ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

დაუმთავრებელი რევოლუცია ეგვიპტეში


დაუმთავრებელი რევოლუცია ეგვიპტეში
დაუმთავრებელი რევოლუცია ეგვიპტეში

ახალი საპროტესტო გამოსვლების ტალღა ამჯერად მთავრობის მიმართ ხალხის ნდობის კრიზისს მოასწავებს.

ათობით ათასი ეგვიპტელი ქაიროს თაჰრირის მოედანზე ზედიზედ რამდენიმე ახალ საპროტესტო აქციას მართავს. აქტივისტები თვლიან, რომ რეფორმები ქვეყანაში არასწორად მიმდინარეობს. ისინი პირველ რიგში პოლიციური სისტემის სტრუქტურულ გარდაქმნას და იმ ყოფილი უმაღლესი ოფიციალური პირების დასჯას მოითხოვენ, რომელთაც დემონსტრანტების მკვლელობაში მიუძღვით ბრალი.

დროებითმა მთავრობამ მასობრივი გამოსვლების ხელახალ ტალღას შესაბამისი განცხადებით უპასუხა. შინაგან საქმეთა მინისტრის თქმით 600-ზე მეტი პოლიციის მაღალჩინოსანი სამსახურიდან დათხოვილ იქნება.

თაჰრირის მოედანზე შეკრებილები თვლიან, რომ ეს არ არის საკმარისი. ზოგიერთი მათგანი ამბობს, რომ ჯერჯერობით არანაირი რეალური ცვლილება არ განხორციელებულა. „სამხედრო საბჭომ ეგვიპტური პოლიტიკური ცხოვრება იმდენად კორუმპირებულად აქცია, რომ მხოლოდ თანამდებობის პირთა შეცვლა საქმეს აღარ შველის. ეს მხოლოდ სახეების გამოცვლაა, რეალური ცვლილება ჯერ არ დაწყებულა“- ამბობენ ისინი.

ეგვიპტის დედაქალაქში გამოცემული ინგლისურენოვანი გაზეთის -„Daily News”- მთავარი რედაქტორი, რანია ალ მალკი, ამბობს, რომ რომ ახალი საპროტესტო გამოსვლების ტალღა ამჯერად მთავრობის მიმართ ხალხის ნდობის კრიზისს მოასწავებს.

„შინაგან საქმეთა მინისტრის განცხადება თითქოს მათ მოთხოვნებს უნდა აკმაყოფილებდეს. მაგრამ ხალხს მათი აღარ ესმის. ჰგონიათ, რომ ყველაფერი, რაც არ უნდა მოხდეს, ძალიან ცოტაა, ან ძალიან გვიანია“ - ამბობს ის.

თაჰრირის მოედანზე შეკრებილები კი აცხადებენ, რომ არავინ იცის ვინ არის ის 600 პოლიციელი, რომელთაც სამსახურიდან უშვებენ. ფაქტი ისაა, რომ ჯერჯერობით 300 ადამიანის დაღუპვისთვის არავის პასუხი არ უგია. ნაწილი სასამართლოში გირაოს გადახდის შემდეგ გამოვიდა, ნაწილი კი საერთოდ გაათავისუფლეს პასუხისმგებლობისგან. „გამოდის, რომ ჩვენი თანამოაზრეები არაფრის გამო დაიღუპნენ“, ამბობენ დემონსტრანტები.

პროფესორი სააად ედინ იბრაჰიმი დიდი ხნის ოპოზიციონერია. მისთვის ეგვიპტური რევოლუცია და მუბარაქის ჩამოგდება მთელი ცხოვრების ოცნება იყო. პროფესორი საკუთარი კოჭლობის მიზეზად მუბარაქის ციხეში გატარებულ 3 წელიწადს ასახელებს, სადაც მას თითქმის ყოველდღიურად აწამებდნენ. მას მიაჩნია, რომ საპროტესტო აქციების ხელახალი ტალღა უსაფუძვლო არ არის. მთავარი აქ სხვა რამაა:

„ეგვიპტელებმა შიშის ბარიერი გადალახეს. და თუკი რამე ისე არ მოხდება, როგორც ხალხს აწყობს, აგრესია მაშინათვე გადმოიღვრება. ოღონდ მარტო ქაიროს თაჰრირის მოედანზე კი არა, ეგვიპტის ყველა დიდი ქალაქის ქუჩებში“ - აცხადებს პროფესორი და მართლაც, ამის საუკეთესო დასტური ქალაქ ალექსანდრიაში ახლახან გამართული მასობრივი დემონსტრაციაა.

ვეტერანი ეგვიპტელი ჟურნალისტი, ჰიშამ კასიმი, კი მოვლენების ამგვარი განვითარებით ძალზე შეშფოთებულია. მას მიაჩნია, რომ რამდენიმე ათეული წლის რეპრესიების შემდეგ, ხალხი მოედანზე გამოსვლით ერთგვარ თავისუფლებას გამოხატავს. ცუდი ის არის, რომ მათ პოლიტიკური ცვლილების განხორციელებისთვის სხვა მეთოდი არ იციან. ვერც კი წარმოუდგენიათ, რომ რეალურ რეფორმას სხვა რომელიმე გზით მიაღწევენ. ამიტომ მცირედი უკმაყოფილების შემთხვევაშიც კი ქუჩებში გამოდიან.

მივიღეთ ცნობიერება, რომელსაც მე „გამუდმებული ოპოზიციის სინდრომი“ ვუწოდე. მეც მაქვს ეს სინდრომი და უამრავ სხვასაც. ეს ბუნებრივიცაა, მე ხომ ოპოზიციაში 20 წელიწადზე მეტია ვიმყოფები. ახალ რეალობაზე გადართვას უმეტესობა ვერ შეძლებს. ხალხს უკვე სჭირდება რაიმეს ოპოზიციონრობა, არ აქვს მნიშვნელობა - რის. ამ წუთში ეს პოლიტიკაა. ცივილიზებული პოლიტიკური კულტურა ეგვიპტეში ჯერ კიდევ დიდხანს ვერ დამკვიდრდება“ - ამბობს ბატონი კასიმი.

მართებულია თუ არა, ეს არის გზა, რომელიც ათობით ათასმა ეგვიპტელმა აირჩია. მთავრობა კი მოვალეა საკუთარ მოსახლეობას მოუსმინოს და მისი მოთხოვნები გაითვალისწინოს. საბოლოო ჯამში ეგვიპტელებს ხომ მხოლოდ უკვე მიღწეული წარმატების დამკვიდრება და რეფორმის გამყარება სურთ. ამაში მათ ვერავინ დაადანაშაულებს.

XS
SM
MD
LG