ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ასანჟი ბრიტანული სასამართლოს გადაწყვეტილებას აპროტესტებს


ასანჟი ბრიტანული სასამართლოს გადაწყვეტილებას აპროტესტებს
ასანჟი ბრიტანული სასამართლოს გადაწყვეტილებას აპროტესტებს

"ვიკილიკსის" სკანდალი გასული წლის ნოემბერში ჯულიან ასანჟის მიერ დაარსებულ „ვიკილიკსის“ ვებგვერდზე ამერიკის საიდუმლო სამხედრო და კონფიდენციალური დიპლომატიური მიმოწერის გამოქვეყნებით დაიწყო.

ჯულიან ასანჟი არ ეთანხმება ბრიტანული სასამართლოს გადაწყვეტილებას - შვედეთში მისი ექსტრადაციის შესახებ. ბატონი ასანჟი აცხადებს, რომ ბრალდება სქესობრივი ძალადობის შესახებ პოლიტიკურად არის მოტივირებული და რომ შვედეთი ვერ უზრუნველყობს მიუკერძოებელ სასამართლო პროცესს.

შეგახსენებთ, სკანდალი გასული წლის ნოემბერში ჯულიან ასანჟის მიერ დაარსებულ „ვიკილიკსის“ ვებგვერდზე ამერიკის საიდუმლო სამხედრო და კონფიდენციალური დიპლომატიური მიმოწერის გამოქვეყნებით დაიწყო. ოფიციალური ვაშინგტონი ჯერ კიდევ არკვევს, თუ რამდენად კანონიერად მოიპოვა ასანჟმა აღნიშნული დოკუმენტაცია.

ჯულიან ასანჟს შვედი მოქალაქეები გაუპატიურებაში და სქესობრივ ძალადობაში დებენ ბრალს. მისი ადვოკატები აცხადებენ, რომ შვედეთი დაინტერესებული მხარეა და იქ სასამართლო პროცესი ტენდენციური იქნება. ამიტომ ისინი აუცილებლად გაასაჩივრებენ გადაწყვეტილებას ექსტრადაციის შესახებ. ჯულიან ასანჟის დაცვა შიშობს, რომ მისი კლიენტი შესაძლოა ამერიკის შეერთებულ შტატებს გადასცენ და მან გუანტანამოს ციხეში ამოჰყოს თავი. ბატონი ასანჟი აპროტესტებს მოსამართლის გადაწყვეტილებას და აცხადებს:

“სასამართლომ უყურადღებოდ დატოვა როგორც ჩემი დაცვის არგუმენტაცია, ასევე საქმის დეტალები და შვედეთის მხარის უკმაყოფილებაც კი. ჩვენ, რა თქმა უნდა ვიცოდით, რომ გასაჩივრება დაგვჭირდებოდა და მზად ვიყავით ამისთვის“.

ბენ კითი, საექსტრადაციო ადვოკატი ლონდონიდან, კი ამბობს, რომ ჯულიან ასანჟის დაცვის არგუმენტაცია ყოველგვარ ლოგიკას არის მოკლებული:

„არ მიმაჩნია, რომ ბატონი ასანჟის ადვოკატთა შიში გამართლებულია. შვედეთში მას იგივე კანონი იცავს, რაც დიდ ბრიტანეთში. ორივე ქვეყანას ერთნაირი წარმატებით შეუძლია გადასცეს იგი შეერთებულ შტატებს, თუკი ამის საჭიროება გაჩნდება“.

ჯულიან ასანჟმა სასამართლო გადაწყვეტილების გამოტანის შემდეგ სიტყვით მიმართა იქ შეკრებილ მხარდამჭერებს და მოუწოდა მათ გაერთიანებულიყვნენ სიტყვის თავისუფლების გარშემო:

„ეს მხოლოდ ჩემი სასამართლო საქმე არ არის, არამედ თვითეული თქვენთაგანის თავისტკივილია. ყველა თქვენგანმა უნდა გაითავისოს იგი, რათა ეს აბსურდი მომავალში ჭკუის სასწავლებელი გახდეს“ - განაცხადა მან.

ექსპერტები სასამართლო პროცესის გაჭიანურებას ელიან. ამ ეტაპზე საექსტრადაციო გადაწყვეტილების გასაჩივრების განხილვას შესაძლოა რამდენიმე თვე დასჭირდეს.

XS
SM
MD
LG