ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ოფისი ცხინვალთან


ოფისი ცხინვალთან
ოფისი ცხინვალთან

იძულებით გადაადგილებულ ქალთა ასოციაცია „თანხმობისა“ და „მრავალეროვანი საქართველოს ქალების“ მხარდაჭერით, ერგნეთში ბავშვებისთვის საინტეგრაციო ცენტრი გაკეთდა.

ცხინვალის მხარეს, ადმინისტრაციული საზღვრიდან 100 მეტრის მოშორებით, სოფელ ერგნეთში გუშინ პატარა ოფისი გაიხსნა. პრეზენტაციაზე საერთაშორისო და ადგილობრივი არასამთავრობო ორგანიზაციებისა და ხელისუფლების წარმომადგენლები იმყოფებოდნენ. იმის გამო, რომ ახალი ოფისი სახლდამწვარი მოსახლის კოტეჯში განთავსდა, რომელიც სულ 24 კვადრატულ მეტრ ფართს მოიცავს, სტუმრების დატევის პრობლემა გაჩნდა. ამიტომაც პრეზენტაცია პირდაპირ ღია ცის ქვეშ გაიმართა.

წარმოიდგინეთ კონფლიქტის ზონა, სადაც სროლის ხმა ყოველწუთიერად ისმის ცხინვალის მხრიდან, საგუშაგოდან 50 მეტრის მოშორებით მდგარი პატარა კოტეჯი და მასში განთავსებული არასამთავრობო ორგანიზაცია, ერთი კომპიუტერითა და ინტერნეტის ქსელით. არაჩვეულებრივად თბილი დეკემბრის მზიანი დღე და ბევრი სტუმარი. ზოგი ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიიდან, ზოგი ხელისუფლებიდან, ძალიან გახარებული მასპინძლები და საოცრად თბილი ატმოსფერო, თონეში გამომცხვარი პურითა და წითელი ღვინის სუნით გაჯერებული ჰაერი. ეს ყველაფერი მართლაც ქმნიდა განცდას, რომ ომი სადღაც შორს იყო და არა იქ.

იძულებით გადაადგილებულ ქალთა ასოციაცია „თანხმობისა“ და „მრავალეროვანი საქართველოს ქალების“ მხარდაჭერით, ერგნეთში ბავშვებისთვის საინტეგრაციო ცენტრი გაკეთდა. მისი პრეზენტაცია ღია ცის ქვეშ იმ ვიწრო შარაზე მოხდა, რომელიც ქალბატონი ლია ჩლაჩიძის დამწვარ სახლსა და გამოსაზამთრებელ კოტეჯს შორის გადის. ამ ოფისს ერგნეთში სწორედ იგი უხელმძღვანელებს.

ასოციაცია „თანხმობამ“ ანალოგიური პროექტი ნიქოზში, რომელიც ასევე ცხინვალის მოსაზღვრე სოფელია, უკვე დაიწყო. ნიქოზის ოფისი ადმინისტრაციული სახლის შენობაშია განთავსებული და 11 კომპიუტერითაა აღჭურვილი. იულია ხარაიშვილი ამ საქმის სულისჩამდგელია. იგი მიიჩნევს, რომ მიუხედავად საცხოვრებელი ადგილისა, ყველა ბავშვს უნდა ჰქოდეს განვითარების თანაბარი საშუალება.

კონფლიქტის ზონაში მცხოვრებ მოზარდებს კი სულაც არ აქვთ ისეთი პირობები, რაც საქართველოს სხვადასხვა ქალაქებში მცხოვრები ბავშვების ჩვეულებრივ ცხოვრებასთან ასოცირდება. იულია ხარაიშვილი ამბობს, რომ მსგავსი ტიპის საინტეგრაციო ოთახების დაარსებას, მისი ორგანიზაცია კონფლიქტის ზონის სხვა სოფლებშიც გეგმავს.

ქალბატონ ლია ჩლაჩიძეს მომავლისთვის ბევრი საინტერესო გეგმა აქვს. უნდა, რომ თექაზე მუშაობისთვის სახელოსნო გახსნას მომავალში, ერგნეთში საინტერესო ადამიანები ჩამოიყვანოს და ბავშვებს შეახვედროს, მათ შორის ნატოს საინფორმაციო ცენტის მოწვევასაც გეგმავს, რათა იქაური ბავშვებსთვისაც ნათელი იყოს, რა მისწრაფებები აქვს საქართველოს და რა სურს ნატოსგან.

სანამ ეს გეგმები რეალობად იქცევა, წინ ზამთარია. პრეზენტაციის შემდეგ კი პატარა, ინტერნეტით აღჭურვილი ოფისი ერგნეთში სტუმრების გარეშე რჩება.

XS
SM
MD
LG