როგორი იქნება საერთაშორისო პოლიტიკური სისტემა უახლოეს მომავალში, ამას თავად სისტემის მონაწილეები და მთავარი მოთამაშეები განსაზღვრავენ. ერთ-ერთი ასეთი ძირითადი მოთამაშე კი ჩრდილო-ატლანტიკური ალიანსია. 2009 წელს ნატოს ხელმძღვანელობამ საერთაშორისო საექსპერტო ჯგუფი შექმნა და უახლესი ათწლეულის მანძილზე ალიანსის სტრატეგიის მომზადება დაავალა. დოკუმენტი უკვე მზად არის, სახელწოდებით: „ნატო 2020: გარანტირებული უსაფრთხოება; დინამიური მოქმედება“. გუშინ ვაშინგტონში, “სტრატეგიის და საერთაშორისო კვლევების ცენტრში” ეს დოკუმენტი თავად საექსპერტო ჯგუფის ხელმძღვანელმა, შეერთებული შტატების ყოფილმა სახელმწიფო მდივანმა ქალბატონმა მადლენ ოლბრაიტმა წარმოადგინა. თანამომხსენებელი გენერალი ბრენტ სკოუკროფტი იყო. დისკუსიას, რომელიც საკმაოდ ხალხმრავალი და წარმომადგენლობითი გახლდათ, ამერიკელი ჟურნალისტი და „ვაშინგტონ პოსტის“ რედკოლეგიის წევრი ჯიმ ჰოგლანდი უძღვებოდა.
დოკუმენტი შეკრებილ საზოგადოებას თავად მადლენ ოლბრაიტმა გააცნო.
მან მოკლედ მიმოიხილა ის ძირითადი პუნქტები, რომელიც სტრატეგიის ფუნდამენტს წარმოადგენენ. მისი თქმით, ეს არის დოკუმენტი, რომელიც ნატოს გენერალურ მდივანს ანალიზს და შესაბამის რეკომენდაციებს სთავაზობს. მადლენ ოლბრაიტის თქმით, საბოლოო ჯამში ეს ყველაფერი ორ უმთავრეს რეკომენდაციას ეფუძნება: პირველი, ეს არის ნატოს წევრი ქვეყნების უსაფრთხოება, რაც მიღწეულ უნდა იქნას მეორე პრინციპით - მჭიდრო და დინამიური თანამშრომლობა ალიანსის გარეთ მყოფ ქვეყნებთან, რომლებიც ნატოს პარტნიორებად განიხილება. შესაბამისად, საექსპერტო ჯგუფი რეკომენდაციას აძლევს ნატოს ხელმძღვანელობას, რომ უნდა შენარჩუნდეს ალიანსის ძირეული პრინციპი - იგივე „მეხუთე პუნქტი“ - რომელიც ალიანსის წევრ ქვეყანაზე თავდასხმას ალიანსზე თავდასხმად განიხილავს.
ამასთანავე დოკუმენტი ნატოს მნიშვნელოვან პარტნიორად აცხადებს რუსეთს, რომელთანაც თანაშრომლობის აუცილებლობას მოხსენებაში ცალკე პუნქტი ეთმობა.
ექსპერტები რეკომენდაციას აძლევენ ნატოს ხელმძღვანელობას, რათა გაფართოვდეს ნატო-რუსეთის საბჭოს უფლებამოსილება, რაც უნდა გახდეს ფუნდამენტი ალიანსსა და რუსეთს შორის მჭიდრო, სტრატეგიული პარტნიორობის გასაღრმავებლად.
ამასთანავე ალიანსი აგრძელებს ღია კარის პოლიტიკას და ბალკანეთის ქვეყნებს, უკარანას და საქართველოს თავის პარტნიორებად განიხილავს. საექსპერტო დოკუმენტში აღნიშნულია, რომ ორივე ქვეყანაში წარმატებით მუშაობს საკომუნიკაციო არხები და ორივე ქვეყანას შეაქვს საკუთარი წვლილი ნატოს მისიების უზრუნველყოფაში. თუმცა იქვე აღნიშნულია, დაბრკოლებები: კერძოდ, ეს არის დროში გაწელილი რეგიონალური პრობლემები ეთნიკურ ნიადაგზე და ენერგოუსაფრთხოების საკითხები. ნატოს პარტნორული სტრუქტურის ჩავარდნად ფასდება 2008 წლის კონფლიქტი საქართველოს და რუსეთს შორის, როდესაც „ალიანსის ორი პარტნიორი ერთმანეთს მტრულად დაუპირისპირდა იმ საკითხების გამო, რაც დღემდე არ არის მოგვარებული.“
თუმცა, ნატოს ექსპერტები არ იძლევიან საკუთარ რეკომენდაციებს ან ხედვას, თუ როგორ უნდა განვითარდეს ურთიერთობები რუსეთს და საქართველოს შორის, როდესაც ორივე ქვეყანას ალიანსი საკუთარ პარტნიორად აცხადებს. ამასთანავე, დოკუმენტში არაფერია ნათქვამი, თუ რა ინსტიტუციონალურ მექანიზმები შეიძლება იყოს გამოყენებული საქართველოს ალიანში წევრობის დასაჩქარებლად.
„ამერიკის ხმის“ ქართულმა რედაქციამ ქალბატონ ოლბრაიტს და ბატონ სკოუკროფტს სწორედ ამ ორი შეკითხვით მიმართა.
„პირველ რიგში ჩვენ ნათლად განვაცხადეთ, რომ წევრობისათვის ჩვენ უნდა ვიხელმძღვანელოთ ჩრდილო ატლანტიკური ხელშეკრულების მეათე პუნქტით. ამასთანავე, საქართველო-ნატოს კომისიამ უნდა გააგრძელოს მუშაობა. ღია კარის პოლიტიკა გრძელდება. რაც შეეხება ვითარების გამოსწორებას (რუსეთსა და საქართველოს შორის. ლ.ღ) ჩვენ გვსურს რომ ეს დიპლომატიური და მშვიდობიანი მეთოდებით მოხდეს,“ განაცხადა ქალბატონმა ოლბრაიტმა.
მანვე დასძინა, რომ ნატო ეს არის სამხედრო ალიანსი, და ვისაც მასთან შეერთება სურს თავის წვლილი უნდა შეიტანოს ნატოს მისიების განხორციელებაში.
ამის შემდეგ, კიდევ ბევრი კითხვა დაისვა, თუმცა ჩვენ მხოლოდ ბოლო კითხვაზე შევჩერდებით. მისი ავტორი საქართველოს უსაფრთხოების ანალიზის ცენტრის ხელმძღვანელი და პოტომაკის ინსტიტუტის ანალიტიკოსი ბატონი დევდი სმიტი იყო. მან გაიმეორა ჩვენს მიერ დასმული შეკითხვა და კიდევ უფრო დააკონკრეტა, კერძოდ, თუ როგრო აპირებს ალიანსი რუსეთთან ურთიერთობას, როდესაც რუსეთი იგნორირებას უწევს ეუთოს მისიას და ასევე ევროპაში ჩვეულებრივი შეიარაღების ხელშეკრულებას. ამ შეკითხვას საკმაოდ საინტერესო და შეიძლება ითქვას მოულოდნელი პასუხი გაეცა.
„ეს ძალიან რთული შეკითხვაა. რუსეთი ხშირად მოლაპარაკებებში უხერხული პარტნიორია. რა უნდა ვქნათ ამ შემთხვევაში. მე ვიტყოდი, ალბათ უნდა გამოვიჩინოთ მოთმინება. გარკვეული თვალსაზრისით, ჩვენ მათ უნდა გავუგოთ. ეს არ იქნება ადვილი, მაგრამ გარკვეულწილად საქართველოს საკითხს რუსეთის სათვალეების მიღმა უნდა შევხედოთ.ისინი საქართველოს მიმართ ისევე მოიქცნენ, როგორც ჩვენ კოსოვოს საკითხში,“ განაცხადა გენერალმა სკოუკროფტმა. მისი თქმით ძალიან მნიშვნელოვანია რომ გრძელვადიანი პერსპექტივით მოხდეს მოვლენების შეფასება. ამ ჭრილში, კი მისი აზრით მთავარია, რომ 20-30 წლის შემდეგ, რუსეთი საერთაშორისო თანამეგობრობის პროდუქტიული წევრი იყოს.
ქალბატონი ოლბრაიტის აზრით, ძალიან მნიშვნელოვანია, რომ საქართველომ ყურადღება გაამახვილოს საშინაო საკითხებზე, ისეთი როგორიცაა არჩევნები, დემოკრატიული ღირებულებების დაცვა, რაშიც საქართველო-ნატოს საბჭომ თავის წვლილი უნდა შეიტანოს.
შეხვედრის ბოლოს, ჩვენ ანალიტიკოს ბატონ დევიდ სმიტს გავესაუბრეთ და მოხსენების შესახებ აზრი ვკითხეთ. მისი თქმით, ამ დოკუმენტში არის დადებითი მომენტები, კარგია რომ დაწყებულია დებატები და მსჯელობა.
რაც შეება რუსეთს:
„აცხადებენ, რომ ნატოს და ნატოს წევრ ქვეყნებს სჭირდებათ რუსეთის ჩართვა პროცესებში. ჩემი კითხვაა, როგორ უნდა მოხდეს რუსეთთან ერთად ეს პროცესი. რომლის ტანკებიც დღემდე იმყოფებიან საქართველოში. რუსეთთან, რომელმაც არაფრად ჩააგდო ევროკავშირის პრეზიდენტი ქვეყნის მეთაურის სარკოზის შუამავლობით განხორციელებული შეთანხმება, და თქვენ იცით, რომ ევროკავშირი ნატოს ძირითად პარტნიორად არის აღიარებული. რუსეთი, რომელმაც ფაქტობრივად მოკლა ჩვეულებრივი შეიარაღების შეთანხმება, ფაქტობრივად მოკლა ეუთოს ფუნქციები. როგორ შეიძლება ასეთ ქვეყანასთან პარტნიორი თანამშრომლობა?“
კითხულობს დევიდ სმიტი.