აშშ-ს პრეზიდენტის ბარაკ ობამას მიერ გაკეთებულ ოფიციალურ განცხცადებაზე, რომლის მიხედვითაც წლის ბოლომდე ამერიკა 10 000 სამხედრო მოსამსახურეს გაიყვანს ავღანეთიდან ხოლო მომავალ წელს კი 23 000 სამხედრო მოსამსახურეს დატოვებს ავღანეთს, ქართველი ექსპერტი ედიშერ გვენეტაძე აკეთებს კომენტარს:
-„ ეს რა თქმა უნდა მისასალმებელი ფაქტია, იქიდან გამომდინარე, რომ როგორც სჩანს საერთაშორისო სამშვიდობო კოალიციამ ძირითადად მიაღწია თავის მიზანს და ამის გამო შედარებით დარეგულირებული არის სიტუაცია ავღანეთში. აქედან გამომდინარე რა თქმა უნდა ეს წინ გადადგმული ნაბიჯია და ამავე დროს ალბათ აქ გასათვალისწინებელია ის მომენტიც, რომ ეს ოპერაცია ამერიკის შეერთებულ შტატებს ძალზე ძვირი უჯდებოდა. როგორც საინფორმაციო საშუალებებიდან ცნობილი გახდა კვირაში დაახლოებით მილიარდ დოლარამდე ჯდება ეს ოპერაცია. ამდენად დღევანდელი ეკონომიკური კრიზისის პირობებში ესეც ალბათ ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი ფაქტორია, თუმცა რა თქმა უნდა მთავარი ის არის, რომ ძირითადად კოალიციამ შესძლო მის წინაშე დასახული ამოცანის შესრულება. ვფიქრობ ეს ასეა. პრეზიდენტ ობამას განცხადებით ქვეყნის უსაფრთხოებაზე პასუხისმგებლობა მთლიანად ავღანეთის უსაფრთხოების ძალებს უნდა გადაეცეთ და მან ასევე ხაზი გაუსვა სწორედ იმ გარემოებას, რომ ავღანეთში ამ დროისათვის ზოგიერთ პროვინციაზე კონტროლს უკვე ახორციელებენ ავღანეთის უსაფრთხოების ძალები. ეს არის უკვე იმ დიდი სამუშაოს შედეგი, რომელიც საერთაშორისო კოალიციამ ჩაატარა ავღანეთში და აქედან გამომდინარე ალბათ შესაბამისმა სტრუქტურებმა და შესაბამისმა ორგანიზაციებმა მშვენივრად იციან რომ უკვე დადგა დრო, რომ ძირითადად ავღანეთში ხელისუფლებას მოეთხოვოს პასუხი ქვეყანაში უსაფრთხოებაზე და იმ ტერორისტების წინააღმდეგ ბრძოლაზე, რომელიც სამწუხაროდ აი უკვე თითქმის 30 წლის განმავლობაში მიმდინარეობს ავღანეთში. ამდენად ეს ალბათ ამერიკის შეერთებული შტატების შესაბამის სამსახურებს გაანგარიშებული და გათვლილი აქვთ. ყველაფერიხორციელდება წინასწარ დასახული გეგმის შესაბამისად. „
ბატონმა ედიშერმა ავღანეთში ქართველი სამხედრო მოსამსახურეების მონაწილებაზე, წვლილსა და მნიშვნელობაზეც ისაუბრა.
-„ ცოტა ისტორიაში გადავიდეთ და ვიტყვი იმას, რომ დღეს არ იბრძვიან მხოლოდ და მხოლოდ ქართველები ავღანეთში. ქართველები ავღანეთში იბრძოდნენ შუა საუკუნეებშიც და რაღაცნაირად ალბათ იმისი გაგრძელებაა დღევანდელ დღეს თუმც დღეს სულ სხვანაირი სიტუაციაა თანამედროვე მსოფლიოში შექმნილი. ჩემის აზრით აუცილებელია ქართველების ავღანეთში მონაწილეობა, მაგრამ დავსძენდი კიდევ, რომ ეს უნდა იყოს შედარებით შეზღუდული კონტიგენტი ჩემის აზრით, ვინაიდან ჩვენ პატარა ქვეყანა ვართ და ჩვენი ტერიტორიისა და მოსახლეობის რაოდენობიდან გამომდინარე იქ უნდა იყოს შედარებით მცირე კონტიგენტი, რომელიც მსოფლიოს თანამეგობრობის გვერდი-გვერდ დაარეგულირებს სიტუაციას ავღანეთში. ამავე დროს ისიც აღსანიშნავია, რომ ამ ავღანეთის ოპერაციაში ქართველი ჯარისკაცები იღებენ საბრძოლო ნათლობას, საბრძოლო წრთობას, რომელიც ალბათ მომავალში გამოადგება საქართველოს და ვიმედოვნებ, რომ ეს არ იქნება ხშირად გამოსაყენებელი. ალბათ იქნება მხოლოდ და მხოლოდ იმისათვის, რომ მომავალში საქართველოში, ჩვენს ქვეყანაში სიტუაცია დარეგულირებული იყოს და აქედან გამომდინარე მე ვფიქრობ, რომ ძალზე დიდად ჩვენი კონტიგენტის გაზრდა ჩემი სუბიექტური აზრია არ შეიძლება, ვინაიდან ერთი ჯარისკაცის დაღუპვაც კი ჩვენი მოსახლეობისათვის და ჩვენი ქვეყნისათვის ტრაგედიაა. ასე რომ აუცილებლად უნდა მონაწილეობდეს ჩვენი სამშვიდობო კონტიგენტი ამ სამშვიდობო ოპერაციაში, მაგრამ ეს უნდა იყოს შეზღუდული რაოდენობით.“