ოსამა ბინ ლადენის ლიკვიდაციის შემდეგ, მრავალ კითხვასთან ერთად დღის წესრიგში შეერთებული შტატების და პაკისტანის ურთიერთობა დადგა. კერძოდ, დამკვირვებლები და ჟურნალისტები ცდილობენ გაარკვიონ რამდენად შეძლებენ ისლამაბადის და ვაშინგტონის მესვეურები სტრატეგიული ურთიერთობების შენარჩუნებას. ამ საკითხზე საკმაოდ საინტერესო სტატია გამოაქვეყნა „ლოს-ანჟელეს ტაიმსმა,“ სათაურით „შეერთებული შტატები და პაკისტანი: უბედური ალიანსი“.
„პაკისტანი უბრალო ქვეყანა არ არის. ჰიმალაის მაღალი გაუვალი მთებიდან დაწყებული და დაბლობებით დასრულებული, სადაც მიწისძვრები, ქარიშხლები და წყალდიდობები ხშირად ხდება. და აქ მხოლოდ გეოლოგიურ ფაქტორებზე არ არის საუბარი: ჩრდილო დასავლეთში საზღვრისპირა ტერიტორიაზე უკანონობა მეფობს, სადავო ქაშმირის მიწაზე კი უკვე 60 წელზე მეტია შეტაკებები ხდება. პაკისტანისთვის დამახასიათებელია ეკონომიკაში ქრონიკული ჩამორჩენილობა, დაუძლეველი კორუფცია, ტრაიბალიზმი და პოლიტიკური ინტრიგები. ინდოეთიდან ჩამოშორების, ანუ 1947 წლის შემდეგ, ხელისუფლებას მუდმივად ემუქრებიან ფუნდამენტალისტური ორგანიზაციები და ამ ქვეყანას 100-მდე ბირთვული ქობინი გააჩნია. მისთვის სტაბილურობა იმდენადვე აუცილებელია, რამდენადაც ძნელად მისაღწევი,“- აი ასეთი აღწერით იწყება ეს სტატია.
აქ ნათქვამია, რომ სწორედ ასეთ ქვეყანასთან უხდება შეერთებულ შტატებს ურთიერთობა და ეს იძულებითი ნაბიჯია, რაც მეტწილად განპირობებულია 2001 წლის 11 სექტემბრის შემდეგ ავღანეთში დაწყებული ანტიტერორისტული ოპერაციით. იმ დროს, როცა თალიბანის და ალ-ყაიდას მებრძოლები უკონტროლო საზღვრებზე შეღწევას ცდილობდნენ, ვაშინგტონი პაკისტანთან სტრატეგიულ ურთიერთობას ესწრაფვოდა. სტატიაში ნათქვამია, რომ ბინ ლადენის პაკისტანში ლიკვდიაციამ წარმოშვა კითხვა და სამართლიანი ეჭვები, რომ პაკისტანის სამხედრო და სადაზვერვო ისტებლიშმენტმა იცოდნენ ნომერ პირველი ტერორისტის ადგისამყოფელის შესახებ.
„ამდენად, პაკისტანს, შეუძლია ხელი შეუწყოს რეგიონში სტაბილუობას ან პირიქით მოახდინოს იქ ვითარების დესტბალიზიაცია. ამერიკის ხელისუფლება არ არის ვალდებული უყვარდეს პაკისტანელი ლიდერები და არც ვალდებულია, რომ მათ ბოლომდე ენდოს,“ - ნათქვამია სტატიის ბოლოს.
პრესის მიმოხილვას ვაგრძელებთ რუსეთის თემატიკით. ამჯერად ჟურნალ „ფორინ პოლისიში“ გამოქვეყნდა სტატია სატაურით, „ჰეი პუტინ, მზად იყავით სასამართლოსთვის“. სტატია კი მსოფლიო ვაჭრობის ორგანიზაციაში რუსეთის გაწევრიანების სურვილს ეხება. საქმე იმაშია, რომ მსოფლიო ვაჭრობის ორგანიზაციის ყოფილმა უმაღლესმა მოსამართლემ ჯეიმს ბეკასმა გამაფრთხილებელი განცხადება გააკეთა. მისი თქმით რუსეთს სურს ორგანიზაციაში გაწევრიანება, თუმცა მისი წესების დაცვის გარეშე.
„პუტინმა ორგანიზაციაში გაწევრიანების ხანგრძლივი პროცესი რუსული ეკონომიკური ინტერესბის ალყაში მოქცევად შეაფასა. ცალსახაა, რომ რუსეთს სურს მისი სიკეთეებით სარგებლობა, ისე რომ არ იტვირთოს ამ ორგანიზაციის სიმძიმე. რუსეთი ეძებს სატარიფო შეღავათებს და დაცვის გარანტიებს სავაჭრო დისკრიმინაციისგან, მაგრამ არ სურს ორგანიზაციაში საკუთარი ვალდებულებების შესრულება, რაც სამწუხარო განუკითხაობას იწვევს,“ - განაცხადა ბეკასმა.
სტატიაში გამოთქმულია მოსაზრება, რომ შესაძლოა საქმე სასამართლომდეც მივიდეს, რადგანაც რუსეთის გაწევრიანება მსოფლიო სავაჭრო ორგანიზაციაში, ეს იქნება დიდი გამოცდა ორგანიზაცის სასამართლოსთვის. საქმე იმაშია, რომ მას შემდეგ, რაც რუსეთი ორგანიზაციაში გაწევრიანდება, ამერიკას, ევროკაშირს და სხვა ქვეყნებს ვისაც რუსეთის ბაზარი აინერესებთ, ხშირად მოუწევთ სასამართლოს შეწუხება იმის გამო, რომ რუსეთი უბრალოდ წესების დარღვევით იმოქმედებს.