ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ვაშინგტონი პირდაპირი მოლაპარაკებებისთვის მზადაა


ვაშინგტონში ეგვიპტის პრეზიდენტი ჰოსნი მუბარაკი და იორდანიის მეფე აბდულა ჩადის.

შეერთებული შტატების მთავრობა ისრაელისა და პალესტინის ლიდერებს შორის პირდაპირი სამშვიდობო მოლაპარაკებებისთვის ემზადება. სახელმწიფო მდივანმა ჰილარი კლინტონმა ამ შეხვედრის შესახებ ოფიციალური განცხადება გასულ პარასკევს გააკეთა.

„მე ისრაელის პრემიერ მინისტრი ბენიამინ ნათანიაჰუ და პალესტინელის ავტონომიის ლიდერი მაჰმუდ აბასი სექტემბერში ვაშინგტონში შეხვედრაზე მოვიწვიე. პირდაპირი მოლაპარაკებებით საბოლოო საკითხებზე მუშაობის პერიოდი დაიწყება, რომელიც ერთი წლის მანძილზე გაგრძელდება“

სექტემბრის მოლაპარაკებებზე დასასწრებად, ოფიციალურმა ვაშინგტონმა ეგვიპტის პრეზიდენტი ჰოსნი მუბარაკი და იორდანიის მეფე აბდულაც მოიწვია. გეგმის მიხედვით, პრეზიდენტი ობამა მოლაპარაკებების პირველივე დღეს ოთხ ლიდერთან ერთად მრგვალ მაგიდას მიუჯდება.

როგორც სახელმწიფო მდივანი ჰილარი კლინტონი აღნიშნავს, მნიშვნელოვანი პოლიტიკური მოვლენის დროს წინააღმდეგობაც ბევრი იქნება.

„ეჭვგარეშეა, რომ წინ არაერთი დაბრკოლება შეგვხვდება.მშვიდობის მოწინააღმდეგეები ჩვენს დამარცხებას და მოლაპარაკებების ჩაშლას შეეცდებიან“.

პალესტინელთა გასამხედროვებულმა დაჯგუფებამ "ჰამასმა",რომელიც ამ ეტაპზე ღაზას სექტორს აკონტროლებს, უკვე დაგმო ვაშინგტონში დაგეგმილი მოლაპარაკებები.

აღსანიშნავია,რომ ისრაელსა და პალესტინას შორის მოლაპარაკებები ორი წლის წინ წარუმატებლად დამთავრდა. მას მერე, ახლო აღმოსავლეთში სამშვიდობო პროცესში შეერთებული შტატების საგანგებო წარმომადგენელი ჯორჯ მიჩელი თვეების მანძილზე ორ მხარეს შორის მოლაპარაკებებს აწარმოებდა, დაპირისპირებულ მხარეებს შეერთებული შტატების მხრიდან დახმარებას აღუთქვამდა და კომპრომისებზე წასვლისკენ მოუწოდებდა.

ჰილარი კლინტონის განცხადებით, მოლაპარაკებები ვაშინგტონში ყოველგვარი წინაპირობების გარეშე უნდა დაიწყოს. პრეზიდენტი ობამასა და სახელმწიფო მდივნის აზრით, პალესტინისა და ისრაელის ლიდერები ამ შეხვედრისთვის უკვე მზად არიან. მხარეებს გაცნობიერებული აქვთ ორი სახელმწიფოს მშვიდობიანი თანაარსებობისა და პალესტინის საბოლოო სტატუსის ჩამოყალიბების საკითხები. ასევე გარკვეულია ლტოლვილებისა და იერუსალიმის სამომავლო ბედიც.

XS
SM
MD
LG