ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

დევნილები გამოსახლებას აპროტესტებენ


დევნილები გამოსახლებას აპროტესტებენ

სახელმწიფოს მიერ გაწერილი სტრატეგიის თანახმად, გამოსახლება შს მინისტრის ბრძანების შესაბამისად მიმდინარეობს.

პრეზიდენტის რეზიდენციასთან დღეს დევნილებმა მორიგი საპროტესტო აქცია მოაწყვეს. საქართველოში დევნილთა გამოსახლების მომდევნო ეტაპი დაიწყო, რაც დედაქალაქის დევნილებისგან განტვირთვას ითვალისწინებს.

ხელისუფლება აცხადებს, რომ იძულებით გადაადგილებულ ადამიანებს საქართველოს სხვადასხვა ადგილას, დედაქალაქის გარეთ სთავაზობს ალტერნატიულ ფართს და ამით ასრულებს ნაკისრ მოვალეობას. პრობლემა იმაში მდგომარეობს, რომ დევნილებს, რომლებიც წლების მანძილზე დედაქალაქში ცხოვრობდნენ და ამ დრომდე გარკვეულწილად დაძლიეს ახალ გარემოში ადაპტირების პრობლემა, შეგუებისა და დამკვიდრების ხელახალ წრეზე უწევთ წასვლა. ხელისუფლება მათ ახალ საცხოვრებელ ადგილებს რეგიონებში სთავაზობს, საგანგებოდ მათთვის აშენებულ ან გარემონტებულ კოტეჯებსა და სახლებში. მანუჩარ სიგუა, დევნილთა სამოქალაქო მოძრაობის ლიდერი, რომელიც დღეს აქციაზე იმყოფებოდა, ამბობს, რომ არც ერთ დევნილს არ სურს სხვაგან წასვლა, რადგან იქ არაფერია საცხოვრებლის გარდა:

„თავადაც დევნილი ვარ აფხაზეთიდან. ისეთ მგომარეობაში გვაყენებს ხელისუფლება, რომ სხვა გზა არ გვაქვს, ბრძოლის გზის გარდა. იმდენი აქცია მოვაწყვეთ პროტესტის, რომ ბოლოს ვიფიქრეთ, ბარემ საპროტესტო მოძრაობა ჩამოგვეყალიბებინა. ხვალ გაეროს შენობის წინ ვაპირებთ საკუთარი აღშფოთების დაფიქსირებას, შემდეგ ევროკავშირის ოფისთან მოვალთ. გვინდა, ყველას მივახვედროთ, რომ ხელისუფლება ძალიან ცუდად გვექცევა,“– ამბობს მანუჩარ სიგუა.

ლაშა ჩხარტიშვილი, უფლებადამცველი, კონსერვატიული პარტიის დედაქალაქის საქმეთა მდივანი, ჩვენთან საუბრისას ყურადღებას ამახვილებს სამართლებრივ დეტალებზე. მისი აზრით, დევნილების უფლებები დარღვეულია, როდესაც ხელისუფლება მათი აზრისა და სურვილის გაუთვალისწინებლად აიძულებს საცხოვრებელი შეიცვალონ:

„ჩვენ მოვითხოვთ, დაახლოებით 5 ათასამდე დევნილს დაუკანონდეს საცხოვრებელი. ეს ის პირობაა, რასაც ხელისუფლება დევნილებს არჩევნებამდე აძლევდა. მართალია, არის დევნილთათვის საცხოვრებლის დაკანონების ერთეული შემთხვევები, მაგრამ ამას, ძირითადად იმ მიზნით აკეთებს ხელისუფლება, რომ გამოსახლების თემა გადაიფაროს,“– ამბობს ლაშა ჩხარტიშვილი.

ნონა ქურდოვანიძე, ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის დევნილთა საკითხების კოორდინატორი ამბობს, რომ ხელისუფლება როდესაც დევნილებს საცხოვრებლის არჩევას სთავაზობს და ვთქვათ, ორ ვარიანტს ასახლებს, ორივე მათგანი საქართველოს რეგიონებიდანაა:

„ჩვენმა თანამშრომლებმა მოინახულეს საცხოვრებელი ფართები, რომლებსაც დევნილებს სთავაზობენ. ისინი გარემონტებულია, თუმცა პრობლემა ისაა, რომ კომპაქტური ჩასახლების ადგილას არ არის სკოლები, ამბულატორიები, სრულებით განუვითარებელია ინფრასტრუქტურა,“– ამბობს ნონა ქურდოვანიძე.

სახელმწიფოს მიერ გაწერილი სტრატეგიის თანახმად, გამოსახლება შს მინისტრის ბრძანების შესაბამისად მიმდინარეობს. ამ დრომდე ფაქტობრივ საცხოვრებელ ადგილას დაურეგისტრირებული დევნილების გამოსახლების პროცესი საქართველოს რეგიონებში ჯერ არ დაწყებულა.

XS
SM
MD
LG