ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ირაკლი ოქრუაშვილის განცხადებების უკან


ირაკლი ოქრუაშვილის განცხადებების უკან

ქართული პოლიტიკური წრეების წარმომადგენლებს ყოფილი თავდაცვის მინისტრის განცხადებებზე კომენტარის გაკეთებაც არ სურთ.

ამ დღეებში რუსეთის ტელევიზიის ეთერით გავიდა რუსეთის პირველი არხის მიერ მომზადებული დოკუმენტური ფილმი, სადაც საქართველოს ყოფილი თავდაცვის მინისტრი ირაკლი ოქრუაშვილი აცხადებს, რომ:

“საქართველოს პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი ხსნის დერეფნებს ჩეჩენი ბოევიკებისთვის, ურიცხავს მათ ფულს, ამარტივებს სავიზო რეჟიმს ჩრდილოკავკასიის რესპუბლიკებთან, იწყებს ომს ე.წ. სამხრეთ ოსეთში და ჩერქეზების გენოცოდის თემით მანიპულირებს, იმიტომ რომ ეს ”ვიღაცას მოსწონს”

- განაცხადა ყოფილმა თავდაცვის მინისტრმა დოკუმენტურ ფილმში ”კავკასიის გეგმა 2. მეტასტაზები”. ფილმში ასევე საქართველოს ყოფილი თავდაცვის მინისტრი აცხადებს, რომ საქართველოს პრეზიდენტის ნებართვით საზღვრის გადაკვეთისას დერეფანი ეძლეოდა მოსკოვსა და ვოლგოდონსკში 1999 წლის სექტემბერში საცხოვრებელი სახლების აფეთქებებში ბრალდებულ აჩიმეზ გოჩიაევს:

” ის, რომ მას დერეფანი ორჯერ მიეცა, ამის თვითმხილველი პირადად ვარ. შსს იყო დაკავებული ამ საკითხის გადაწყვეტით, გოჩიაევს დაღესტნიდან თურქეთამდე უხსნიდნენ გზას, ერთხელ ეს დერეფანი უკან დასაბრუნებლადაც მისცეს. ასე რომ, ასეთი საკითხები მიხეილ სააკაშვილის გვერდის ავლით არ წყდება."

-განაცხადა დოკუმენტურ ფილმში ოქრუაშვილმა.

ქართული პოლიტიკური წრეების წარმომადგენლებს ყოფილი თავდაცვის მინისტრის განცხადებებზე კომენტარის გაკეთებაც არ სურთ, თუმცა ყველა ამბობს, რომ ირაკლი ოქრუაშვილის მიერ გაკეთებული განცხადებები არათუ უპასუხისმგებლო, არამედ დანაშაულებრივია საკუთარი ქვეყნის მიმართ და მოქალაქეობრივი მოვალეობის, პოლიტიკური ქმედებების ფარგლებს სცდება.

სრულიად აშკარაა ამგვარი უპასუხისმგებლო განცხადებები როგორი ხიფათის შემცველია ქვეყნისთვის და რა შედეგები შეიძლება მოუტანოს ამან საქართველოს. როგორც ჩანს, საქართველოს პოლიტიკური ელიტის ერთ-ერთი ყოფილი წარმომადგენელი ისე დააბრმავა შურისძიების გრძნობამ საკუთარი თანაგუნდელების მიმართ, რომ ამან დაუკარგა პატრიოტიზმის შეგრძნება და თანდათან სამშობლოს ინტერესების მოწინაღღმდეგად აქცია”

- აცხადებს ახალი მემარჯვენეების ლიდერი დავით გამყრელიძე.

ასეთი განცხადებები დარტყმის ქვეშ აყენებს საქართველოს” -

-თვლის საპარლამენტო ოპოზიციის წევრი ჯონდი ბარათურია :

”ასეთი განცხადებები დარტყმის ქვეშ აყენებს საკუთარ სამშობლოს, საკუთარ ხალხს და არა ხელისუფლებას. ცილი დასწამო და ბრალი დასდო საკუთარ სამშობლოს ასეთ მძიმე დანაშაულში, როგორიც არის ტერორიზმი, ასეთმა ქმედებამ შესაძლოა გამოიწვიოს (თუ კი დაიჯერა დანარჩენმა მსოფლიომ ეს) ქვეყნის იზოლაცია. უფრო მეტიც, ამან შეიძლება გამოიწვიოს სამხედრო ინტერვენცია , მაგალითად რუსეთისა ან ერთობლივი მოქმედება სხვა ქვეყნების. ტერორიზმს უნდა ებრძოდეს მთელი ცივილური სამყარო ყველგან, ყველა ფორმით და მეთოდით, მაგრამ ეს უბრალოდ სიცრუეა, საქართველო ტერორიზმის ანკლავი არ არის ”.

ირაკლი ოქრუაშვილი ღიად იბრძვის საქართველოს წინააღმდეგ, აცხადებს საპარლამენტო უმრავლესობის წევრი ეკა ხერხეულიძე :

”ტიპიური რუსეთის აგენტი, რომელიც ღიად იბრძვის საქართველოს სახელმწიფოებრიობის ჩამოშლისთვის. ბუნებრივია, ეს არის მისი მცდელობა, რაც აბსოლუტურად პრაქტიკაში ვერ განხორციელდება. ეს თავადაც კარგად იცის, მაგრამ მას მეტი გზა არ აქვს. საქართველოს სახელმწიფო არ აპირებს მასზე კომენტარების გაკეთებას, ვინაიდან მან იმდენად გამჭვირვალედ წარმოაჩინა თავის თავი საკუთარი ერის წინაშე, რომ მე მართლა მეუხერხულება მასზე კომენტარების კეთება. სირცხვილია, რომ ეს ადამიანი იყო ჩვენი ქვეყნის თავდაცვის მინისტრი."

ახალმა მემარჯვენეებმა ყველა პოლიტიკურ ლიდერს და პარტიას მიმართეს, ვინს დღეს თავს ხელისუფლების ოპოზიციად თვლის, საქართველოს ინტერესებით იხელმძღვანელონ.

XS
SM
MD
LG