გაეროს რასობრივი დისკრიმინაციის აღმოფხვრის კომიტეტი მოუწოდებს საფრანგეთს ქვეყნიდან ბოშების მასობრივი დეპორტაცია შეწყვიტოს. რადგან მასობრივი გამოსახლებებით საფრანგეთი საერთაშორისო კანონმდებლობას არღვევს. აღსანიშნავია, რომ გაეროს კომიტეტი მონიტორინგს უწევს 1969 წლის საერთაშორისო კონვენციას, რომელიც რასობრივი დისკრიმინაციის ყველა ფორმას გმობს.
გაეროს ჯგუფის თვრამეტმა წევრმა ერთხმად დაგმო საფრანგეთში ბოლო დროს აღზევებული რასისტული და ქსენოფობიური ქმედებები. ჯგუფის განცხადებით, ამ მხრივ განსაკუთრებული მწვავე ფორმით გამოირჩეოდა საფრანგეთში ბოშა ემიგრანტთა წინააღმდეგ გამართული ძალადობრივი დემონსტრაციები.
გაეროს რასობრივი დისკრიმინაციის აღმოფხვრის კომიტეტის წევრი პიერ რიჩარდ პროსპერი აღნიშნავს, რომ ეს ქმედება განსაკუთრებულად მიუღებელი იმ ნიშნით არის, რომ ბოშათა დეპორტაციას არა ინდივიდუალური, არამედ ჯგუფური ფორმა ჰქონდა:
„ სახელმწიფოს აქვს უფლება ქვეყნის უსაფრთხოების დასაცავად არალეგალი ემიგრანტების მიმართ გარკვეულ ზომები გაატაროს. მაგრამ ეს კოლექტიურ ბაზაზე არ უნდა მოხდეს და კონკრეტული ჯგუფის მიმართ დაპირისპირებაში არ უნდა გადაიზარდოს. ნებისმიერი გადაწყვეტილება თითოეულ პიროვნებაზე დაკვირვებისა და ინდივიდუალური გარემოების შესწავლის შემდეგ უნდა იქნას მიღებული."
პროსპერის განცხადებით, სახელმწიფოს ვალია მსგავს სიტუაციაში ადამიანის უფლებათა დაცვის, ვალდებულებებისა და თავშესაფარზე ზრუნვის გათვალისწინებით იმოქმედოს.
უკანასკნელ დროს საფრანგეთმა ბოშათა ასი არალეგალური ბანაკი დაშალა და ასობით ბოშა დააბრუნა რუმინეთსა და ბულგარეთში. ბოშების მასობრივ დეპორტაციას საფრანგეთის ხელისუფლება ქვეყნის უსაფრთხოების დაცვის მიზეზით ხსნის. გაეროსადმი გაგზავნილ დოკუმენტში საფრანგეთი ასევე აღნიშნავს, რომ დეპორტაცია ყველა პიროვნების საქმის პირადი შესწავლისა და თანხმობის საფუძველზე განხორციელდა.
თუმცა გაეროს კომიტეტის დარწმუნება ამაში მაინც ძალზე რთული საკითხია:
„ჩვენ მუდმივად ვღებულობთ ინფორმაციას იმის შესახებ,რომ ბოშებს მარტო საფრანგეთში როდი ექცევიან განსაკუთრებული სიმკაცრით. ამ ქმედებამ უკვე დისკრიმინაციის ფორმა შეიძინა. ამიტომაც გავაფრთხილეთ საფრანგეთის მთავრობა, თითოეული ადამიანის საქმის შესწავლის შედეგად მიეღოთ გადაწყვეტილება და ზომები კოლექტიური ფორმით არ გაეტარებინათ“ აცხადებს ბატონი პროსპერი.
გაეროს რასობრივი დისკრიმინაციის აღმოფხვრის კომიტეტი აღიარებს, რომ ბოშები მარტო საფრანგეთის პრობლემას არ წარმოადგენენ და ეს საკითხი ევროპის სხვა ქვეყნებშიც ასეთივე მწვავე სახით დგას.
აღსანიშნავია ისიც, რომ რუმინეთი და ბულგარეთი ევროკავშირის წევრი ქვეყნები არიან. ამ ქვეყნის მოქალაქეებს საკუთარი უფლებები აქვთ და შეუძლიათ ევროპის ნებისმიერ ქვეყანაში თავისუფლად გადაადგილდნენ.