ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

სერგეი ბაღაფშის ვიზიტს თურქი ექსპერტი აფასებს


სერგეი ბაღაფშის ვიზიტს თურქი ექსპერტი აფასებს
სერგეი ბაღაფშის ვიზიტს თურქი ექსპერტი აფასებს

ბაღაფში თურქეთში ვიზიტს გასული ხუთი წლის მანძილზე ცდილობდა და თვით ის ფაქტი, რომ თურქეთის მთავრობამ ახლა ბაღაფში ქვეყანაში შემოუშვა ბევრის მთქმელია.

პროფესორი მიტატ ჩელიკპალა
პროფესორი მიტატ ჩელიკპალა

გუშინ თურქეთში აფხაზეთის სეპარატისტული მთავრობის ლიდერის სერგეი ბაღაფშის არაოფიციალური ვიზიტი დაიწყო, რომელიც 10 აპრილამდე გაგრძელდება. თურქეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს ოფიციალური განცხადების თანახმად, ბაღაფში თურქეთში სამკურანლო მიზნით, სამოქალაქო საზოგადოების ასოციაციების მიწვევით იმყოფება. ბაღაფშის ვიზიტთან დაკავშირებით, "ამერიკის ხმის" ქართულმა რედაქციამ ექსკლუზიური ინტერვიუ ჩამოართვა თურქ ექსპერტს ბატონ მიტატ ჩელიკპალას.

თურქულ გაზეთ „თუდეის ზამანში“ 5 აპრილს გამოქვეყნებული სტატიის თანახმად, სერგეი ბაღაფში თურქეთში აფხაზური ასოციაციების ფედერაციამ, აფჰაზფედმა (ABHAZFED), და კავკასიური ასოციაციების ფედერაციამ, კაფედმა (KAFFED) მიიწვიეს. სტამბოლში მდებარე ყადირ ჰასის სახელობის უნივერსიტეტის საერთაშორისო ურთიერთობების ასოცირებულმა პროფესორმა მიტატ ჩელიკპალამ ხსენებული სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციების გავლენა თურქეთში ამგვარად შეაფასა:

„კაფედი და აფჰაზფედი თურქეთში მცხოვრები ჩრდილოკავკასიელი ან კავკასიელი ხალხების ფედერაციები გახლავთ. ამ ორგანიზაციებს შორის კაფედი ყველაზე გავლენიანად ითვლება. აქვე უნდა აღვნიშნო ისიც, რომ სულ თურქეთში ჩრდილოკავკასიელთა 110 ასოციაცია მოქმედებს. ამ 110-იდან დაახლოებით 60-65 ასოციაცია სწორედ კაფედშია გაერთიანებული. თუმცა აფჰაზფედი შედარებით ახალი ორგანიზაცია გახლავთ რადგან ის გასულ ზაფხულს დაარსდა. აფჰაზფედში გაერთიანებულია ხუთი ასოციაცია, რომელიც ძირითადად მხოლოდ აფხაზებისგან შედგება. ხოლო კაფედის ფედერაცია ძირითადად ადიღურ-ჩერქეზულ ასოციაციებს აერთიანებს. აქ ყველაზე მნიშვნელოვანი ასპექტი ის არის, რომ კაფედი დიდი ხნის წინ დაარსდა. ეს ორგანიზაცია ბევრ ჩრდილოკავკასიურ სათვისტომოს თუ ასოციაციას აკონტროლებს. კაფედის ხელმძღვანელობის წარმომადგენლები თურქულ ინტელეგენციასა და ბიზნეს წრეებში შედიან. მაშასადამე მათ მთავრობასთან ისევე როგორც თურქეთში მცხოვრებ ჩერქეზ და სხვა ჩრდილოკავკასიურ სათვისტომოებთან მჭიდრო კავშირები აქვთ.“

7 აპრილს ბაღაფშის ვიზიტთან დაკავშირებით, თურქეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ გამოაქვეყნა ოფიციალური განცხადება, რომელშიც კერძოდ ნათქვამია, რომ აფხაზეთის სეპარატისტული მთავრობის ლიდერი თურქეთში „სამკურნალოდ სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლების მიწვევით ჩავიდა“ და რომ მისი ვიზიტი მხოლოდ „არაოფიციალურ“ ხასიათს ატარებს. მიტატ ჩელიკპალამ ბაღაფშის ვიზიტთან დაკავშირებით თურქეთის მთავრობის პოზიცია შემდეგნაირად დაახასიათა:

„ანკარას პოზიციაში აფხაზების მიმართ გაკრვეული ცვლილება შეინიშნება. გასულ წელს თურქეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ ბაღაფშის ვიზიტი გადადო თურქეთსა და კავკასიის რეგიონში იმ დროისთვის შექმნილი მდგომარეობის გამო. მაშინ ისეთი პოლიტიკური ატმოსფერო იყო შექმნილი, რომელშიც თურქეთის მთავრობა რუსეთისა და საქართველოს ინტერესების დაბალანსებას ცდილობდა. ახლა ანკარას პოზიცია აშკარად იცვლება. ამჯერად, ჩემ ხელთ არსებული ინფორმაციის თანახმად, საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე ან მოადგილეს თანაშემწე ბაღაფშს ანკარაში შეხვდება, რაც, ჩემი აზრით, ძალიან მნიშვნელოვანია. ეტყობა თურქეთის საგარეო უწყებაში გადაიფიქრეს და აფხაზეთის ხელისუფლებასთან ეკონომიკური და პოლიტიკური კავშირების განვითარება სურთ. თუმცა თურქეთის საგარეო საქმეთა სამინისტრო და ოფიციალური პირები ბაღაფშის ვიზიტის ზედმეტ აფიშირებას ერიდებიან. სწორედ ამის გამო მათ ვიზიტის ორგანიზება ამ სათვისტომო ფედერაციებს დაუთმეს. ვიზიტის ფარგლებში ფედერაციები ბაღაფშს დიასპორის წარმომადგენლებთან შეხვედრებს მოუწყობენ ანაკრაში, სტამბოლსა და ადაპაზერეში. ნიშანდობლივია, რომ ქალაქი ადაპაზერე თურქეთში აფხაზებით დასახლებული რეგიონის ცენტრი გახლავთ.“

თურქმა ექსპერტმა აღნიშნა, რომ ბაღაფში თურქეთში ვიზიტს გასული ხუთი წლის მანძილზე ცდილობდა და თვით ის ფაქტი, რომ თურქეთის მთავრობამ ახლა ბაღაფში ქვეყანაში შემოუშვა ბევრის მთქმელია. თურქული ბიზნეს წრეების წარმომადგენლები ბაღაფშის ვიზიტის ლობირებას აქტიურად ახორციელებდნენ რადგან სოჭის ზამთრის ოლიმპიური თამაშების მოახლოვების ფონზე თურქი ბიზნესმენები აფხაზეთსა და სამხრეთ რუსეთში მომგებიანი კომერციული გარიგებების გაფორმებით არიან დაინტერესებულნი. მიტატ ჩელიკპალას თქმით, ბაღაფშის ვიზიტის ორგანიზებაში აფხაზურ და ჩრდილოკავკასიურ ფედერაციებს გარკვეული დახმარება გაუწია თურქეთის მთავრობამ. ამასთან დაკავშირებით თურქმა ექსპერტმა კერძოდ აღნიშნა:

„თურქი ოფიციალური პირები ფედერაციებთან უფრო მჭიდროდ თანამშრომლობენ. მათ ვიზიტის დროს ბაღაფშს პირადი დაცვა გამოუყვეს, რაც ძალიან მნიშვნელოვანია რადგან ამით მათ ფაქტობრივად საქართველოს წინააღმდეგობა და შესაძლო ზეწოლა უგულვებელყვეს. მაშასადამე მართალია ბაღაფში თურქეთში სათვისტომო ფედერაციებმა დაპატიჟეს, თვით ის ფაქტი, რომ მთავრობამ ფედერაციებს ხელი არ შეუშალა ბევრის მთქმელია.“

ინტერვიუს დასასრულს მიტატ ჩელიკპალამ თურქეთში ბაღაფშის ვიზიტის მნიშვნელობა ამგვარად შეაფასა:

„ეს დაბალი პროფილის ვიზიტი გახლავთ მაგრამ იმავდროულად შემიძლია აღვნიშნო, რომ ეს იმის მანიშნელებლია, რომ თურქეთის პოლიტიკა აფხაზეთის მიმართ იცვლება. ანუ სხვაგვარად რომ ვთქვათ თურქეთის მხარეს აფხაზეთის ოფიციალურ წარმომადგენლებთან კავშირების დამყარება სურს. ხოლო ბაღაფში თურქეთში მცხოვრებ აფხაზურ დიასპორასთან ურთიერთობების განვითარებას აფხაზეთში რუსეთის გავლენის დაბალანსების მიზნით იყენებს. თუ აფხაზური დიასპორა და თურქი ბიზნეს წრეების წარმომადგენლები აფხაზეთში ინვესტიციების დაბანდებას დაიწყებენ, მაშინ ისინი რუსეთის გავლენის დაბალანსებას შესძლებენ. დარწმუნებული ვარ, რომ ბაღაფშს და მის მომხრეებს სურთ გამოიყენონ თურქეთი დასავლეთთან კავშირების დამყარების მიზნით.“

XS
SM
MD
LG