დღეს ვაშინგტონში კარნეგის სახელობის საერთაშორისო მშვიდობის ფონდში ჩატარდა კონფერენცია თემაზე:“ საქართველოს სახელმწიფოს სტრატეგია ოკუპირებულ ტერიტორიებზე.“
კონფერენციაზე რეინტეგრაციის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრის ეკა ტყეშელაშვილის მოხსენება მოისმინეს, რომელიც საქართველოს ხელისუფლების პოლიტიკას ასახავს რუსეთის მიერ ოკუპირებული საქართველოს ტერიტორიების მიმართ ცხინვალის რეგიონსა და აფხაზეთში. ეს პოლიტიკა ქალბატონი ტყეშელაშვილის განცხადებით ოკუპირებული ანკლავების მოსახლეობისადმი საქართველოს ხელისუფლების მიერ გარკვეული დივიდენდების მინიჭერას ითვალისწინებს ისეთ სფეროებში, როგორებიცაა ჯანდაცვა, განათლება, სავაჭრო ურთიერთობები, სპორტის და კულტურული ურთიერთობის საკითხები.
რეინტეგრაციის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრმა ყურადღება გაამახვილა საერთაშორისო საზოგადოების როლზე კონფლიქტის მოგვარების საქმეში.
შეხვედრას თავმჯდომარეობდა სამხრეთ კავკასიის საკითხების ცნობილი ექსპერტი, კარნეგის ფონდის რუსეთის და ევრაზიის პროგრამების კოორდინატორი ტომას დე ვაალი, რომელიც რამდენიმე ნაშრომის ავტორია კავკასიაში მიმდინარე კონფლიქტებთან დაკავშირებით. მეორე გამომსვლელი ჯორჯ ვაშინგტონის უნივერსიტეტის პროფესორი კორი ველტი იყო, რომელმაც გარკვეული კრიტიკული შენიშვნების მიუხედავად, მთლიანობაში დადებითად შეაფასა საქართველოს მთავრობის პოლიტიკა რეფორმების გატერების თვალსაზრისით და იმედი გამოთქვა, რომ აფხაზები და ოსები საქართველოსთან ეკონომიკური კავშირების გაფართოების შემთხვევაში უფრო მეტ დაინტერესებას გამოიჩენენ თბილისთან პოლიტიკური თანამშრომლობის აღდგენის საქმეში, თუმცა დღევანდელი სიტუაციიდან გამომდინარე რუსეთის დესტრუქციული როლის გათვალისწინებით ეს ალბათ უფრო შორეული მომავლის საქმეა.
საინტერესო შეხვედრა დაახლოებით ორ საათს გაგრძელდა, რომლის დასასრულს ქალბატონმა ეკა ტყეშელაშვილმა ამომწურავი პასუხები გასცა დამსწრე საზოგადოების მრავალრიცხოვან შეკითხვებს.