თქვენ განაცხადეთ ავღანეთში ამერიკელი სამხედროების რაოდენობის შემცირების შესახებ. როგორ მიიღებს ამ ფაქტს ავღანელი ხალხი?
პრეზიდენტი ობამა: მე ვფიქრობ, ეს ფაქტი გვაჩვენებს იმ სტრატეგიის წარმატებას, რომლის თანახმადაც 2009 წელს ავღანეთში ამერიკელი ჯარისკაცების რაოდენობა გავზარდეთ და ასევე გვაჩვენებს, თუ რა სერიოზულობით მივუდექით ამ გარდამავალ პერიოდს. 2009 წელს გამოვაცხადე დამატებით 30 000 ჯარისკაცის ავღანეთში დისლოცირების გადაწყვეტილება და ჩვენი მიზანი მაშინ ძალიან კონკრეტული იყო - უნდა შეგვეჩერებინა თალიბანი, რომელიც ავღანეთს უფრო მეტად ეპატრონებოდა. ასევე დავიწყეთ ავღანელების გაწვრთნა, რათა საბოლოოდ მათ თავიანთი ქვეყნის დაცვა შეძლონ. ამ დროისთვის უკვე დიდ პროგრესს მივაღწიეთ - გავწვრთენით 100 000 ავღანელი ჯარისკაცი, ყანდაარისა და ჰელმანდის პროვინციებს თალიბები ვეღარ აკონტროლებენ, ახლა იქ მოსახლეობა უფრო დაცულად გრძნობს თავს. ამიტომ უკვე წელს, წლის ბოლომდე 10 000 ჯარისკაცს გამოვიყვანთ, მომავალი წლის ზაფხულამდე კი დანარჩენ 23 000-ს. ამით კი მთლიანად დავიბრუნებთ შეიარაღებული ძალების იმ რაოდენობას, რომელიც დამატებითი კონტიგენტის გაგზავნის შემდეგ გვყავდა. ამის შემდეგ გავაგრძელებთ ავღანელებისთვის სადავეების გადაცემას მათი გაძლიერების პარალელურად და კონტროლის გადაცემის პროცესს 2014 წლამდე დავასრულებთ. ჩვენი მჭიდრო ურთიერთობა ავღანელ ხალხთან და ხელისუფლებასთან ამის შემდეგაც გაგრძელდება. თუმცა, იქ აღარ იქნება განლაგებული ანალოგიური რაოდენობის ჩვენი სამხედრო ძალები. მიუხედავად ამისა, ისე როგორც აქამდე, ავღანელ ხალხთან გავაგრძელებთ ეკონომიკური განვითარების მიმართულებით მუშაობას.
რა გავლენა ექნება ამ გადაწყვეტილებას ნატოს მოკავშირეებზე? მაგალითად, როგორ აიცილებთ თავიდან ნატოს ქვეყნების მიერ ავღანეთიდან სასწრაფოდ ჯარების გაყვანას და იქიდან ჩვენზე ადრე მათ გასვლას?
პრეზიდენტი ობამა: ჩვენ ნატოს მოკავშირეებთან ამ თემაზე კონსულტაციები გვქონდა სანამ ამ გადაწყვეტილებას მივიღებდით. ვესაუბრე ნატოს გენერალურ მდივანს და სხვა წამყვან მოკავშირეებს. ისინი აცნობიერებენ, რომ ჩვენ იქ დამატებითი ძალები გადავისროლეთ და რომ ახლა ამ დამატებით კონტიგენტს გამოვიყვანთ. თუმცა, ჩვენი ძირითადი რაოდენობა 68 000 ჯარისკაცი ავღანეთში მომავალი წლის ბოლომდე დარჩება. ამის შემდეგ ჩვენ გარდამავალ ეტაპს ისე გავივლით, რომ ავღანეთის უსაფრთხოების ძალები მზად იყვნენ საკუთარ ქვეყანაზე კონტროლის ასაღებად.
თქვენ ეს გადაწყვეტილება შექმნილი სიტუაციიდან გამომდინარე მიიღეთ. როგორი იყო თქვენთვის ამ გადაწყვეტილების მიღების პროცესი?
პრეზიდენტი ობამა: ეს გენერალ პეტრეუსთან და სხვა მეთაურებთან არაერთი განხილვის და ასევე ავღანეთის მთავრობასთან კონსულტაციების შედეგია. საკვანძო მნიშვნელობა აქვს იმას, რომ ჩვენ ბალანსი დავიცვათ - ერთის მხრივ, ავღანელებს ვაგრძნობინოთ, რომ ჩვენ სუვერენული, უსაფრთხო ავღანეთი გვსურს და რომ ავღანელებს მეტი პასუხისმგებლობა ენიჭებათ ამ პროცესში. ამ მიდგომით ყველა მხარე უკეთეს მდგომარეობაში იქნება. ამასთან ერთად,ჩვენ ისიც უნდა მოვახერხოთ, რომ ძალიან სწრაფად არ ვიმოქმედოთ და ავღანელები ისევ საფრთხეში არ აღმოჩნდნენ. ჩვენ ავღანელებთან პარტნიორობას გავაგრძელებთ. თუმცა, ასევე გვინდა გავუგზავნოთ მათ სიგნალი: "ეს თქვენი ქვეყანაა და პასუხისმგებლობა თქვენ გენიჭებათ."
თქვენ ამბობთ, რომ ავღანეთის მთავრობა და პრეზიდენტი კარზაი აშშ და ნატოს აკრიტიკებდა. როგორ იღებდით ამ (კარზაის) განცხადებებს და როგორი მოკავშირეა ის?
პრეზიდენტი ობამა: მთლიანობაში, ვფიქრობ, რომ პრეზიდენტ კარზაის ანალოგიური სტრატეგიული ინტერესები აქვს, რაც სუვერენულ და უსაფრთხო ავღანეთის მთავრობის არსებობაში გამოიხატება, რომელსაც საკუთარი ბედის გადაწყვეტა შეუძლია და რომელიც საერთაშორისო თანამეგობრობას და განსაკუთრებით შეერთებულ შტატებს მისი მისწრაფებების დამცველ ძლიერ პარტნიორად ხედავს. ბუნებრივია, რომ რთულ გარემოში, დაძაბულობა იარსებებს, განსაკუთრებით კი მაშინ, როცა ქვეყნის შიგნით დიდი რაოდენობით უცხოური ჯარები არიან. იყო დრო, როცა ტაქტიკა ადგილზე დაძაბულობას ქმნიდა, მაგრამ კარზაის ინტერესი მთლიანობაში მდგომარეობს იმაში, რომ ავღანეთი ტერორისტების თავშესაფრად არ იქცეს და რომ დაცული იქნას ავღანეთის კონსტიტუცია. ჩემი აზრით, მისი ვალდებულებები მთლიანობაში, შეესაბამება ამერიკის ინტერესებს.
ჩვენ ვისაუბრეთ ევროპელ მოკავშირეებზე და ნატოზე. როგორც ალბათ იცით, ევროპაში ომის წარმოებით უკვე დაიღალნენ. იგივეს აქ, ამერიკაშიც ხომ არ გრძნობთ და რას გააკეთებთ ამასთან დაკავშირებით?
პრეზიდენტი ობამა: ეჭვგარეშეა, რომ ავღანეთში, თითქმის 10 წლიანი ომის შემდეგ, გაღებული მსხვერპლი და დახარჯული სახსრები ადამიანებს გამოფიტავს. თუმცა კარგია, რომ ჩვენ ძლიერი პოზიციიდან ვიწყებთ გარდამავალ პერიოდს, მას შემდეგ რაც დამატებითი ჯარების დისლოცირებამ კარგი შედეგი მოგვცა, თალიბებთან ბრძოლასა და ავღანელების წვრთნაშიც წარმატებას მივაღწიეთ. ვფიქრობ, ამერიკელ ხალხს და ჩვენ მოკავშირეებს სურთ, რომ ეს მისია ნამდვილად დავასრულოთ და ავღანელებს ჩავაბაროთ ნამდვილად უსაფრთხო ქვეყანა, რომელსაც ისინი შეინარჩუნებენ. ამის მიღწევა თანამშრომლობით გვინდა, რომ ავღანური კანონები და კონსტიტუცია არ დაირღვეს. ამავე დროს, არ უნდა დავივიწყოთ ის მიზეზი, რატომაც დავიხარჯეთ ასე.
ხომ არ გგონიათ, რომ ავღანელების ერთი ნაწილი ამ გადაწყვეტილებას მიტოვებად აღიქვამს?
პრეზიდენტი ობამა: არ ვფიქრობ ასე. არ დაგავიწყდეთ, რომ წელს 10 000 ჯარისკაცს გავიყვანთ, მომავალ ზაფხულამდე 23 000 ჯარისკაცს და იქ 68 000-იან კონტიგენტს ვინარჩუნებთ, თუმცა ამით ავღანელებს თანდათან მეტ პასუხისმგებლობას ვანიჭებთ.
მოგეხსენებათ, ავღანეთზე ითქმის სიტყვა შერიგება. როგორ გესმით შერიგება და რა როლი აქვს ამ პროცესში ამერიკას? მხარს უჭერთ თუ არა თალიბების თუნდაც ერთ სეგმენტთან მოლაპარაკებებს?
პრეზიდენტი ობამა: ყოველთვის იმას ვამბობდით, რომ რეგიონში ჭეშმარიტი მშვიდობისათვის პოლიტიკური გზით დარეგულირება უნდა მოხდეს. თუმცა ამ პოლიტიკური დარეგულირების პირობები მნიშვნელოვანია. ჩვენ ძალიან ნათლად განვაცხადეთ ჩვენი კრიტერიუმების შესახებ: ჩვენ გავამხნევებთ ავღანელებს და ჩვენ თავადვე დაველაპარაკებით ყველა მხარეს, მაგრამ ამ მხარემ კავშირი უნდა გაწყვიტოს ალ-ყაიდასთან, პირობა დადოს, რომ დაიცავს ავღანეთის კონსტიტუციას და პოლიტიკური ძალაუფლების მოსაპოვებლად უარს იტყვის ძალადობაზე.
ფიქრობთ თუ არა, რომ ავღანეთში ჩვენმა ევროპელმა მოკავშჲრეებმა მეტი უნდა გააკეთონ, განსაკუთრებით თუ გავიხსენებთ, რომ თავდაცვის მდივანი გეითსი ბოლო რამდენიმე კვირაა ძალიან აკრიტიკებს ევროპელებისა და ნატოს მოქმედებებს. შეუძლიათ თუ არა მათ მეტის გაკეთება და უნდა გააკეთონ თუ არა მეტი ავღანეთში?
პრეზიდენტი ობამა: ვფიქრობ, რომ ევროპელების მსხვერპლი მართლაც არაორდინალურია. თუ გაიხსენებთ რა რაოდენობის ჯარისკაცები დაკარგეს ბრიტანელებმა, ფრანგებმა, იტალიელებმა, ჰოლანდიელებმა - საკმაოდ მაღალია ეს ციფრები. თუ ნახავთ, რა მსხვერპლზე მიდიან ცენტრალური და აღმოსავლეთ ევროპის ქვეყნები, რომლებიც თავიანთ სამხედრო ძლიერებაზე ბევრად უფრო მეტს აკეთებენ. ჩვენ მართლაც ძალიან მოხიბლულები ვართ მათი ქმედებებით ავღანეთში. უფრო დიდი კითხვა კი არის იმის გარკვევა, თუ რა როლი ექნება ამერიკის მონაწილეობას ნატოს მისიის გაფართოვების პირობებში იმ დროს, როცა ყველა ჩვენგანს საბიუჯეტო პრობლემები ეღობება წინ. ვფიქრობ, რომ ბატონი გეითსი არა იმდენად ევროპელების მონაწილეობაზე საუბრობდა ავღანეთში, რომელიც ძლიერი და გამჭოლი იყო, არამედ მომავალ ოპერაციებზე და მომავალ შესაძლებლობებზე და იმაზე - აცნობიერებს თუ არა ევროპა, რომ ჩვენი სრული პარტნიორია ნატოს ოპერაციებში.
თქვენ სამხედრო ბიუჯეტები ახსენეთ და დარწმუნებული ვარ, რომ ამ საკითხზე დაფიქრება (ომის დაფინანსება) არის ჯარების გამოყვანის ერთერთი მიზეზიც. უფრო ზოგადად, რამდენად განსაზღვრავს საბიუჯეტო კრიზისი თქვენს საგარეო პოლიტიკას, როცა ლაპარაკია, თუ რისი გაკეთება შეუძლია ამერიკას და რისი არა?
პრეზიდენტი ობამა: სიმართლე იმაში მდგომარეობს, რომ ჯარების გამოყვანის გადაწყვეტილება არ ეფუძნებოდა საბიუჯეტო გათვლებს, არამედ იმ სტრატეგიას, რომელიც 18 თვის წინ ჩამოვაყალიბე. ჩემი სურვილი იყო ამ სტრატეგიის განხორციელება ისე, როგორც ეს ხალხს დავპირდი, რომ დამატებითი ჯარების გამოყვანა 18-24 თვეში დასრულდებოდა. ეს იყო სტრატეგიული აღიარება იმისა, რომ ერთადერთი გზა გრძელვადიან პერსპექტივაში უსაფრთხო ავღანეთისთვის არის იმის უზრუნველყოფა, რომ ავღანელებს ჰქონდეთ უნარი და არა ჩვენ ვპატრულირებდეთ მათ სოფლებში და ჩვენი პოლიცია იდგეს მათ ქუჩებში. საბოლოო ჯამში, ეს ავღანელებმა უნდა გააკეთონ. ეჭვგარეშეა ისიც, რომ ამერიკამ უზარმაზარი ფინანსური ხარკი გადაიხადა არა მხოლოდ ავღანეთში, არამედ ერაყშიც. ამერიკელ ხალხთან საუბრისას ერთერთი ჩემი არგუმენტი იყო ის, რომ ჩვენი ძლიერება, ჩვენი ძალაუფლება პირველ რიგში ჩვენს ეკონომიკურ კეთილდღეობასა და სიძლიერეს ემყარებოდა. უფრო სამართლიანად უნდა განვკარგოთ ჩვენი ძალაუფლება. ეს კარგი სტრატეგიაა, ეს კარგია ჩვენი ეროვნული უსაფრთხოებისთვის და ასევე კარგია ჩვენი ბიუჯეტისთვის.