ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

კადაფის გავლენა აფრიკის პოლიტიკურ ცხოვრებაზე


კადაფის გავლენა აფრიკის პოლიტიკურ ცხოვრებაზე
კადაფის გავლენა აფრიკის პოლიტიკურ ცხოვრებაზე

ლიბიის ექსცენტრიული ლიდერის ხედვით, აფრიკული კავშირი ბიუროკრატიული ორგანიზაციიდან კონტინენტალურ ძალაუფლებად უნდა გადაიქცეს. მის იდეას ხშირად „აფრიკის შეერთებული შტატების“ პროექტად მოიხსენიებენ. კადაფის წინადადებით, 53 ქვეყნის გაერთიანებამ ევროკავშირის მსგავსად თანდათანობით მეტი უფლებამოსილება უნდა შეიძინოს და დროთა განმავლობაში მმართველობის ისეთ სისტემად ჩამოყალიბდეს, რომელსაც საკუთარი რეგულარული ჯარი ეყოლება.

მართალია, თავად მოამარ კადაფი უარყოფს ამას, მაგრამ აფრიკელ ლიდერებს მიაჩნიათ, რომ ლიბიის ხელისუფალს პირადი ამბიციაც ამოძრავებს და მას თავად სურს მომავალი აფრიკული კავშირის თავმჯდომარეობა.

უკანასკნელ აფრიკულ სამიტზე კადაფის ზეწოლა აღნიშნული წინადადების განხილვისას იმდენად ძლიერი იყო, რომ კადაფის ამბიციურობამ და ამპარტავნებამ ბევრი აფრიკელი ლიდერის გაღიზიანება გამოიწვია. აფრიკის კავშირში ანტი-კადაფისტური ბლოკიც კი შეიქმნა, რომელიც აცხადებს, რომ კონტინენტი არ არის მზად ამ მასშტაბის ფინანსურ-პოლიტიკური სტრუქტურის შესაქმნელად.

მსგავსი განხილვები, როგორც წესი, დახურულ კარს მიღმა მიმდინარეობს და მასმედიისთვის მისი დეტალები ძირითადად უცნობი რჩება. თუმცა, ლიბიაში მიმდინარე არეულობის ფონზე კადაფის პოზიციები მნიშვნელოვნად შეირყა და ზოგიერთი ანტი-კადაფისტური ბლოკის წევრიც ხმამაღლა გამოხატავს საკუთარ აზრს. მათ შორისაა ეთიოპიის პრემიერ მინისტრი, მელეს ზენავი, რომელიც აცხადებს, რომ ყველა ის ეთიოპელი, რომელიც პროკადაფისტურ დაქირავებულ არმიას შეუერთდება, სამშობლოში სისხლის სამართლის დამნაშავედ გამოცხადდება.

„ყველამ იცის, რომ ჩვენ ლიბიის ლიბიის ხელისუფლებასთან გარკვეული უთანხმოებები გვქონდა. მათი ნაწილი ქვეყნდებოდა, ნაწილი კი საზოგადოებისთვის უცნობი იყო. სავსებით გამოვრიცხავ ეთიოპელთა მონაწილეობას კადაფის დაქირავებულ არმიაში. და თუკი ეს გამონაკლისის სახით მოხდება, ჩვენ თითოეულ მეომარს გავასამართლებთ“.

ვერავინ უარყოფს კადაფის სერიოზულ გავლენას აფრიკულ კავშირზე. თითქმის ნახევარი საუკუნის მანძილზე ის წარმატებით იყენებდა ლიბიურ ნავთობს საკუთარი პან-აფრიკული ხედვის დანერგვისთვის და ახლა დივიდენდების გადახდას ითხოვს. ლიბიის წლიური შესატანი აფრიკის კავშირის ფონდში თითქმის 15 პროცენტს შეადგენს. კადაფი ბევრი სხვა ღარიბი ქვეყნის საწევროსაც იხდის. ეს ლიბიას წლიურად დაახლოებით 40 მილიონი დოლარი უჯდება.

სწორედ ამ ფაქტორების გათვალისწინებით გასაგები ხდება, თუ რატომ წაიყრუა აფრიკის კავშირის კომიტეტმა და არ წავიდა კადაფის წინააღმდეგ, როცა გაერომ ლიბიის სანქციებზე და არასაფრენი ზონის გამოცხადებაზე დაიწყო საუბარი.

იმის მიუხედავად, რომ კადაფის ძალაუფლება ამ წუთას კითხვის ნიშნის ქვეშ დგას, აფრიკის კავშირი მაინც იკრიბება კადაფის ამბიციური წინადადების განსახილველად. კავშირის მთავარი იურიდიული მრჩეველი, ბენ კიოკო აცხადებს, რომ რეორგანიზაციის კონცეფცია წლების მანძილზე განიხილებოდა:

“მართალია, იდეა თავიდან კადაფისგან წამოვიდა, მაგრამ ეს არ ნიშნავს, რომ იგი ახლაც მას ეკუთვნის. პროექტი დიდი ხნის მანძილზე მუშავდებოდა, იხვეწებოდა და დღეს მისი ავტორობა ასამბლეას ეკუთვნის“.

კადაფის პროექტს აფრიკელ ლიდერთა შორის ბევრი მომხრე ჰყავს. მათ შორის ნიგერიის და განის კომიტეტის წარმომადგენლებიც არიან. მათი თქმით, ჰარმონიზაციის პროცესი უკვე დაწყებულია და შორს არ არის ის დღე, როცა აფრიკის სხვადასხვა ქვეყნის მოქალაქეები ერთმანეთთან ვიზის გარეშე იმოგზაურებენ, ისევე როგორც ეს ევროკავშირში ხდება.

ლიბიაში მიმდინარე სამოქალაქო ომის გამო მოამარ კადაფის პოლიტიკური მომავალი ჯერჯერობით გაურკვეველია. თუმცა ექსპერტების უმრავლესობას მიაჩნია, რომ ის ისტორიაში დარჩება უფრო როგორც აფრიკელი დესპოტის სიმბოლო, რომელიც დიდი ხნის განმავლობაში მართავდა ქვეყანას და არა როგორც აფრიკის შეერთებული შტატების იდეის ავტორი.

XS
SM
MD
LG