ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

კატასტროფის ამოუცნობი გავლენა


კატასტროფის ამოუცნობი გავლენა
კატასტროფის ამოუცნობი გავლენა

ავარიის შედეგად დაღუპული პირების რიცხვი რამდენიმე ასეულიდან დაახლოებით ერთ მილიონამდე მერყეობს.

ოცდახუთი წლის წინ, 26 აპრილის დილას, მაშინდელ უკრაინის საბჭოთა რესპუბლიკაში მდებარე ჩერნობილის ატომურ ელექტროსადგურზე რეაქტორი ნომერი ოთხი აფეთქდა და დაიწვა. ჩერნობილის ავარია კაცობრიობის თანამედროვე ისტორიაში ყველაზე საზარელი ატომური ინციდენტის სახელით ჩაიწერა. მაგრამ ჩერნობილის ავარიის შედეგად დაღუპული და დაზარალებული ხალხის ზუსტი რიცხვი დღემდე მწვავე კამათის საგანს წარმოადგენს.

ნატალია მანზუროვა ჩერნობილის ავარიას გადაურჩა. აფეთქებიდან ცოტა ხნის შემდეგ მანზუროვა და 15 სხვა მეცნიერი ატომური ავარიის ადგილზე გაგზავნეს. მათ გარემოზე რადიაციის გავლენასთან დაკავშირებული ოთხწლიანი სამეცნიერო გამოკვლევა ჩაატარეს:

„იქ მივლინებულ მეცნიერთა შორის მხოლოდ მე გადავრჩი. მეცნიერებთან ერთად იქ ლაბორანტებიც გაგზავნეს. ახლა ლაბორანტებს შორის მხოლოდ რამდენიმეა ცოცხალი" - აღნიშნავს მანზუროვა.

აღსანიშნავია, რომ ავარიამდე ჩერნობილის მახლობლად მცხოვრები მოსახლეობა დაახლოებით 350,000-ს აღწევდა. საბჭოთა ხელისუფლებამ მოსახლეობის ევაკუირება მოახერხა, მაგრამ ბევრმა რადიაციის მაღალი დოზა მიიღო. თუმცა ავარიის შედეგად დაღუპული პირების რიცხვი რამდენიმე ასეულიდან დაახლოებით ერთ მილიონამდე მერყეობს.

2005 წელს ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ გამოაქვეყნა ანგარიში, რომლის თანახმადაც ჩერნობილის ავარიიდან ათი წლის მანძილზე დაღუპულთა რიცხვი 2,200-ს არ აღემატება. ბარტონ ბენეტი გაეროს ჩერნობილის ფორუმის თავჯდომარე გახლავთ. ბენეტი აღნიშნავს, რომ ხსენებულ ანგარიშში მოცემული დასკვნის მიხედვით ჩერნობილის ავარიის შედეგები ნაკლებად სერიოზული აღმოჩნდა ვიდრე ეს ბევრს ეგონა:

„ავარიის ლიკვიდაციაში უშუალოდ ჩართული პირები მძიმედ დაშავდნენ. მაგრამ ავარიის ადგილთან ახლოს მცხოვრები ხალხის უმრავლესობამ რადიაციის დაბალი დოზა მიიღო, რაც მათ ჯანმრთელობას სერიოზულად არ დააზიანებდა “ - აღნიშნა ბარტონ ბენეტმა.

გაეროს ანგარიშში ნათქვამია, რომ ჩერნობილის ავარიის შედეგად დაზარალებულ 4,000 პაციენტს, მათ შორის ბევრ ბავშვს, ფარისებური ჯირკვლის კიბო აღმოუჩნდა. კიბო არც ნატალია მანზუროვას ასცდა.

„ყველაზე ცუდი ის გახლავთ, რომ ჩემი იმუნიტეტი იმდენად დასუსტდა, რომ მე უბრალო გაციებისგან და გრიპისგან ძალიან ვიტანჯები. ამას გარდა, გადატანილი გულის შეტევის შემდეგ, ჩემი ცენტრალური ნერვული სისტემა ძალიან დაზარალდა “ - ჩივის ჩერნობილის ავარიის სპეციალისტი.

ბევრ ექსპერტს მიაჩნია, რომ ჩერნობილის ავარიის შედეგად გაჟონილმა რადიაციამ ახალშობილ ბავშვებში ბევრი თანდაყოლილი დეფექტი გამოიწვია. ექიმი ჯენეტ შერმანი ტოქსიკოლოგი გახლავთ. შერმანი რადიაციის მავნებელი გავლენის შესახებ რამდენიმე წიგნის ავტორია:

„ჩვენთვის ახლა ცნობილია ის, რომ ბელარუსში დაბადებულ ბავშვთა მხოლოდ დაახლოებით 20 პროცენტი შეიძლება ჩაითვალოს ჯანსაღად. დანარჩენ 80 პროცენტს სხვადასხვა დაავადებები, გონებრივი პრობლემები, დაბადებიდანვე თანდაყოლილი დაბალი წონა და ტვინის დაზიანება სჭირთ. გრძელვადიან პერსპექტივაში კი ყველაზე დიდ პრობლემას ტვინის დაზიანება წარმოადგენს,“ აღნიშნავს ტოქსიკოლოგი ჯენეტ შერმანი.

ალექსეი იაბლოკოვი მეცნიერების საკითხებში საბჭოთა მთავრობის მრჩეველი იყო. იაბლოკოვის თქმით, ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ ჩერნობილის ავარიის შესახებ სიმართლე მიჩქმალა:

„ჩვენი გამოანგარიშებით, რომელიც წიგნში გამოვაქვეყნეთ, ჩერნობილის ავარიიდან 25 წლის მანძილზე ატომურ ელექტროსადგურზე მომხდარ კატასტროფას ერთ მილიონზე მეტი ადამიანი შეეწირა. და სავალალო ის არის, რომ მსხვერპლთა რიცხვი კიდევ გაიზრდება" - დასძენს რუსეთის მეცნიერებათა აკადემიის წევრი ალექსეი იაბლოკოვი.

რანაირადაც არ უნდა წარიმართოს სამეცნიერო დებატები, ერთი რამ ცხადია - უკრაინის ტერიტორიის მნიშვნელოვან ნაწილში რადიაციის მაღალი დონე შემდეგი 300 წლის მანძილზე დაფიქსირდება, რაც იმას ნიშნავს, რომ იქ ცხოვრება შეუძლებელი იქნება.

XS
SM
MD
LG