ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ბილ კლინტონი - შეერთებული შტატების ორმოცდამეორე პრეზიდენტი


ბილ კლინტონი - შეერთებული შტატების ორმოცდამეორე პრეზიდენტი
ბილ კლინტონი - შეერთებული შტატების ორმოცდამეორე პრეზიდენტი

პრეზიდენტმა კლინტონმა დიდი მხარდაჭერა მოიპოვა ისეთ საკითხებში, როგორიცაა დამნაშავეობასთან ბრძოლა.

შეერთებული შტატების ორმოცდამეორე პრეზიდენტი, ბილ კლინტონი თეთრ სახლში 1993 წლის იანვარში გადავიდა. 8 წლის მანძილზე მან მთავრობაში იმაზე მეტი ქალი და უმცირესობის დანარჩენი წარმომადგენლები მიიყვანა, ვიდრე ნებისმიერმა წინა პრეზიდენტმა.

ერთ-ერთი წინასაარჩევნო დაპირება, რომელიც კლინტონმა ამომრჩევლებს ვერ შეუსრულა, იყო საყოველთაო ჯანდაცვის კანონის მიღება. იმის მიუხედავად, რომ მმართველობის პირველი ორი წლის მანძილზე კონგრესს მისივე პარტიის წარმომადგენლები, დემოკრატები აკონტროლებდნენ, ჯანდაცვის რეფორმის გატარება კლინტონმა მაინც ვერ შეძლო.

კრიტიკოსები ამბობდნენ, რომ საყოველთაო ჯანდაცვის სისტემა ქვეყანას სოციალისტური მედიცინისკენ წაიყვანდა. საბოლოო ჯამში კანონმდებლებმა გადაწყვიტეს, რომ რეფორმა ამერიკას ძალიან ძვირი დაუჯდებოდა და მისი ადმინისტრირებაც ძალზე რთული იქნებოდა.

თუმცა, პრეზიდენტმა კლინტონმა დიდი მხარდაჭერა მოიპოვა ისეთ საკითხებში, როგორიცაა დამნაშავეობასთან ბრძოლა. გაიზარდა პოლიციის შტატი და ციხეების რაოდენობა. კონგრესმა 1993-94 წლებში ასევე მიიღო კანონი ფედერალური დანახარჯების შემცირების შესახებ. თუმცა, სულ მალე კლინტონის ურთიერთობა კონგრესთან გართულდა, ვინაიდან დემოკრატებმა არჩევნებზე დიდი მარცხი განიცადეს და უმრავლესობაში რესპუბლიკელები მოვიდნენ.

უკანასკნელი ორმოცი წლის მანძილზე პირველად სენატსაც და წარმომადგენელთა პალატასაც რესპუბლიკელები აკონტროლებდნენ. წინააღმდეგობა პრეზიდენტს და კანონმდებლებს შორის იმდენად გამწვავდა, რომ კლინტონის პერიოდში ბიუჯეტზე შეუთანხმებლობის გამო მთავრობის ოპერაციების დახურვა ორჯერ მოხდა.

და მაინც ამერიკა ბილ კლინტონს ერთ-ერთ ყველაზე წარმატებულ პრეზიდენტად მიიჩნევს, რადგან მან ჯორჯ ბუში მამისგან ეკონომიკურ რეცესიაში მყოფი ქვეყანა ჩაიბარა. მაგრამ მოახერხა ის, რომ პირველ ორ წელიწადშივე ქვეყანას ეკონომიკური გაუმჯობესება დაეტყო, შემდეგი ექვსი წლის მანძილზე კი ეკონომიკის მხრივ მსოფლიოს ერთ-ერთი წამყვანი ქვეყანა გახადა.

შეიძლება ბევრმა არ იცის, რომ ბილ კლინტონის პრეზიდენტობის პირველივე თვეში ნიუ იორკში მდებარე მსოფლიო სავაჭრო ცენტრში ტერორისტული აფეთქება მოხდა. ალ-ყაიდას წევრებმა შენობის ქვეშ მდებარე ავტოფარეხში ასაფეთქებელი მოწყობილობით დატვირთული საბარგო მანქანა შეიყვანეს. ექვსი ადამიანი დაიღუპა და ათასობით დაიჭრა 26 თებერვალს ქვემო მანჰეტენში მომხდარ ტერორისტულ აქტში. დამნაშავეები მალე დააპატიმრეს და გაასამართლეს.

ორ წელიწადში ოკლაჰომა-სითიში მომხდარ აფეთქებას კიდევ უფრო დიდი მსხვერპლი მოჰყვა - 168 ადამიანი. ამერიკის ისტორიაში იმ დროისათვის ეს ყველაზე მსხვერპლიანი ტერორისტული აქტი გახლდათ. მისი ორგანიზატორი ამჯერად ამერიკელი ვეტერანი ტიმოთი მაკვეი იყო, რომელსაც საკუთარი ქვეყნის მთავრობა და მისი პოლიტიკა სძულდა. მოგვიანებით 2002 წელს მაკვეის სასამართლოზე უმაღლესი განაჩენი -სიკვდილით დასჯა გამოუტანეს.

კლინტონს არაერთ საგარეო პრობლემასთან, მათ შორის ჰუმანიტარულ კრიზისთან მოუწია გამკლავება. 1993 წლის ოქტომბერში სომალიში შეიარაღებულმა დაჯგუფებებმა 18 ამერიკელი ჯარისკაცი გამოასალმეს სიცოცხლეს. ამ შეტაკებიდან რამდენიმე დღის შემდეგ კლინტონმა განკარგულება სომალიდან ამერიკული ქვედანაყოფების გამოყვანის შესახებ გასცა. ერთი წლის შემდეგ კი ჯარი ჰაიტიში შეიყვანა, რათა ხელისუფლებაში დემოკრატიულად არჩეული პრეზიდენტი დაებრუნებინათ.

1995 წელს ამერიკის დიპლომატიის და ნატოს ალიანსის საომარი ქმედების შედეგად ბოსნიაში სამოქალაქო ომის შეჩერება და სამშვიდობო მოლაპარაკებაზე შეთანხმების მიღწევა გახდა შესაძლებელი. ამერიკელი სამშვიდობოები ყოფილი იუგოსლავიის ტერიტორიაზე განლაგდნენ.

კლინტონის დამსახურებებში „ნაფტას“ სავაჭრო ხელშეკრულების დადებასაც მოიხსენიებენ. ეს იყო ჩრდილოეთ ამერიკის შეთანხმება თავისუფალი ვაჭრობის შესახებ, რომელიც შეერთებულ შტატებს, კანადას და მექსიკას შორის განხორციელდა. ხელშეკრულებას ჯერ კიდევ მამა ბუშმა მოაწერა ხელი, თუმცა კონგრესის დარწმუნება თავის დროზე ვერ შეძლო. კლინტონმა პროფკავშირები და გარემოს დამცველები, რომლებიც მაშინ ხელშეკრულების დაბლოკვას ლობირებდნენ, საპირისპირო მოსაზრებაში დაარწმუნა და „ნაფტას“ 1993 წლის ნოემბერში კანონის ძალა მიეცა.

პირველივე საპრეზიდენტო ვადაში კლინტონის ირგვლივ რამდენიმე გახმაურებული სკანდალი აგორდა. ერთ-ერთი ბილ კლინტონის და მისი მეუღლის, ჰილარი კლინტონის მიერ კერძო მფლობელობაში მყოფ კომპანიას შეეხებოდა, მეორე კი უფრო პირადი ხასიათის იყო და პრეზიდენტის ინტიმურ ცხოვრებაზე იყო აგებული. ამ თემაზე და პრეზიდენტის მეორე ვადის შესახებ საუბარს მოგვიანებით გავაგრძელებთ.

XS
SM
MD
LG