ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

კუბის ყოფილი ლიდერი კვლავ აშშ-ს აკრიტიკებს


ოთხწლიანი პაუზის შემდეგ ფიდელ კასტრო კუბის კანონმდებლებს ხვდება.

დღეს მსოფლიოში კუბის ისტორიაში პრეზიდენტი ფიდელ კასტროს როლის შესახებ ბევრს საუბრობენ.

ახლახანს ყოფილმა პრეზიდენტმა, ხანდაზმულმა ფიდელ კასტრომ კანონმდებლებთან შეხვედრისას ნაცვლად იმისა,რომ ქვეყნისთვის მნიშვნელოვან საკითხებზე ესაუბრა, ამერიკის შეერთებული შტატების მისამართით რამდენიმე მკაცრი განცხადება გააკეთა. ამ განცხადებების ძირითადი თემა აშშ-ს მიერ ირანზე ზეწოლა გახლდათ.

„შეერთებული შტატების პოლიტიკას მილიონობით ადამიანის სიცოცხლე შეეწირება.მათ შორის იქნებიან თავად ის ამერიკელებიც, ვინც დღეს ირანის მახლობელ წყლებში მცურავ ამერიკის საზღვაო ფლოტის გემებზე მსახურობს.“ -განაცხადა კასტრომ.

ფიდელ კასტრო საჯაროდ ხალხის წინაშე 2006 წლის მერე არ გამოსულა. ისიც მაშინ,როცა ქვეყნის საჭე საკუთარ ძმას რაულ კასტროს გადააბარა. კასტროს მიერ ირანის მხარდამჭერი განცხადებები აშკარას ხდის,რომ კუბა ირანთან ახლო ურთეირთობაშია და მისი სახით შეერთებული შტატების მიმართ ანტაგონიზმში თანამოზიარე იპოვა. მაიამის უნივერსიტეტის ექსპერტის ენდი გომესის განცხადებით:

„კუბამ ირანის მთავრობასთან რამდენიმე ხელშეკრულება უკვე გააფორმა. არ არის გამორიცხული, ეს ორი პატარა ქვეყანა ერთი ძლიერი სახელმწიფოს წინააღმდეგ გაერთიანდეს, თუმცა ზუსტად ვერვინ იტყვის კასტროს მომავალში რა მოესურვება“

კუბელები მოელოდნენ,რომ კუბის ყოფილი პრეზიდენტი საკუთარ გამოსვლაში ეკონომიკურად დასუსტებული ქვეყნის ერთ რომელიმე მნიშვნელოვანს საკითხს მაინც შეეხებოდა, თუმცა, როგორც ლექსინგტონის ინსტიტუტის ვიცე პრეზიდენტი ფილიპ პიტერსი აცხადებს:

„იქიდან გამომდინარე,რომ კუბის ყოფილი პრეზიდენტი ძალზე ხანდაზმულია და ქვეყნის საჭირბოროტო საკითხებს დეტალურად თვალყურს ვერარ ადევნებს, შიდა პოლიტიკაზე საუბარს იგი ამ მიზეზითაც ერიდება. განსაკუთრებით ფაქიზი თემა კი ამჟამად, კუბაში პოლიტიკური პატიმრების ციხიდან გათავისუფლებაა. თუმცა კასტრომ ამ თემასაც გვერდი აუარა და შეერთებული შტატების პოლიტიკის გაკიცხვა არჩია.“

ივლისში კუბის მთავრობამ ციხიდან 21 დისიდენტი გაათავისუფლა. თუმცა მიუხედავად იმისა, რომ პრეზიდენტმა ობამამ არაერთხელ მოუწოდა ოფიციალურ ჰავანას ციხიდან დანარჩენი დისიდენტებიც გაეთავისუფლებინა, ეს საკითხი კვლავინდებურად ღიად რჩება და კუბის ციხეებში დღემდე ასობით პოლიტიკური პატიმარი იტანჯება.

აღსანიშნავია ისიც, რომ დატუსაღებული დისიტენტები გაუსაძლისი პირობების შეცვლის მოთხოვნით, მუდმივად აცხადებენ შიმშილობას, თუმცა მათი მოთხოვნები არავის ადარდებს და ეს თემა კვლავ აქტუალურია.

პრეზიდენტი ობამა საკუთარ გამოსვლებში რამდენჯერმე შეეხო კუბის თემას და ჰავანასთან ურთერთობის აღდგენაზე მზადყოფნა იმ პირობით გამოაცხადა , თუ მთავრობა დემოკრატიული რეფორმების გზას დაადგება. მაგრამ კასტროს ოჯახური კლანი დღემდე გატარებული პოლიტიკის ერთგულია და უახლოეს მომავალში არაფერს შეცვლის.

XS
SM
MD
LG