ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ვაშინგტონის პოლიტიკა სამხრეთ კავკასიაში


რიჩარდ მაილსი: მე იმედი მაქვს, რომ ვითარება გამოსწორდება

შეერთებული შტატების პოლიტიკა სამხრეთ კავკასიაში ბოლო პერიოდში ანალიტიკოსების და მედიის მხრიდან განსაკუთრებულ ყურადღებას იმსახურებს. ბარაკ ობამას ადმინისტრაციას ზოგი კავკასიის რეგიონის მიმართ უყურადღებობაში ადანაშაულებს, ზოგსაც ვაშინგტონის რუსეთთან გადატვირთვის პოლიტიკა მოსწონს და სამხრეთ კავკასიას ამ სტრატეგიის ჩარჩოებში განიხილავს. გუშინ ვაშინგტონში, სტრატეგიის და საერთაშორისო კვლევების ცენტრში სწორედ ამ საკითხზე გაიმართა კონფერენცია სახელწოდებით - შეერთებული შტატების სტრატეგიის განვითარება სამხრეთ კავკასიასა და კასპიის აუზში.“ კონფერენციაზე საქართველოდან კავკასიის მშვიდობისა და განვითარების ინსტიტუტის დირექტორი და ილია ჭავჭავაძის უნივერსიტეტის პროფესორი გია ნოდია მონაწილეობდა. ის ერთ-ერთი გამომსვლელი იყო. მისი განცხადებით, საქართველო ომის შემდეგ, როგორც სახელმწიფო განაგრძობს ფუნქციონირებას და ეს კარგი ამბავია.

„მეორე, სააკაშვილის მთავრობა გადარჩა და გაიზარდა მისი ლეგიტიმურობა, იმის საწინააღმდეგოდ რასაც ველოდით. ამას ბევრი ანალიტიკოსი ამბობს. ხალხს სააკაშვილის შესახებ განსხვავებული მოსაზრებები აქვს, მაგრამ მე მიმაჩნია, რომ ეს კარგი ამბავია სამი მიზეზის გამო: პირველი, სააკაშვილის ოპონენტებს მისი მოშორება არა არჩევნების, არამედ რევოლუციის მეშვეობით უნდოდათ და კიდევ ერთი რევოლუცია ქვეყნისთვის ცუდი იქნებოდა. მეორე, სააკაშვილი პროდასავლურ ორიენტაციას წარმოადგენს და მისი ოპონენტები კი განსხვავებული ორიენტაცისი ნაკრები იყო და შეუძლებელი იქნებოდა იმის პროგნოზირება თუ საით აპირებდნენ ქვეყნის წაყვანას გამარჯვების შემთხვევაში. და მესამე ყველაზე მნიშვნელოვანი - სააკაშვილი გადარჩა დემოკრატიული მეთოდების გამოყენებით და მან არ გამოიყენა ავტოკრატიული ზეწოლის მეთოდები,“ - განაცხადა გია ნოდიამ. მისი თქმით, შეერთებული შტატების და რუსეთის „გადატვირთვის პოლიტიკა“ დადებითი მოვლენაა და საქართველოს იმედი აქვს, რომ ეს პოზიტიურად იასახება მის ინტერესებზეც. გია ნოდაიმ აღნიშნა, რომ საქართველო სუსტი დემოკრატიაა და ქვეყნის ინსტიტუტები კიდევ უფრო დემოკრატიული უნდა გახდეს. ამასთანავე ის საქართველოსთვის იარაღის მიყიდვის საკითხსაც შეეხო და აღნიშნა, რომ ეს „არაფორმალური ემბარგო“ უსამართლოა საქართველოს მიმართ, რადგან საქართველო არ აპირებს ომის დაწყებას და ამასთანავე ლეგიტიმური საფუძველი აქვს შეშფოთების იმის თაობაზე, რაც ხდება რეგიონში და საქართველოს იარაღი სჭირდება მხოლოდ და მხოლოდ თავდაცვისათვის.

საკმაოდ მკვეთრი გამოსვლა ქონდა შეერთებული შტატების ატლანტიკური საბჭოს ანალიტიკოსს ალექსანდროს პეტერსონს.

„შეერთებული შტატების პოზიცია რეგიონში ყველაზე უარესია, რაც კი ოდესმე ყოფილა საბჭოთა კავშირის დაშლის შემდეგ. იმაზე უარესია, ვიდრე ის იყო 1990-იანი წლების დროს და ვიდრე ეს იყო რუსეთში საქართველოში შეჭრის დროს.უარესში მე ვგულისხმობ იმას, რომ არ გაგვაჩნია ბერკეტები და საშინლად დაბალ დონეზეა იქ ჩვენი გავლენა,“ - განაცხადა პეტერსონმა.

მისი თქმით, შეერთებული შტატებს ბოლო ორი ადმინისტრაციის დროს არ აქვს განსაზღვურული თუ თუ რა უნდა გააკეთოს საქართველოსთან მიმართებაში. და ბოლო უკანასკნელი წლის მანძილზე კი, ამერიკის პოლიტიკა რეგიონში და შესაბამისად მის გავლენა დაბლა იწევს.

გუშინდელ კონფერენციაზე გამომსვლელთა მოხსენებებში აშკარაა იყო კრიტიკა ამერიკის ამჟამინდელი ადმინსიტრაციის მიმართ და ამ კრიტიკის ავტორები თავად ამერიკელი ექსპერტები და ანალიტიკოსები იყვნენ.

განსაკუთრებით მწვავე გამოსვლა ქონდა ამერიკის არმიის სამხედრო კოლეჯის წარმომადგენელს სტივენ ბლანკს, რომელმაც განაცხადა, რომ აუცილებელია საქართველოსთვის იარაღის მიწოდების განახლება, რადგან თბილისს შეეძლოს თავდაცვა საჭიროების შემთხვევაში. ასევე აუცილებელია, რომ დასავლეთმა მოსკოვს მოსთხოვოს აფხაზეთის და ცხინვალის რეგიონის დემილიტარიზაცია.

ჩვენ კონფერენციის მსვლელობის დროს საქართველოში შეერთებული შტატების ყოფილ ელჩს ბატონ რიჩარდ მაილსს გავესაუბრეთ. მან არ გაიზიარა მოსაზრება, თითქოს შეერთებულმა შტატებმა მიატოვა თავის სტრატეგიული ინტერესები რეგიონში.

„ეს ნონსენსია. ჩვენ საკმაოდ ჩართულები ვართ. ბევრი ვიზიტი ხორციელდება, არა მარტო საქართველოში, არამედ აზერბაიჯანსა და სომხეთშიც.მაღალ ინტერესს იმსახურებს სომხეთი, სადაც ჩვენი ეკონომიკური დახმარება საკმაოდ მაღალია. ასევე დიდია ჩვენი ეკონომიკური დახმარება საქართველოსა და აზერბაიჯანის მიმართ. ომის შემდეგ რასაკვირველია განსხვავებული გარემოებები შეიქმნა, თუმცა ჩვენ შესაძლებლობათა მაქსიმუმს ვაკეთებთ რათა დაიწყოს ამ პრობლემების მოგვარება,“ - განაცხადა ბატონმა მაილსმა.

ჩვენი შემდგომი შეკითხვა შეეხო, საქართველოს სახელმწიფო მინისტრის ბატონ თემურ იაკობაშვილის განცხადებას, როდესაც მან ტელეკომპანია „მაესტროს“ ეთერში, აღნიშნა, რომ საქართველოსთვის პრობლემა მოგვარდება მაშინ, როდესაც მოხდება რუსეთის დეგრადაცია.

„არა მე ამას ვერ დავეთანხმები. მე ბევრჯერ ვიყავი აფხაზეთში, მისაუბრია ბაგაფშთანაც. იცით, საქართველო-რუსეთის ომის შემდეგ, მათ არ ექნებათ ამ კონფლიქტის გადაჭრის განცდა. თუმცა, მე ვფიქრობ, რომ მაინც შესაძლებელია ურთიერთობების მოგვარება და ნორმალიზება. საქართველომ, აფხაზეთმა და ოსეთმა უნდა მონახონ საერთო ენა, სულ ცოტა ლტოლვილების დაბრუნების საკითხში მაინც, უნდა დაიწყოს ეკონომიკური ინტეგრაცია,“- განაცხადა მაილსმა.

ჩვენს შეკითხვაზე, დათანხმდება თუ არა ამას რუსეთი ბატონმა მაილსმა განაცხადა:

ვაშინგტონის პოლიტიკა სამხრეთ კავკასიაში
ვაშინგტონის პოლიტიკა სამხრეთ კავკასიაში

„ჩვენ იმედი უნდა ვიქონიოთ, რომ ეს გამოვა. რუსეთს ბატონი სააკაშვილის მიმართ პირადი ანტიპათია გააჩნია და ძნელი წარმოსადგენია, რომ ისინი მოისურვებენ სააკაშვილთან რაიმე პოზიტიური ნაბიჯების გადადგმას. ვნახოთ, მე იმედი მაქვს, რომ ვითარება გამოსწორდება,“- დასძინა მაილსმა.

XS
SM
MD
LG