ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

აშშ პრესის თავისუფლებას იცავს


ფუნდამენტური თავისუფლების მხარდასაჭერად, პრეზიდენტმა ბარაკ ობამამ ცოტა ხნის წინ დანიელ პერლის პრესის თავისუფლების აქტს მოაწერა ხელი.

ამერიკის შეერთებული შტატები პრესის თავისუფლების მტკიცედ დაცვას აგრძელებს. ამ ფუნდამენტური თავისუფლების მხარდასაჭერად, პრეზიდენტმა ბარაკ ობამამ ცოტა ხნის წინ დანიელ პერლის პრესის თავისუფლების აქტს მოაწერა ხელი. აღნიშნული კანონის სახელწოდება პატივს მიაგებს ამერიკელი ჟურნალისტის ხსოვნას, რომელიც 2002 წლის 1 თებერვალს პაკისტანში ტერორისტებმა გაიტაცეს და თავი მოკვეთეს.

პრეზიდენტი ობამას განცხადებით, დანიელ პერლის პრესის თავისუფლების აქტი „ძლიერ სიგნალს აგზავნის შეერთებული შტატების მთავრობისა და სახელმწიფო დეპარტამენტის სახელით, რომ ჩვენ ყურადღებას ვაქცევთ იმას, თუ როგორ ეპყრობიან პრესას სხვა ქვეყნების მთავრობები.“

ახალი კანონის თანახმად, სახელმწიფო დეპარტამენტს მოეთხოვება პრესის თავისუფლება მთელს მსოფლიოში შეაფასოს და გამოავლინოს ის ქვეყნები, რომლებიც ხელს უწყობენ და აწარმოებენ პრესის შეზღუდვას. „ხშირად ასეთი ყურადღების გარეშე“ აცხადებს პრეზიდენტი ობამა, „ქვეყნებს და მთავრობებს ჰგონიათ, რომ პრესის წინააღმდეგ მოქმედება სასჯელის მიღების გარეშე შეუძლიათ. ჩვენ გვსურს მათ ძლიერი სიგნალი გავუგზავნოთ და ვუთხრათ, რომ ამის გაკეთება მათ არ შეუძლიათ.“

ყურადღების გამოჩენა აუცილებელია. ცოტა ხნის წინ, მსოფლიო პრესის თავისუფლების დღეს გაკეთებულ განცხადებაში, პრეზიდენტმა ობამამ აღნიშნა, რომ გასული წელი განსაკუთრებით მძიმე იყო მსოფლიო პრესის თავისუფლების თვალსაზრისით. მიუხედავად იმისა, რომ დღეს ხალხს ინფორმაციაზე უფრო ადვილად მიუწვდება ხელი ინტერნეტისა და მობილური ტელეფონების მეშვეობით, ისეთი ქვეყნების მთავრობები, როგორიცაა მაგალითად, ჩრდილოეთ კორეა, ეთიოპია, ირანი და ვენესუელა, გამოხატვის თავისუფლებას აღნიშნული ტიექნოლოგიების შეზღუდვით აწარმოებენ.

გასულ წელს, ახლო წარსულის მონაცემებთან შედარებით, ყველაზე ბევრი მედიის წარმომადგენელი იქნა მოკლული მათი პროფესიის გამო. ეს მაღალი მაჩვენებელი, მეტწილად გამოიწვია ფილიპინების მაგუინდანაო რაიონში არჩევნებთან დაკავშირებული ძალადობის დროს 30-ზე მეტი ჟურნალისტის მკვლელობამ. ამასთან ერთად, ჟურნალისტები სომალისა და ჰონდურასშიც მოკლეს.

ასევე მოხდა დიდი რაოდენობით ჟურნალისტების დაპატიმრებაც. პრეზიდენტი ობამას თქმით:

„ირანში, ბოლო არჩევნების საწინააღმდეგო დემონსტრაციის დარბევის შემდეგ, ყველა სხვა ქვეყანასთან შედარებით, ყველაზე მეტი ჟურნალისტია დაპატიმრებული. ბელარუსის, ბირმის, ჩინეთის, კუბის, ერითრიის, ჩრდილოეთ კორეის, ტუნისის, უზბეკეთისა და ვენესუელას მთავრობებმა, ბევრი ჟურნალისტი დააპატიმრეს იმის გამო, რომ მათ მთავრობის ლიდერები ან მათი პოლიტიკა გააკრიტიკეს.“

შეერთებული შტატები უდიდეს პატივს სცემს თითოეული ადამიანს, რომელიც იმ კრიტიკულ სამსახურს ასრულებს, რასაც მათი ქვეყნის მოქალაქეებისთვის სიმართლის მიწოდება ჰქვია, და ამას მრავალი სირთულისა და პირადი საფრთხის მიუხედავად აკეთებს.

გაერთიანებული ერების ორგანიზაციის ადამიანის უფლებების საყოველთაო დეკლარაციის მე-19 მუხლი თავისუფალი გამოხატვის უფლებას იცავს, რაშიც პრესის თავისუფლებაც შედის. არ შეიძლება არსებობდეს ეჭვი, რომ თავისუფალი და დამოუკიდებელი პრესა მყარი დემოკრატიის უმთავრესი ნაწილია.

XS
SM
MD
LG