ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

რუსეთ-საქართველოს ხუთდღიანი ომი


საქართველოს ხელისუფლება აგვისტოს დასაწყისში ოსი სეპარატისტების მხრიდან სამხედრო მოქმედებების გააქტიურებაზე საუბრობდა.

თითქმის ორი წელი გავიდა აგვისტოში რუსეთ საქართველოს ხუთდღიანი ომის დამთავრებიდან.დღეისათვის ერთადერთი რაც დანამდვილებით არის საზოგადოებისთვის ცნობილი ამ ომის შედეგებია. უცნობია როგორც რუსეთის ისე საქართველოს ხელისუფლების და მისი მოკავშირეების ჭეშმარიტი მიზნები და ამოცანები ამ ომის დაწყების წინ. ეს ომი კი საქართველოსთვის ყოვლად სავალალო შედეგით დამთავრდა.

საქართველომ დაკარგა კოდორის ხეობაზე კონტროლი,ახალგორის რაიონი, სადაც აქამდე ოსი სეპარატისტების ჭაჭანებაც კი არ იყო და მნიშვნელოვანი ზარალი განიცადა ცოცხალი ძალის და ტექნიკის სახით. გარდა ამისა რუსების და ოსების გაერთიანებულმა ბანდებმა ააწიოკეს მთელი ქართლი და დასავლეთ საქართველო. დაუჯერებელია მაგრამ კოდორი და ახალგორი ქართულმა შეიარაღებულმა ფორმირებებმა ერთი ტყვიის გაუსროლელად ჩააბარეს მტერს და თანაც დიდძალი შეიარაღება და ტყვიაწამალიც დაუტოვეს. როგორც საქართველოს შეიარაღებული ძალების გაერთიანებული შტაბის მაშინდელმა უფროსმა ზაზა გოგავამ 2008 წლის 28 ოქტომბერს აგვისტოს მოვლენების შემსწავლელ დროებით საპარლამენტო კომისიას განუცხადა განხორციელდა მობილური თავდაცვითი ოპერაცია. თუ ეს მართლაც ასეა მაშინ გაუგებარია თუ რატომ არ იყო გათვალისწინებული თავდაცვითი ოპერაციის დროს მტრის მოსალოდნელი შეტევის შესაჩერებლად წინასწარ გამაგრებული რაიონების და დანაღმული ველების მთელი სისტემის შექმნა ცხინვალიდან გორისკენ მიმავალ გზებზე. იმავე დრობითი საპარლამენტო კომისიის წინაშე გამოსვლისას საქართველოს ხელისუფლების მაღალჩინოსნების განცხადებით,პრეზიდენტის უპირველესი მოთხოვნა და პირდაპირი ბრძანება იყო მშვიდობიანი მოსახლეობის მაქსიმალური უსაფრთხოების უზრუნველყოფა.

თუ ეს სიმართლეს შეეფერება, რატომ არ იქნა გამოყვანილი ქართული სოფლებიდან მშვიდობიანი მოსახლეობა საომარი მოქმედებების დაწყებამდე? თუ მშვიდობიანი მოსახლეობის დაცვა პრიორიტეტი იყო, რატომ დატოვეს უბრძოლველად ქალაქი გორი და გორის რაიონის სოფლები ქართულმა შეიარაღებულმა ნაწილებმა ? და ამ რაიონში მცხოვრები მშვიდობიანი მოსახლეობა კოკოითის ბანდებს შეატოვეს ხელში.

მიუხედავად იმისა,რომ საქართველოს ხელისუფლება აგვისტოს დასაწყისში ოსი სეპარატისტების მხრიდან სამხედრო მოქმედებების გააქტიურებაზე საუბრობდა ფაქტია, რომ ამ პერიოდში საქართველოს სამხედრო-პოლიტიკური ხელმძღვანელობის მნიშვნელოვანი ნაწილი საზღვარგარეთ შვებულებაში იმყოფებოდა.

იმდროინდელი თავდაცვის მინისტრის დავით კეზერაშვილის ჩათვლით, საქრთველოს დაზვერვის დეპარტამენტი კი მისი ხელმძღვანელობის აღიარებით აზრზე არ იყო მოწინააღმდეგის მზადებასთან დაკავშირებით და საომარი მოქმედებების დაწყებას ოქტომბერ-ნოემბერში ვარაუდობდა.

აი, უკვე მერამდენედ საქართველოს უახლეს ისტორიაში გვიხდება ლაპარაკი იმის შესახებ, რომ ომი ჯარისკაცს არ წაუგია, ომი წააგო მთავრობამ. ოღონდ აფხაზეთის ომისგან განსხვავებით ამ ხელისუფლებამ, მაშინ, როდესაც შიდა ქართლში ქართველთა სასაკლაო იყო მოწყობილი რუსთაველზე ტაშფანდური გამართა, საქართველოს არმიის მთავარსარდალი კი მთელი მსოფლიოს მასმედიის თვალწინ გორიდან თავპირისმტვრევით გამოიქცა. ხელისუფლება ტრაბახობს,რომ მტერი თბილისში ვერ შემოვიდა, მაგრამ ფაქტია რომ 5 დღის განმავლობაში რუსები თბილისის მისადგომებთან, იგოეთამდე მოვიდნენ. მათი შეჩერების მცდელობას კი საპატრულო პოლიციის მანქანები შეეწირა. აგვისტოს დასაწყისში, როკის გვირაბიდან და აფხაზეთის ტერიტორიიდან საქართველოში რუსეთის დაახლოებით 30 000 კაციანი სამხედრო დაჯგუფება შემოიჭრა, რომელმაც უბრძოლველად მოახერხა დასავლეთ საქართველოს უმნიშვნელოვანესი რაიონების დაკავება ფოთის ჩათვლით და ცხინვალში ხანმოკლე შეტაკების შემდეგ, ყოველგვარი წინააღმდეგობის გარეშე დაიპყრო გორი.

შეგახსენებთ რომ 1999 წლის აგვისტოში ჩრდილოეთ კავკასიაში დაწყებული ომის დროს რუსეთის 300 000-იანმა არმიამ მხოლოდ 7თვიანი გააფთრებული ბრძოლების შემდეგ შესძლო ჩეჩნეთის დედაქალაქის დაკავება, მას შემდეგ რაც მიწასთან გასწორებული გროზნო მოჯახედებმა დატოვეს და ეს მაშინ, როდესაც ჩეჩნებს არც არტილერია ჰქონდათ და არც მძიმე ტექნიკა, ავიაციაზე და ჰაერსაწინაღო საშუალებებზე ხომ ზედმეტია ლაპარაკი.

აღსანიშნავია,რომ ჩეჩნეთის წინააღმდეგ მეორე ომის დროს რუსები ე.წ. საერთაშორისო საზოგადოების პოლიტიკური და ფინანსური მხრადაჭერით სარგებლობდნენ. მიუხედავად იმისა, რომ დასავლეთში კარგად იყო ცნობილი პუტინის და მისი დამქაშების მიერ საკუთარი მშვიდობიანი მოსახლეობის წინაღმდეგ მოწყობილი ტერაქტების შესახებ. საქართველოს ხელისუფლების გადასარჩენად კი ლამის ნახევარი მსოფლიო ჩამოვიდა თბილისში საფრანგეთის პრეზიდენტის ნიკოლა სარკოზის მეთაურობით.

როგორც უშიშროების საბჭოს მაშინდელი თავმჯდომარე კახა ლომაია აცხადებდა, მას არ ეგონა თუ 21-ე საუკუნის დასაწყისში შიდა ქართლში რუსეთის აგრესიის შედეგად ასეთი სასტიკი ეთნოწმენდა განხორციელდებოდა. საინტერესოა საქართველოს ხელისუფლება რას ელოდა იმ კაცისგან, რომელმაც საკუთარ ხალხს ნორდ ოსტი და ბესლანი მოუწყო და უმოწყალოდ ამოწყვიტა რუსეთის მოქალაქეები.

როგორც ბატონი გოგავა აცხადებს, გორის დაცვის ხაზი არ გაკეთდა იმიტომ, რომ ამ ტიპის აგრესიას არ ველოდითო. მთელი მსოფლიო ამის შესახებ ლაპარაკობდა, მაგრამ საქართველოს შეიარაღებული ძალების გაერთიანებული შტაბის უფროსი არ ელოდებოდა მტრის შემოსევას. თავად ვლადიმერ პუტინი დაუფარავად აცხადებდა , რომ საქართველოს კვიპროსის ბედს უმზადებდა, მაგრამ უშიშროების საბჭოს თავმჯდომარეს არ ეგონა, თუ 21-ე საუკუნეში ეს შესაძლებელი იყო. იგივე რუსი სამხედრო ექსპერტები პაველ ფელგენგაუერის მეთაურობით აფრთხილებდნენ საზოგადოებას ,რომ ომის დაწყება აგვისტოში იყო გადაწყვეტილი, მაგრამ საქართველოს დაზვერვის დეპარტამენტში -ამის შესახებ არაფერი იცოდნენ.

მაშინ როდესაც პრეზიდენტი სააკაშვილი საქართველოს ჯარის სიძლიერეზე ზღაპრებს უყვებოდა საკუთარ ხალხს,ამ ჯარის მესვეურებს ერთი სანგარი არ ჰქონდათ გათხრილი ცხინვალიდან გორისკენ მიმავალ გზაზე. რუსეთის პირსისხლიანი იმპერიის წინააღმდეგ საქართველო ვიღაც კეზერაშვილის იმედად დარჩა, მაგრამ ქვეყანაში სადაც 250 000 ნარკომანია, განა რაიმეა გასაკვირი?

რეზერვისტების სისტემა ჩაფლავდა, ტანკისტებმა ტექნიკა მიატოვეს და ისე გამოიქცნენ, ჯარს რა ბრძანება ჰქონდა დღემდე უცნობია, სად წავიდა თავდაცვის სამინისტროში წასული მილიარდები კაცმა არ იცის. სლოვაკური პატრონა, თურქული ჯავშანმანქანა, ისრაელის ტყვიამფრქვევი, ამერიკული ვინტოვკა - მთელი მსოფლიოდან მოხეკილი ჯართით შეიარაღებულ უწინამძღოლოდ დარჩენილ ჯარიკსაცებს რაღა უნდა ექნათ. ერთადერთმა,რამაც იმუშავა არტილერიაა და იმასაც აფხაზეთის ომგამოვლილი დევი ჩანკვეტაძე მეთაურობდა.

ბევრი რომ არ გავაგრძელო, ამ ომის შემდეგ საქართველომ კიდევ უფრო მეტი მიწები დაკარგა, დამატებით ასი ათასზე მეტი ლტოლვილი გაჩნდა ქვეყანაში, ასეულობით დაღუპული, ათასობით დაჭრილი, განადგურებული სამხედრო ინფრასტრუქტურა და ამის შემდეგ საქართველოს ხელისუფლების ერთ-ერთი იდეოლოგი გიგა ბოკერია აცხადებდა,რომ ის გამარჯვებულად თვლის თავს. კოდორი დაიკარგა, ახალგორი დაიკარაგა, ხალხი დაგვეხოცა, მტერი თბილისის მისადგომებთან არის დაბანაკებული და ესენი გამარჯვებულები არიან... ვაი საცოდავო საქართველო!..

XS
SM
MD
LG