდა აღნიშნოს ისიც, რომ ახალი სამუშაო ადგილების შექმნა უფერულდება იმ ფაქტის გამო, რომ ქვეყანაში უმუშევრობის დონე უცვლელი რჩება და მილიონობით ადამიანი სამსახურს დაეძებს. ვიდრე ყველა უმუშევარი არ დასაქმედება, ჩვენ კმაყოფილების გრძნობა არ დაგვეუფლება“
თუმცა ეკონომიკაში გამოცოცხლება და ახალი სამუშაო ადგილები ბევრ უმუშევარ ამერიკელს გარკვეულ იმედს უსახავს . მეტ ფერგუსონი, სამუშაო ბაზრის სფეროში მოღვაწეობს. იგი აღნიშნავს, რომ უმუშევრობის ყველაზე მაღალი მაჩვენებლები მომსახურების , საინფორმაციო ტექნოლოგიისა და სავაჭრო სფეროებში გასული წლიდან მოყოლებული, დღემდე უცვლელი რჩება.
„ბევრი კომპანია ძალებს იკრებს, ფეხზე დგება და ახალ მოსამსახურეებს ასაქმებს, მაგრამ დათხოვნისა და დაქირავების თანაბარი ნიშნულები უმუშევრობის დონეს მაინც უცვლელად ტოვებს“
ანალიტიკოსები ვარაუდობენ, რომ სამუშაო ბაზარი შეერთებულ შტატებში გაუმჯობესდება და ამერიკელები მალე შვებით ამოისუნთქებენ. ამას თან საშობაო დღესასწაული დაემთხვევა და ვაჭრობის სფერო ბევრად უფრო გამოცოცხლდება.
მაგრამ ეკონომისტის ჯულია კორონადოს თქმით, არსებული რეალობა აღტაცების უფლებას მაინც არ იძლევა:
„რა თქმა უნდა გაუმჯობესება არის, მაგრამ წინ ჯერ კიდევ დიდი გზაა გასავლელი“
შრომის დეპარტამენტის ოპტომისტური ანგარიშის გამქვეყნებამ, ობამას დემოკრატიულ პარტიას შუალედური არჩევნებისთვის ვერ მოუსწრო. ოპოზიციურად განწყობილმა რესპუბლიკელებმა სამშაბათს წარმოამდგენელთა პალატაზე უპირატესობა მოიპოვეს. მთავარი მიზეზი კი ამისა, ქვეყანაში შექმნილი უმუშევრობის მაღალი დონე გახლდათ.