პალესტინელებისთვის განკუთვნილი ჰუმანიტარული ფლოტილიის გარშემო დაწყებული სკანდალი გრძელდება. ისრაელის სამხედრო ძალების იერიშმა, ჰუმანიტარული ტვირთის და ასობით უფლებათადამცველის დაკავებამ, ანალიტიკოსების და მედიის მხრიდან აზრთა სხვადასხვაობა გამოიწვია. ისრაელმა 700-მდე დაკავებული უკვე გაათავისუფლა. თუმცა, ახლო აღმოსავლეთის საკითხების ანალიტიკოსები აცხადებენ, რომ მათი აზრით ჰუმანიტარული ფლოტილიის მთავარი მიზანი იყო მსოფლიოს ყურადღების მიპყრობა ღაზას სექტორზე, რომელიც ისრაელის მიერა ბლოკირებული.
ნათან ბრაუნი ჯორჯ ვაშინგტონის უნივერსიტეტში პოლიტიკის საკითხების ანალიტიკოსია. მისი თქმით, 6 გემისგან შემდგარი ფლოტილია, სადაც დიდი რაოდენობით ჰუმანიტარული ტვირთი და ასობით აქტივისტი იმყოფებოდა, შესაძლოა ვინმეს თურქეთის მთავრობის ნახევრად ოფიციალურ პროექტად წარმოედგინა.
„ცხადად ჩანდა, რომ ამის უკან თურქეთის ამჟამინდელი ხელისუფლება იდგა, რომლის სათავეშიც კონსერვატორ-ისლამისტური ძალები არიან. თუმცა აქ იყვნენ აქტივისტები ევროპის ქვეყნებიდანაც, ასევე ამერიკელებიც, მათ შორის ყოფილი დიპლომატები, საერთაშორისო სოლიდარობის მოძრაობის წევრები, რომელიც მსხვილი ახალგაზრდული მოძრაობაა და პალესტინის საკითხებით არის დაინტერესებული,“- აცხადებს ნათან ბრაუნი.
მისი თქმით, ფლოტილია თურქეთის სანაპიროდან მოდიოდა და ამ დახმარების შეგროვებაში და აქციის ორგანიზებაში თურქეთის მთავრობამ წამყვანი როლი შეასრულა. ექვსი გემიდან სამი კი, „მავი მარმას“ ჩათვლით თურქეთის დროშით დაცურავს. ფლოტილიის უმთავრეს ორგანიზატორს, თურქეთში მოქმედ ჰუმანიტარულ ორგანიზაციას კი, ისრაელი „ჰამასის“ და სხვა ისლამისტური ჯგუფებისთვის ფინანსების მოზიდვაში ადანაშაულებს. ჰუმანიტარული ჯგუფი, სახელად - „ადამიანის უფლებების, თავისუფლების და ჰუმანიტარული დახმარების ფონდი“ - ამ ბრალდებას უარყოფს.
როგორც ცნობილია, შეერთებული შტატები და ევროკავშირი „ჰამასს“ ტერორისტულ ორგანიზაციად განიხილავენ.
ისრაელის მხრიდან თურქეთის ჰუმანიტარული ფონდის მიმართ ბრალდება პრემიერ-მინისტრ ნეთანიაჰუს წარმომადგენელმა მარკ რეგევიმ გაახმოვანა. მისი თქმით, ამ ჯგუფის დანაშაულებრივ საქმიანობაზე დასავლეთში დოკუმენტურად საუბრობენ. ასევე თურქეთის მთავრობასაც წარსულში განხორციელებული აქვს აქციები ამ ორგანიზაციის წინააღმდეგ. რეგევის განცხადებით, ეს ჯგუფი ექსტრემისტული პოლიტიკით და ტერორისტულ ორგნიზაციებთან კავშირით არის ცნობილი.
ფლოტილიის ერთ-ერთ გემზე ასევე იმყოფებდოა შეერთებული შტატების ყოფილი ელჩი ერაყში ედვარდ პეკი. მისი თქმით, ამ მისიის მიზანი ჰუმანიტარული დახმარების ღაზაში ჩატანა იყო და ამით ისრაელის მთავრობისთვისაც გარკვეული დახმარების გაწევა.
„ჩვენ იქ ჰუმანიტარული მისიით მივდიოდით. ამას არ ქონდა არც პოლიტიკური, არც რელიგიური და არც მტრული მიზნები. ჩვენ პაციფისტები და აქტივისტები ვართ. ეს ხალხი უნდა გაათავისუფლონ. მე იმედგაცრუებული ვარ,“ - აცხადებს ედვარდ პეკი.
ნათან ბრაუნიც დარწმუნებულია, რომ ფლოტილიის მიზანი ძალადობის განახლება არ ყოფილა.
კომპანია სტრატფორის ანალიტიკოსი რევა ბალა კი მიიჩნევს, რომ ფლოტილიის მიზანი ნათელი იყო - საერთაშორისო ინციდენტის შექმნა.
„აქ არ იყო საუბარი მხოლოდ ჰუმანიტარული ტვირთის ჩატანაზე და თქვენ ამის ნახვა თავისუფლად შეგიძლიათ მედიის მიერ გაშუქებული ამბებიდან,“ - ამბობს ბალა.
მისი თქმით, ამ მოვლენებმა არა მხოლოდ ისრაელის მიერ ღაზას სექტორის ბლოკადის დისკრედიტაცია მოახდინა, ასევე გააძლიერა თურქეთის პოზიციაც, რომელიც რეგიონში თავის გავლენის გაზრდას ცდილობს.