ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

შეხვედრა ინციდენტების პრევენციის თემაზე


შეხვედრა ინციდენტების პრევენციის თემაზე
შეხვედრა ინციდენტების პრევენციის თემაზე

გუშინ ინციდენტების პრევენციისა და მათზე მონიტორინგის მექანიზმების ფარგლებში მორიგი შეხვედრა გაიმართა სოფელ დვანში, სადაც ქართული და ოსური მხარეები, საერთაშორისო ორგანიზაციების წარმომადგენლების თანდასწრებით ერთმანეთს შეხვდნენ. შეხვედრა 4 საათზე მეტხანს გრძელდებოდა.

შოთა უტიაშვილი, საქართველოს შსს ანალიტიკური დეპარტამენტის უფროსი, რომელიც შეხვედრების ტრადიციული მონაწილეა, ამჯერად დვანში არ ყოფილა. შსს-ს შიდა ქართლის სამხარეო მთავარი სამმართველოს უფროსის მოადგილე წარმოადგენდა. დღის წესრიგში რვა საკითხი იდგა, მათ შორის ყველაზე მწვავე დაკავებულთა განთავისუფლებას და სარწყავი წყლის გამოშვებას ეხებოდა. ოსური მხარე კი ახალგორის ტერიტორიაზე ქართველი სამართალდამცველების მიერ დანაღმული ტერიტორიების რუკას ითხოვდა.

შეხვედრის დასრულებას ტატიანა კობახიძე, 19 მარტს დაკავებული ვასილ კობახიძის დედა მოუთმენლად ელოდა. მისი შვილი ნასვამ მდგომარეობაში იყო, როდესაც საზღვარი გადაკვეთა და ცხინვალის ციხეში მოხვდა. კობახიძეები დვანში ცხოვრობენ. შეხვედრიდან გამოსულმა მონაწილეებმა ვასილ კობახიძის დედა ვერაფრით ანუგეშეს.

დვანელები ვასილ კობახიძის შესახებ ძალიან წუხან. ამბობენ, რომ მშრომელი და პატიოსანი ადამიანია და გაურკვევლობის გამო ზის ციხეში.

ცხინვალის ციხეში კვლავ რჩებიან კოდის მკვიდრი ემზარ სხირტლაძე და ტყვიავში მცხოვრები ნიკოლოზ რაზმაძე ათამდე ქართველთან ერთად.

ნიკოლოზ რაზმაძეც ნასვამ მდგომარეობაში აღმოჩნდა ადმინისტრაციული საზღვარის მიღმა და მას შემდეგ, თითქმის ნახევარი წელია ცხინვალის ციხეში იმყოფება. გულიკო ოდიშვილი, მისი მეუღლე ამბობს, რომ ყველა ორგანიზაციას მიმართა, ვის წინაშეც შეიძლებოდა აღნიშნული საკითხის დაყენება, თუმცა მისი მეუღლე მაინც ციხეში რჩება.

დვანში შეხვედრის დამთავრების შემდეგ, კომენტარი ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის პოლიტიკურმა მრჩეველმა როზალია პულისმა გააკეთა, რომელმაც იმედი გამოთქვა, რომ ცხინვალის ციხეში მყოფ ქართველთა საკითხი მალე გადაწყდება.

ინციდენტების პრევენციისა და მათზე მონიტორინგის მექანიზმების ფარგლებში მორიგი შეხვედრის თარიღად 17 ივნისი დასახელდა.

XS
SM
MD
LG