ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

გურიიდან ველურ დასავლეთამდე


გურიიდან ველურ დასავლეთამდე

რუბრიკა "ქართველები ამერიკაში" ქართული ფესვების მქონე ამერიკელს - რიჩარდ ჯორჯიანს წარმოგიდგენთ

ჩვენი რუბრიკის დღევანდელი სტუმარი რიჩარდ ალექსის ჯორჯიანი განსაკუთრებული იმით არის, რომ ამერიკაში დაიბადა, წინაპრები შეერთებულ შტატებში მეცხრამეტე საუკუნიდან ცხოვრობენ, მაგრამ მისი ბაბუის ნამდვილი გვარი ალექსი ესტატეს ძე გოგოხია გახლავთ.

გვარი - ჯორჯიანი რიჩარდ ჯორჯიანის მამამ თავისი ეროვნების გამო ახალგაზრდობაშივე აიღო. ქართული წარმომავლობის შესახებ რიჩარდმა პატარაობაშივე შეიტყო:

„როცა თხუტმეტი წლის ვიყავი, ჩემმა ძმამ ოჯახის ალბომში უცნაური ფოტო აღმოაჩინა. ცხენზე ამხედრებულ უცნობ მამაკაცს ტანზე ჩოხა ეცვა, იქვე ჩანდა წარწერაც „ბუფალოს მოჯირითეების შოუ“. როცა მამას ვკითხეთ, გვითხრა, რომ ეს კაცი ჩვენი ბაბუა ალექსი ესტატეს ძე გოგოხია იყო.“

ალექსი გოგოხია მეცხრამეტე საუკუნეში ამერიკის შეერთებულ შტატებში სხვა დანარჩენ ქართველებთან ერთად ჩამოვიდა. აქედან ჩაეყარა საფუძველი "ბუფალო ბილის შოუს“ სახელით ცნობილ ქართველი მხედრების შოუს, რომელმაც ამერიკაში მალე დიდი პოპულარობა მოიპოვა:

„ჩემი კლევების დროს აღმოვაჩინე, რომ მიუხედავად იმისა, რომ ამერიკაში ამ მხედრებს რუსი კაზაკების სახელით იცნობდნენ, ყველა მათგანი წარმოშობით საქართველოდან ,კერძოდ კი გურიიდან იყო.“

აღსანიშნავია ისიც, რომ სახელგანთქმული ქართველი მხედრების მიერ დამკვიდრებულ ილეთებს ამერიკელი კოვბოები დღესაც იყენებენ . ამიტომაც მხედრების რთული ილეთების სახელწოდებები ამერიკაში ძირითადად სიტყვა „კაზაკით“ იწყება.

რიჩარდ ალექსის ჯორჯიანის 400 -გვერდიანი წიგნი, სახელწოდებით „კაზაკები, ინდიელები და ბუფალო ბილი“ ამერიკის შეერთებულ შტატებში ქართველი მხედრების ხანგრძლივ მოღვაწეობას დოკუმენტურად აღწერს. წიგნში ასევე წარმოდგენილია თავად რიჩარდ ჯორჯიანის მიერ შედგენილი ქართველი მხედრების ძველი ფოტო კოლექციაც.

რიჩარდ ალექსის ჯორჯიანი საქართველოში პირველად 2000 წელს ჩავიდა. მან მოინახულა უახლოესი ნათესავების ოჯახი ოზურგეთში და წინაპრების ტრადიციებსა და კულტურას უფრო ახლოს გაეცნო.

შეკითხვაზე , თუ რა საერთო თვისებები აღმოაჩინა საკუთარ თავსა და ქართველებს შორის, ბატონმა რიჩარდმა გვიპასუხა:

„როცა თბილისის ქუჩებში დავდიოდი, ყველა ჩემიანი მეგონა. ყველა ქართველ მამაკაცს მამაჩემს ან ბაბუაჩემს ვამსგავსებდი. სისხლის ყივილიც ხომ, ალბათ სწორედ ამას ჰქვია! “

რიჩარდ ალექსის ჯორჯიანი წელს შემოდგომაზე საქართველოში ვიზიტით ჩადის. მისი სურვილია საკუთარი წიგნი ქართულ ენაზე გამოსცეს და ქართველებს ამერიკაში მოღვაწე წარმატებული წინაპრები გააცნოს.

XS
SM
MD
LG