ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

უწყლობის სამი წელი


უწყლობის სამი წელი
უწყლობის სამი წელი

ამ დრომდე სარწყავი წყლის გარეშე კიდევ რამდენიმე ათეული სოფელია დარჩენილი შიდა ქართლში.

რამდენიმე დღის წინ კასპის მუნიციპალიტეტის სოფელ თვაურების მოსახლეობამ საპროტესტო აქცია მოაწყო. თვაურები უშუალოდ ადმინისტრაციულ საზღვართან მდებარეობს. მოსახლეობის პროტესტის მიზეზი სარწყავი წყლის დაბლოკვა იყო.

შიდა ქართლის სოფლის მოსახლეობის ძირითადი, უმეტეს შემთხვევაში კი ერთადერთი შემოსავლის წყარო სოფლის მეურნეობის წარმოების შედეგად აღებული თანხაა. 2008 წლის ომამდე მოსახლეობა სარგებლობდა ორი მაგისტრალური არხით, რომელთაგან ერთი ცხინვალში იღებდა სათავეს, მეორე კი კავკასიონის მთებში მდებარე სოფელ ზონკარის წყალსაცავიდან. ომის შედეგად წყლის ორივე სათავე ქართული იურისდიქციის მიღმა დარჩა. დე–ფაქტო ადმინისტრაცია უარს არ ამბობს ქართული სოფლებისთვის წყლის მიცემაზე, მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ ახალგორს ქართული მხარე ბუნებრივ აირს მიაწვდის. თუმცა ამ საკითხს „პოლიტიკურობის“ გრიფი ადევს და ამდენად დღემდე ღიადაა დარჩენილი. ომით ისედაც დაზარალებული მოსახლეობისთვის სასიცოცხლოდ აუცილებელი სარწყავი წყლის მიწოდების საკითხიც სამი წლის მანძილზე გაიწელა. მხოლოდ წელს მოხერხდა ის, რომ კასპის მუნიციპალიტეტში თეზი–ოკამის სარწყავი არხი შევიდა ექსპლუატაციაში, გორის მუნიციპალიტეტის სოფელ ნიქოზში კი დამონტაჟდა დამატებითი ტუმბო, რის შედეგადაც სარწყავი წყლის მიწოდების აღდგენა ხუთი სოფლისთვის იგეგმება.

სოფელ თვაურების მოსახლეობის პროტესტი კი იმან გამოიწვია, რომ მომიჯნავე სოფლებისთვის წყლის მიწოდების შედეგად ისინი სარწყავი წყლის გარეშე დარჩნენ. თვაურელებმა საპროტესტო აქციის ფარგლებში სცადეს წინ გადადგომოდნენ ტრაქტორებს, რომლებიც იმ არხს ავსებდა ღორით, საიდანაც მათ წყალი მიეწოდებოდათ. თუმცა მოსახლეობის პროტესტს შედეგი არ გამოუღია. აქცია პოლიციამ დაშალა, არხი ტრაქტორებმა მიწით ამოავსეს, თვაურები კი იმ გამონაჟონი წყლის გარეშე დარჩნენ, რომლითაც აქამდე სარგებლობდნენ.

შიდა ქართლის გუბერნატორის მოადგილე ზურაბ ჩხეიძე ამბობს, რომ სოფელ თვაურების მკვიდრნი დღესაც ახერხებენ გამონაჟონი წყლით სარგებლობას. თეზი–ოკამის სარწყავი არხის რეაბილიტაციით კი წყალი ოკამის, სამთავისის, ლამისყანისა და აღაიანის 10 სოფელმა მიიღო. „ვფიქრობთ, რომ მოსახლეობისთვის სარწყავი წყლის გადასახადი ახალი არხების დამონტაჟების შემდეგ არ გაიზრდება,“– ამბობს ზურაბ ჩხეიძე.

სარწყავი წყლით სარგებლობისთვის მოსახლეობას ჰექტარზე 75 ლარის გადახდა უწევს ყოველწლიურად. ქარელის მუნიციპალიტეტის სოფლებში მცხოვრებლები ამბობენ, რომ მათთანაც, ისევე როგორც შიდა ქართლის ბევრ სოფელში სარწყავი წყლის მიწოდება პრობლემაა და ხშირად თავად სოფლის მცხოვრებლებს საკუთარი ხელით უწევთ პატარა არხების გაყვანა. „ჩვენ წყალი ძლივს გამოგვყავს თოხებითა და ბარებით, შემდეგ კი გადასახადების ამკრეფები მოდიან და საჯარიმო ქვითრების გამოწერით გვემუქრებიან ისე, თითქოს თვითონ მიიღეს მონაწილეობა იმაში, რომ ჩვენ წყალი გვქონოდა,“– ამბობს ავთანდილ ვალიევი, სოფელ ბრეთის მკვიდრი.

ამ დრომდე სარწყავი წყლის გარეშე რამდენიმე ათეული სოფელია კიდევ შიდა ქართლში. გუბერნატორის მოადგილე ამბობს, რომ იმ სოფლებს, რომლებიც წელსაც უწყლოდ დარჩნენ, ამ ბუნებრივი რესურსით მომავალ წელს უზრუნველყოფენ.

XS
SM
MD
LG