ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

რას წერს ამერიკული პრესა ლიბიის კონფლიქტზე?


რას წერს ამერიკული პრესა ლიბიის კონფლიქტზე?
რას წერს ამერიკული პრესა ლიბიის კონფლიქტზე?

უცხოური პრესის მიმოხილვის დღევანდელი გამოშვება ლიბიაში მიმდინარე მოვლენებს ეძღვნება. მიმოხილვას ვიწყებთ ენ ეპლბაუმის სტატიით სათაურით „მოუღებს თუ არა ბოლოს ნატოს ლიბიაში ინტერვენცია?“ რომელიც გაზეთ „ვაშინგტონ პოსტში“ 11 აპრილს გამოქვეყნდა. სტატიაში ვკითხულობთ:

„როცა დასავლეთის ქვეყნების ლიდერები ლიბიაში მიმდინარე სამხედრო კამპანიას აღწერენ როგორც ‘ნატოს ოპერაციას,’ ისინი, სულ ცოტა, სიმართლეს ეკონომიურად უდგებიან.

დაფიქრდით: ნატოში ხომ ოპერაციასთან დაკავშირებით არც დებატები, ხმის მიცემა ან ერთობლივი დაგეგმარება არ გამართულა. საკითხს ტექნიკური თვალსაზრისით რომ მივუდგეთ უნდა ითქვას, რომ ჩრდილო-ატლანტიკური ხელშეკრულების ორგანიზაცია მოქმედებას იწყებს მხოლოდ მაშინ, თუ ალიანსის ერთ-ერთ წევრზე თავდასხმა განხორციელდა. ავღანეთის ომი სწორედ ამგვარი თავდასხმის შედეგი გახლდათ და დასაწყისში მას ფართოდ აღიქვამდნენ როგორც საერთო მტრის წინააღმდეგ მიმართულ ძალისხმევას. ლიბიაში შექმნილი მდგომარეობა მნიშვნელოვნად განსხვავდება - არავითარი თავდასხმა არ მომხდარა, საერთო მტერი არ არსებობს და ახლა არც კონსენსუსის ნიშნები ჩანს.

ნატოს ორი მნიშვნელოვანი წევრი - გერმანია და თურქეთი - ლიბიაში სამხედრო მისიის წინააღმდეგ ღიად გამოდიან. ისინი ალიანსის სამხედრო მოქმედებებში მნიშვნელოვანი წვლილის შეტანაზე უარს აცხადებენ. ამასობაში კულისებს მიღმა ალიანსის ნაკლებად გავლენიანმა წევრებმა აგრეთვე საკუთარი პრეტენზიები წამოაყენეს და მისიის მხარდასაჭერად, მხოლოდ სასურსათო დახმარების გამოყოფით შემოიფარგლებიან. ბოლო რამდენიმე დღის მანძილზე ნატოს გენერალური მდივანი ევროპის მეორეხარისხოვან დედაქალაქებს ლიბიაში თვითმფრინავების გაგზავნას სთხოვდა, მაგრამ პასუხად არაერთხელ ცივი უარი მიიღო.

რაც შეეხება შეერთებული შტატების პოზიციას, იქმნება შთაბეჭდილება, რომ ამერიკელი სამხედროები ნატოს ალიანსში აღარ შედიან. საკმაოდ უცნაურია ამერიკელი ოფიციალური პირების განცხადებების მოსმენა, რომელშიც ისინი ‘ნატოს’ როგორც რაღაც უცხო და მათთვის უცნობ წარმონაქმნად იხსენიებენ. ამერიკის პრეზიდენტმა გაკრვევით განაცხადა, რომ ლიბიის ოპერაციას ‘ნატო’ გაუძღვება, რაც მისი აზრით ნიშნავს იმას, რომ შეერთებული შტატების სამხედრო ძალები მეორე პლანზე გადავა. ‘ჩვენი თვითმფრინავები არასაფრენ ზონას არ შეინარჩუნებენ’ - განაცხადა პრეზიდენტმა ობამამ ლიბიაში საჰაერო კამპანიის დასაწყისში. და მართლაც რამდენიმე დღის წინ ამერიკულმა თვითმფრინავებმა არასაფრენ ზონაში მონაწილეობა შეწყვიტეს. ეს კი ნამდვილად განსაცვიფრებელია, რადგან გასულ კვირამდე ნატო ამერიკულ ალიანსად მიოაზრებოდა.

სინამდვილეში თავიდანვე ექსპედიცია ლიბიაში ინგლისურ-ფრანგულ პროექტს წარმოადგენდა, თუმცა არც ბრიტანეთს და არც საფრანგეთს ოპერაციის განხორციელებაზე პასუხისმგებლობის აღება არ სურს. ორივე ერთმანეთზე დამოკიდებულებას ერიდება, რაც გასაკვირი როდია, რადგან ეს პირველი ინგლისურ-ფრანგული სამხედრო ოპერაცია გახლავთ მას შემდეგ, რაც 1956 წელს მათ სუეცის არხის აღება სცადეს, რაც ძალიან ცუდად დამთავრდა.

ლიბიაში ნატოს სახელის გამოყენება ფიქციას წარმოადგენს, მაგრამ ლიბიის შემდეგ ნატოს რეპუტაცია შეიძლება ნამდვილად შეილახოს.“

მიმოხილვას ვაგრძელებთ გაზეთ „უოლ სტრით ჯორნალში“ 14 აპრილს გამოქვეყნებული სარედაქციო წერილით სათაურით „ლიბიის ჩიხში,“ რომელშიც ვკითხულობთ:

„კონფლიქტის განვითარების პარალელურად, კადაფი ზავის მიღწევას ცდილობს, რათა ტრიპოლი და ზღვისპირა სხვა ქალაქები მისი კონტროლის ქვეშ დარჩეს, რაც მას ბრძოლის გაგრძელების საშუალებას მისცემს. გასულ კვირას კადაფის კლანმა სამშვიდობო წინადადება წამოაყენა. კვირას კი ლიბიაში სამშვიდობო მისიით ჩასულმა სამხრეთ აფრიკის პრეზიდენტმა ჯაკობ ზუმამ და ოთხი სხვა აფრიკული ქვეყნის ლიდერმა კადაფის პირდაპირ ხელი შეუწყვეს. ოპოზიციურმა გარდამავალმა ეროვნულმა საბჭომ აფრიკული ქვეყნების სამშვიდობო მისია უარყო, მაგრამ არ არის გამორიცხული, რომ ახლო მომავალში მეამბოხეები ზეწოლას ვერ გაუძლებენ და სამშვიდობო გარიგებაზე დათანხმდებიან.

ეს კი ლიბიის დე ფაქტო გაყოფას გამოიწვევს, რასაც სამხედრო მოქმედებების პერიოდული განახლება ან სამოქალაქო ომი მოჰყვება. ვინ იცის თუ რას მოიმოქმედებს შურისძიების მიზნით კადაფის კლანი, თუ ის ძალაუფლებაში დარჩა და ნავთობის ექსპორტისგან მიღებული შემოსავლები კიდევ ერთხელ ჩაიგდო ხელში?

სურს თუ არა ობამას ადმინისტრაციას და ნატოს, მათ ამ კონფლიქტში ჩართულ ერთ მხარეს მხარდაჭერა გამოუცხადეს, რაც იმას ნიშნავს, რომ საქმე ბოლომდე, კადაფის წასვლამდე უნდა მიიყვანონ. მეამბოხეების დასახმარებლად ბევრის გაკეთება შეიძლება, საკომუნიკაციო საშუალებების მიწოდების, შეერთებული შტატებიდან თუ არა სხვა ქვეყნებიდან შეიარაღების გაგზავნის, სამხედრო და ტაქტიკური მომზადებისა და, რაც ყველაზე მნიშვნელოვანია, მეამბოხეთა ხელმძღვანელობის ფორმალური აღიარების ჩათვლით.“

XS
SM
MD
LG