რაც შეეხება შეერთებული შტატების საპრეზიდენტო არჩევნებთან დაკავშირებულ პოლიტიკურ ციებცხელებას, ექსპერტებს შორის შეინიშნება კონსენსუსი, რომ მომავალი წლის საარჩევნო კამპანიის დროს ამერიკაში შექმნილი სავალალო ეკონომიკური მდგომარეობა დებატებში ცენტრალურ ადგილს დაიკავებს. თუმცა რესპუბლიკელ საპრეზიდენტო კანდიდატებს შორის ცოტა ხნის წინ გამართული დისკუსიის დროს ყურადღება საგარეო პოლიტიკის სფეროსაც დაეთმო, განსაკუთრებით კი ავღანეთიდან შეერთებული შტატების სამხედრო ძალების გაყვანის საკითხს, იუწყება ამერიკის ხმის კორესპონდენტი ჯიმ მალონი ვაშინგტონიდან.
რესპუბლიკური პარტიის საპრეზიდენტო კანდიდატების დებატების დროს, ავღანეთის ომის დისკუსია შეერთებული შტატების გასულ ორ საპრეზიდენტო არჩევნებთან შედარებით მკვეთრად განსხვავდებოდა.
პოლიტიკური მიმომხილველების აზრით, მასაჩუსეტსის შტატის ყოფილ გუბერნატორს მიტ რომნის მომავალი წლის საპრეზიდენტო არჩევნებში რესპუბლიკური პარტიის მხრიდან ნომინაციის მოპოვების ყველაზე დიდი შანსი აქვს. რომნიმ აღნიშნა, რომ შეერთებული შტატების მონაწილეობა ავღანეთის ომში კარგ მაგალითს იძლევა იმისა, რომ მომავალში ამერიკამ მსგავსი ეროვნული აღმშენებლობის პროექტი არ უნდა იტვირთოს:
„მე მსურს, რომ ჩვენი რაზმები დაბრუნდნენ არა პოლიტიკური ან ეკონომიკური მიზეზების გამო არამედ მაშინ, როცა გენერლები განსაზღვრავენ, რომ ადგილზე შექმნილი მდგომარეობა ამის შესაძლებლობას იძლევა. თუმცა მე ასევე ვფიქრობ, რომ ჩვენ ვისწავლეთ გაკვეთილი, რომ ჩვენი სამხედრო ძალები სხვა ქვეყნის ნაცვლად დამოუკიდებლობის მოპოვების მიზნით ომში არ უნდა ჩაერთონ. მხოლოდ ავღანელებს ძალუძთ ავღანეთის დამოუკიდებლობის მოპოვება თალიბებისგან “- განაცხადა დებატების დროს მიტ რომნიმ.
აღსანიშნავია, რომ გასული ორი საპრეზიდენტო არჩევნების დროს, რესპუბლიკური პარტიის საპრეზიდენტო კანდიდატები - ჯონ მაკკეინი 2008 წელს და პრეზიდენტი ჯორჯ ბუშ უმცროსი 2004 წელს - ხაზგასმით აღნიშნავდნენ, რომ შეერთებულმა შტატებმა ავღანეთში თალიბი მეამბოხეების მოძრაობა უნდა დაამარცხოს რა ფასადაც არ უნდა დაუჯდეს ეს ქვეყანას.
მაგრამ რესპუბლიკელ საპრეზიდენტო კანდიდატებს შორის წელს გამართულ დებატებში აშკარად აისახა საზოგადოებრივი აზრის გამოკითხვის შედეგები, რომელიც ცხადყოფს, რომ როგორც რესპუბლიკელები ისე დემოკრატები ავღანეთში შეერთებული შტატების თითქმის ათწლიანი ომის გამო დაიქანცნენ.
აღსანიშნავია ისიც, რომ მხოლოდ ერთი რესპუბლიკელი საპრეზიდენტო კანდიდატი, კონგრესმენი ტეხასის შტატიდან რონ პოლი ავღანეთიდან შეერთებული შტატების სამხედრო ძალების დაუყოვნებლივ გაყვანას ემხრობა.
„გენერლებს არ დაველოდებოდი. პრეზიდენტი ხომ სამხედრო ძალების მთავარსარდალი გახლავთ და მაშასადამე იგი ყველაფერს წყვეტს. გენერლებს სათანადო მითითებას მივცემდი და სამხედრო ძალებს სასწრაფოდ დავაბრუნებდი. მე მათ ერაყიდანაც გავიყვანდი. ლიბიაში ახალ ომს არ დავიწყებდი და იემენისა და პაკისტანის დაბომბვას შევწყვიტავდი,“ აღნიშნა რონ პოლმა.
პოლიტიკური მიმომხილველები აღნიშნავენ, რომ რესპუბლიკური პარტიის საპრეზიდენტო კანდიდატებს შორის გამართულ დებატებში ყურადღების გამახვილება ავღანეთის საკითხზე ამ ომის მიმართ საზოგადოებაში არსებულ უარყოფით დამოკიდებულებას ასახავს.