ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

უოლ სტრიტი აშშ-ს ცენტრალური ბანკის გეგმას დადებითად ეხმაურება


უოლ სტრიტი აშშ-ს ცენტრალური ბანკის გეგმას დადებითად ეხმაურება

რესპუბლიკელები, რომლებიც ახლა წარმომადგენელთა პალატას აკონტროლებენ, ფედერალური მთავრობის ახალ დანახარჯებს ეწინააღმდეგებიან.

გლობალურ საფონდო ბირჟებზე ფასიანი ქაღალდების კურსი მკვეთრად გაიზარდა და ამერიკული დოლარის გაცვლითი კურსი მნიშვნელოვნად დაეცა მას შემდეგ, რაც შეერთებული შტატების ცენტრალურმა ბანკმა საპროცენტო განაკვეთების შემცირებისა და ამერიკის ეკონომიკის გამოცოცხლების მიზნით, მიიღო გადაწყვეტილება ფულად მიმოქცევაში დამატებითი 600 მილიარდი დოლარის ჩაეშვა.

როგორც "ამერიკის ხმის" კორესპონდენტი მაიკლ ბოუმანი იუწყება, ინვესტორები ამ გადაწყვეტილებას ესალმებიან, მაგრამ ევროპასა და მსოფლიოს სხვა რეგიონებში ფულადი პოლიტიკის ექსპერტები, ამასთან დაკავშირებით, შეშფოთებას გამოთქვამენ.

პრეზიდენტმა ბარაკ ობამამ განაცხადა, რომ მიმდინარე კვირის დასაწყისში გამართულ კონგრესის შუალედურ არჩევნებზე ამერიკელმა ხალხმა თავისი ხმებით დაამტკიცა, რომ ეკონომიკის სავალალო მდგომარეობა მთავარ პრიორიტეტს წარმოადგენს:

„ამომრჩევლებს სურთ, რომ ჩვენ ყურადღება ეკონომიკასა და სამუშაო ადგილებზე გავამახვილოთ და ქვეყანა წინ წავწიოთ,“ განაცხადა პრეზიდენტმა ობამამ.

მაგრამ კონგრესის შუალედური არჩევნების შემდეგ, გაყოფილი საკანონმდებლო ხელისუფლების ფონზე, ანალიტიკოსები აღნიშნავენ, რომ ეკონომიკის შემდგომი სტიმულირების მიზნით, დამატებითი ზომების განხორციელება შეიძლება პრობლემატური აღმოჩნდეს. რესპუბლიკელები, რომლებიც ახლა წარმომადგენელთა პალატას აკონტროლებენ, ფედერალური მთავრობის ახალ დანახარჯებს ეწინააღმდეგებიან. მომავალ წელს შეერთებულ შტატებში გადასახადები გაიზრდება. ეს რომ არ მოხდეს, კონგრესმა და თეთრმა სახლმა შეთანხმებას უნდა მიაღწიონ.

მაგრამ, სამწუხაროდ ამ საკითხთან დაკავშირებით, თეთრ სახლსა და კონგრესს შორის აზრთა სხვადასხვაობა სუფევს. ამასობაში შეერთებული შტატების ცენტრალური ბანკი ფედერალური მთავრობის ფასიანი ქაღალდების შესყიდვის მიზნით, ბევრი ფულის დაბეჭდვას აპირებს. ამ მექანიზმს „რაოდენობრივ შემსუბუქებას“ უწოდებენ.

შეერთებული შტატების ხაზინის დეპარტამენტის მდივნის ყოფილი მოადგილე რიჩარდ კლარიდა აღნიშნავს, რომ მოკლევადიანი საპროცენტო განაკვეთები ამჟამად ისედაც ისტორიულად ძალიან დაბალ დონეზეა და ამდენად ეკონომიკის სტიმულირების მიზნით, ცენტრალურ ბანკს მხოლოდ ერთი გზაღა დარჩა - გრძელვადიანი საპროცენტო განაკვეთების შემცირება.

„არსებითად ცენტრალურ ბანკს საპროცენტო განაკვეთების შემცირება აღარ ძალუძს. მოკლევადიანი საპროცენტო განაკვეთები ხომ ისედაც ნულამდეა დაცემული. ამდენად, თუ ისინი ფულადი პოლიტიკის შემსუბუქებას აპირებენ, მათ რაოდენობრივი ზომების მიღება მოუხდებათ,“ აღნიშნა კლარიდამ.

ცენტრალური ბანკის ოთხშაბათს გაკეთებულმა განცხადებამ გლობალურ საფონდო ბირჟებზე დადებითად იმოქმედა. ნავთობსა და სპილენძზე ფასები მნიშვნელოვნად გაიზარდა და შედეგად დოლარის კურსი მსოფლიოს სხვა მთავარ ფულად ერთეულებთან მიმართებაში დავარდა.

გაზეთ „უოლ სტრით ჯორნალთან“ ინტერვიუში საფრანგეთის ფინანსთა მინისტრმა კრისტინ ლაგარდმა გამოთქვა შეშფოთება, რომ შეერთებული შტატების ცენტრალური ბანკის გადაწყვეტილება ევროს გაცვლით კურს გაზრდის. ხოლო გერმანიის ეკონომიკის მინისტრმა რაინერ ბრუდერლემ აღნიშნა, რომ ნახსენებ რაოდენობრივ შემსუბუქებას ინფლაცია და არა ეკონომიკური ზრდა მოჰყვება.

გერმანიის ეკონომიკის მინისტრის თქმით, შეერთებული შტატების ცენტრალური ბანკის თავჯდომარეს ბენ ბერნანკეს, როგორც ჩანს, სჯერა, რომ ეკონომიკის გამოცოცხლება შვეულმფრენიდან ფულის ცვენით იქნება შესაძლებელი. მან ხაზგასმით აღნიშნა, რომ იგი ამგვარ შეხედულებას არ იზიარებს.

შეერთებული შტატების ცენტრალური ბანკის გადაწყვეტილებას მსგავსი გამოხმაურება მოჰყვა ბრაზილიის ფინანსთა მინისტრის მხრიდანაც. გუიდო მანტეგამ აღნიშნა, რომ მართალია მსოფლიო შეერთებული შტატების ეკონომიკის სიძლიერეში დაინტერესებულია, ვაშინგტონში უფრო მეტი ფულის ბეჭდვა გამოსავალი როდია.

მაგრამ ამერიკელი ანალიტიკოსები აღნიშნავენ, რომ გრძელვადიანი საპროცენტო განაკვეთების შემცირება შეერთებული შტატების უძრავი ქონების ბაზარზე მდგომარეობას გააუმჯობესებს. ამას კი შესაძლოა ქვეყანაში ეკონომიკური გამოცოცხლება მოჰყვეს. მაგრამ ფულის ბეჭდვის გარდაუვალი გრძელვადიანი შედეგი ინფლაცია იქნება, რომელიც საპროცენტო განაკვეთებზე საპირისპირო ზემოქმედებას მოახდენს.

XS
SM
MD
LG