ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

სენატმა ხელშეკრულების განხილვა გადადო


ახალი სტარტის ხელშეკრულება ორი ათწლეულის მანძილზე ყველაზე მნიშვნელოვან დოკუმენტს წარმოადგენს.

შეერთებული შტატების სენატის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტმა სტრატეგიული შეიარაღების შემცირების ახალი ხელშეკრულების განხილვა აგვისტოს არდადეგების შემდეგ გადადო.

როგორც ცნობილია, შეერთებული შტატების პრეზიდენტმა ბარაკ ობამამ და რუსეთის პრეზიდენტმა დმიტრი მედვედევმა სტრატეგიული შეიარაღების შემცირების ახალ ხელშეკრულებას, რომელიც „ახალი სტარტის“ სახელით არის ცნობილი, ამა წლის 8 აპრილს ჩეხეთის დედაქალაქ პარაღაში ხელი მოაწერეს.

ხსენებული ხელშეკრულება ძველ, 1991 წელს გაფორმებულ სტრატეგიული შეიარაღების შემცირების ხელშეკრულების შემცვლელი უნდა ყოფილიყო, რომელსაც გასული წლის დეკემბერში გაუვიდა ვადა.

კერძო კვლევითი ფირმის შეიარაღების კონტროლის ასოციაციის აღმასრულებელი პრეზიდენტი დერილ კიმბალი აღნიშნავს, რომ ახალი სტარტის ხელშეკრულება ორი ათწლეულის მანძილზე ყველაზე მნიშვნელოვან დოკუმენტს წარმოადგენს ამერიკა-რუსეთის სტრატეგიულ შეიარაღების შემცირების სფეროში. ამასთან დაკავშირებით კიმბალმა აღნიშნა:

„ორივე მხარე თანახმაა, რომ დისლოცირებული სტრატეგიული ქობინების რაოდენობა 2,200-ს არ უნდა აღემატებოდეს. ხოლო ახალი ხელშეკრულების თანახმად, თითოეულ მხარეს მხოლოდ 1,550 სტრატეგიული ქობინის დისლოცირება შეეძლება.

ამას გარდა, ახალი ხელშეკრულებით სტრატეგიული შეიარაღების მიწოდების საშუალებების რაოდენობა თითოეული მხარისთვის 700 -მდე იზღუდება. აქ იგულისხმება ბომბდამშენები და რაკეტები, რომლებსაც ბირთვული ქობინების მიწოდების მიზნით იყენებენ.“

მაგრამ ახალი ხელშეკრულების ძალაში შესვლისთვის აუცილებელია, რომ რუსეთის პარლამენტმა ანუ სახელმწიფო დუმამ და შეერთებული შტატების სენატმა დოკუმენტის რატიფიკაცია მოახდინონ. ობამას ადმინისტრაციამ ხელშეკრულება სენატს განსახილველად მაისში წარუდგინა.

მაშინ სახელმწიფო მდივანმა ჰილარი კლინტონმა სენატს სწრაფი და გადამწყვეტი ნაბიჯის გადადგმისკენ მოუწოდა და მაგალითად ვაშინგტონსა და მოსკოვს შორის წარსულში გაფორმებული შეიარაღების შემცირებასთან დაკავშირებული ხელშეკრულებები მოიშველია.

„2002 წლის მოსკოვის ხელშეკრულება სენატმა ერთსულოვნად დაამტკიცა. მას 95 სენატორმა დაუჭირა მხარი. ხოლო 1991 წლის სტრატეგიულ შეიარაღების შემცირების ხელშეკრულებას მხარი დაუჭირა 93 სენატორმა და წინააღმდეგი მხოლოდ ექვსი სენატორი აღმოჩნდა,“ განაცხადა სახელმწიფო მდივანმა.

ახალი სტარტის ხელშეკრულების რატიფიკაციისთვის საჭიროა, რომ 100 სენატორიდან დოკუმენტს მხარი დაუჭიროს 67 სენატორმა. ობამას ადმინისტრაციას თავდაპირველად ეგონა, რომ რატიფიკაცია სწრაფად დასრულდებოდა. მაგრამ რესპუბლიკელმა სენატორებმა ხელშეკრულების ზოგიერთ ასპექტთან დაკავშირებით, უკმაყოფილება გამოთქვეს. მაგალითად, ისინი აღნიშნავენ, რომ ხელშეკრულების შესრულების შემოწმებასთან დაკავშირებული დებულებები საიმედო გარანტიებს არ იძლევა. ამას გარდა რესპუბლიკელ სენატორებს მიაჩნიათ, რომ ახალი სტარტი შეერთებული შტატების ანტი-სარაკეტო სისტემის განვითარებას ზღუდავს.

შეერთებული შტატების ყოფილი პრეზიდენტის ჯორჯ ბუშის ეროვნული უსაფრთხოების საბჭოს წევრი ფრენკ მილერი ახალ ხელშეკრულებაში კიდევ ერთ სადავო ასპექტს ხედავს. მისი თქმით:

„კონსერვატიულად განწყობილ წრეებში შეინიშნება შეშფოთება იმასთან დაკავშირებით, რომ ჩვენი სტრატეგიული ბირთვული ძალები მოდერნიზაციას მოითხოვს და ეს რასაკვირველია მართალია. შეერთებული შტატების ამჟამინდელი სტრატეგიული ძალები რეიგანის ადმინისტრაციის მოდერნიზაციის შედეგს წარმოადგენს. ეს კი იმას ნიშნავს, რომ სტრატეგიული არსენალი 20-30 წლის განმავლობაში არ განახლებულა. ამდენად არსენალის მოდერნიზაცია აუცილებლად უნდა დაჩქარდეს.“

მილერი არ გამორიცხავს ისეთ სცენარს, რომლის მიხედვითაც დემოკრატები და რესპუბლიკელები გარიგებას მიაღწევენ. დემოკრატები შეერთებული შტატების სტრატეგიული ძალების მოდერნიზაციისთვის დამატებით სახსრებს გამოყოფენ, ხოლო რესპუბლიკელები სამაგიეროდ ხელშეკრულების რატიფიკაციას დაუჭერენ მხარს.

მაგრამ შეიარაღების კონტროლის ექსპერტი და შეერთებული შტატების ყოფილი ელჩი გაეროში ჯონ ბოლტონი ახალი სტარტის ხელშეკრულებას ეწინააღმდეგება.

„მე ვფიქრობ, რომ შეერთებული შტატები სულ სხვა მდგომარეობაში იმყოფება ვიდრე რუსეთი. ამდენად ბირთვულ შეიარაღებასა და მიწოდების საშუალებებზე თანაბარი შეზღუდვების დაწესებაზე თანხმობის მიცემა, ჩემი აზრით, შეერთებული შტატების საერთაშორისო ვალდებულებების შესრულებას მნიშვნელოვნად აფერხებს. ჩვენ მოკავშირეები როგორც აზიაში, წყნარი ოკეანეს რეგიონში, ისე ევროპაში გვყავს. ჩვენი ინტერესები მთელს მსოფლიოს მოიცავს. შეერთებული შტატების და რუსეთის ვალდებულებების შედარება ამ სახელმწიფოების თავდაცვით მოთხოვნებთან მიმართებაში უბრალოდ შეუძლებელია. ამდენად მე ვფიქრობ, რომ ამ ხელშეკრულების გაფორმება წინდაუხედავი იყო,“ აღნიშნა ბოლტონმა.

მაგრამ ბირთვული პოლიტიკის ექსპერტს ჯოზეფ სირინსიონეს მიაჩნია, რომ ახალი ხელშეკრულების მიმართ წინააღმდეგობა ძირითადად პოლიტიკური გათვლებით არის განპირობებული.

„თუ ხელშეკრულება რატიფიკაციას გაივლის, მაშინ ეს იქნება შეიარაღების შემცირებასთან დაკავშირებული პირველი დოკუმენტი, რომელიც დემოკრატმა პრეზიდენტმა შეერთებული შტატების სენატში გაატარა. ეს აგრეთვე იქნება პრეზიდენტ ობამას გამარჯვება ნოემბერში დანიშნულ კონგრესის არჩევნებამდე და მის პოლიტიკურ ოპონენტებს არ სურთ, რომ მან ეს გამარჯვება მოიპოვოს. ამდენად ისინი პროცესის გაჭიანურებას ცდილობენ,“ დასძინა სირინსიონემ.

ექსპერტები აღიარებენ, რომ რატიფიკაციის პროცესი ნამდვილად გაჭიანურდა. სენატის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტმა ხელშეკრულების განხილვა სექტემბრამდე გადადო იმ იმედით, რომ რესპუბლიკელი სენატორების შენიშვნების განხილვას საკმარისი დრო დაეთმობა.

XS
SM
MD
LG