ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ბესლანის ტერაქტი


2004 წლის 1სექტემბერს ჩეჩენმა ტერორისტებმა ბესლანის სკოლაში 1227 ადამიანი აიყვანეს მძევლად.

2004 წლის პირველ სექტემბერს ჩეჩენმა ტერორისტებმა ბესლანის სკოლის მოწაფეები, მათი მშობლები და მასწავლებლები აიყვანეს მძევლად. სულ 1227 ადამიანი. იმ დღეებში მძევლად აყვანილთა რაოდენობას საგულდაგულოდ მალავდა რუსეთის ხელისუფლება, რომელიც დაახლოებით 350-მდე მძევალზე ლაპარაკობდა. დაახლოებით 20-მდე კაცი, რომელთა შორის მილიციელები და დაცვის თანამშრომლებიც იყვნენ ტერორისტებმა რამდენიმე საათში დახვრიტეს. ტერორისტებმა რუსეთის ხელისუფლებას შამილ ბასაევის წერილი გადასცეს, სადაც ეს უკანასკნელი მძევლების განთავისუფლების სანაცვლოდ ჩეჩნეთიდან რუსეთის ჯარის გაყვანას მოითხოვდა.

მდგომარეობას ისიც ამძიმებდა რომ მძევალთა უმრავლესობა მცირეწლოვანი ბავშვები იყვნენ. ტერორისტებს ისინი არა ადამიანურ პირობებში, სკოლის სპორტულ დარბაზში ჰყავდათ დამწყვდეული გაუსაძლის სიცხეში. მათ აკრძალული ჰქონდათ არათუ საკვების მიღება არამედ წყლის დალევაც კი. ტერორისტებთან მოლაპარაკებაზე რუსეთის ხელისუფლებამ ოსების დაუძინებელი მტრების ინგუშების ყოფილი პრეზიდენტი რუსლან აუშევი გააგზავნა. აუშევმა ტერორისტების მეთაურთან პოლკოვნიკ ხუჩბაროვთან მოლაპარაკების შემდეგ მეძუძური დედების და ჩვილი ბავშვების განთავისუფლება შესძლო. მძევალთა განთავისუფლების მიზნით მოლაპარაკებაში ჩართვის სურვილი ამბოხებული ჩეჩნეთის პრეზიდენტმა ასლან მასხადოვმაც გამოთქვა. თუმცა თავიდანვე ნათელი იყო, რომ რუსეთის პრეზიდენტის, ვლადიმერ პუტინისთვის ტერორისტების მოთხოვნების შესრულება ფაქტიურად პოლიტიკური კარიერის დასასრულს ნიშნავდა. ერთი მხრივ სასწორზე იდო ოსი ბავშვების სიცოცხლე, მეორეს მხრივ კი კრემლის სახელმწიფო მანქანის პრესტიჟი. ნორდ-ოსტის ტერაქტის შემდეგ, როდესაც შამილ ბასაევის ტერორისტების მიერ მძევლად აყვანილი ადამიანები რუსეთის პრეზიდენტის ბრძანებით დღემდე უცნობი მომწამვლელი გაზის საშუალებით გაანთავისუფლეს და ამ სპეცოპერაციას 200-მდე მძევლის სიცოცხლე შეეწირა, ძნელი გამოსაცნობი არ იყო თუ რა გადაწყვეტილებას მიიღებდა ვლადიმერ პუტინი.

აღსანიშნავია რომ სპეცოპერაციის დაწყებამდე ერთი დღით ადრე ტერორისტების რაზმში მყოფი ორი შაოსანი ქალიდან ერთ-ერთმა თავი აიფეთქა, თუ შემთხვევით აუფეთქდა წელზე შემორტყმული შახიდის ქამარი. ყოველ შემთხევევაში ამას არ მოჰყოლია ტერორისტების მიერ სპორტულ დარბაზში დამონტაჟებული ასაფეთქებელი სისტემების მწყობრიდან გამოსვლა და სპონტანური აფეთქება. დღემდე დანამდვილებით არავინ იცის თუ რა მოხდა სამი სექტემბრის დილას, როდესაც მძევალთა განთავისუფლების ოპერაცია დაიწყო. თუმცა უეჭველი ფაქტია და დოკუმენტურადაც არის დადასტურებული, რომ რუსეთის სპეცნაზი ოპერაციის მიმდინარეობის დროს ცეცხლსატყროცნებს იყენებდა. ფაქტიურად რუსეთის სპეცსამსახურებს, კლასიკური გაგებით, მძევალთა განთავისუფლების სპეცოპერაცია არც კი ჩაუტარებიათ, ისინი უპირველეს ყოვლისა ტერორისტების განადგურებას ისახავდნენ მიზნად. სკოლის შენობაში გამაგრებულ ტერორისტებთან ბრძოლაში სპეცდანიშნულების სხვადასხვა რაზმების გარდა საბრძოლო შვეულმფრენები და ტანკებიც იღებდნენ მონაწილეობას. გარდა ამისა სკოლის გარშემო ტერიტორიაზე იმყოფებოდნენ გაურკევეველი დანიშნულების მქონე ქაოსურად მოქმედი ოსური შეიარაღებული დაჯგუფებები, მათ შორის ედუარდ კოკოითის მიერ ცხინვალიდან ჩამოყვანილი რაზმი. მიუხედავად იმისა რომ ოპერაციაში რუსეთის ელიტარული სპეცრაზმები მონაწილეობდნენ ბრძოლა 10 საათის განმავლობაში გაგრძელდა და ამ ჯოჯოხეთის შუაგულში უდანაშაულო ბავშვები იყვნენ მოქცეულნი.

ოფიციალური მონაცემებით სპეცოპერაციას 333 ადამიანის სიცოცხლე შეეწირა, რომელთა უმრავლესობა ბავშვები იყვნენ. ტერორისტებთან ბრძოლაში დაიღუპა 18 რუსი სპეცრაზმელი. აღსანიშნავია რომ ბესლანის ტრაგედიიდან 6 წლის გასვლის შემდეგ ტერაქტის გამოძიება ოფიციალურად დღემდე არ არის დამთავრებული. თავისი სისასტიკით, ტერორისტების და რუსეთის ხელისუფლების მიერ გამომჟღავნებული არაადამიანური სიმხეცით ბესლანის ტერაქტი გასცდა რუსეთის საზღვრებს და მსოფლიო მასშტაბის ტრაგედიად გადაიქცა.

მაშინ როდესაც რუსეთის ხელისუფლებამ ჩეჩნეთში მიმდინარე ორი ომის განმავლობაში 200 000 ადამიანი, მათ შორის 40 000 ჩეჩენი ბავშვი ამოწყვიტა საერთაშორისო საზოგადოება მას მხოლოდ ძალის არა ადეკვატურად გამოყენებაში ადანაშაულებდა. ძალის არაადეკვატურად გამოყენება რუსეთის ხელისუფლებამ 2008 წლის აგვისტოში, ბესლანის ტერაქტის ოთხი წლისთავზე, რუსეთის ფარგლებს გარეთ, ამჯერად საქართველოში გააგრძელა. თუმცა ეს ცალკე საუბრის თემაა. რაც შეეხება ბესლანში დაღვრილი უმანკო ბავშვების სისხლს, ნორდ-ოსტის უდანაშაულო მსხვერპლთა მსგავსად მალე ისინიც დავიწყებას მიეცემიან. სამწუხაროდ ასეთია თანამედროვე მსოფლიოს ცხოვრების წესი.

XS
SM
MD
LG