ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

“რუსეთის გავლენა აშკარად გაზრდილია“


“რუსეთის გავლენა აშკარად გაზრდილია“
“რუსეთის გავლენა აშკარად გაზრდილია“

ინტერვიუ დოქტორ ენდრიუ კაჩინსთან

რუსეთი, ნატო და ევროკავშირი, რუსეთი და შეერთებული შტატები, რუსეთი და მისი მეზობლები და რა თქმა უნდა საქართველო - ეს ის საკითხებია, რომლებიც პოსტსაბჭოთა და მათ შორის ქართველი ანალიტიკოსების და მედიის ყურადღების საგანია. არანაკლებ საგულისხმოა, თუ რას ფიქრობენ ამ საკითხებზე ამერიკელი მკვლევარები. ვფიქრობ ჩვენი მსმენელისთვის ინტერესმოკლებული არ იქნება, სტრატეგიის და საერთაშორისო კვლევების ცენტრის რუსეთის და ევრაზიის პროგრამის ხელმძღვანელის ენდრიუ კაჩინსის მოსაზრებები. ჩვენ მას ინტერვიუ ვთხოვეთ. რასაკვირველია, ჩვენი საუბარი ყირგიზეთში შექმნილი ვითარების განხილვით დაიწყო.

„მდგომარეობა ყირგიზეთში მართლაც შემაშფოთებელი და საგანგაშოა. ჩვენ შესაძლოა საქმე გვქონდეს სახელმწიფოს დაშლასთან. ამის მიზეზი კი გახდა ის ძალადობა, რომელიც რამდენიმე დღის წინ დაიწყო და შედეგად უამრავი დაღუპულია. როგორც ვრცელდება ცნობები, დაშავებულთა რაოდენობა, ორი ათასს აღემატება. ყოველივე ეს კი, როგორც ვაშინგტონში ასევე მოსკოვში დიდ შეშფოთებას იწვევს, რომ აღარაფერი ვთქვათ თავად ყირგიზეთის და ცენტრალური აზიის სხვა მეზობელ ქვეყნებზე. არსებობს ძალადობის გავრცელების საფრთხე. საერთაშორისო თანამეგობრობის მთავარი ამოცანაა, რომ ეს არ მოხდეს და ძალადობა და კონფლიქტი რაც შეიძლება მალე დასრულდეს,“- განაცხადა კაჩინსმა.

ჩვენი შემდგომი შეკითხვა რუსეთ-ამერიკის განახლებულ ურთიერთობებს შეეხო. თუ რამდენად ეფექტურად მუშაობს გადატვირთვის ღილაკი ამაზე ბატონი კაჩინსი აცხადებს:

„გადატვირთვის პოლიტიკა რომელიც წელიწადნახევრის წინ დაიწყო ჯერჯერობით ეფექტურად მიმდინარეობს. ამის ნათელი დასტური იყო აპრილში, პრაღაში ხელმოწერილი ხელშეკრულება, რომელიც ბირთვული იარაღის შემცირებას შეეხებოდა. ასევე, სულ ახლახან რუსეთის მიერ ირანის წინააღმდეგ სანქციების მხარდაჭერა გაეროს უშიშროების საბჭოში. ასევე არ უნდა დაგვავიწყდეს ავღანეთის საკითხიც, სადაც რუსეთი შეერთებულ შტატებს მნიშვნელოვან დახმარებას უწევს სატრანსპორტო დერეფნის უზრუნველყოფით, როგორც საჰაერო და ასევე სახმელეთო ტრასით. ეს ყველაფერი კი უდავო წარმატებაა. ასევე ყირგიზეთის საკითხს რომ დავუბრუნდეთ, ორი თვის წინ, როდესაც იქ არეულობა დაიწყო, რუსეთმა და შეერთებულმა შტატებმა თანამშრომლობის კარგი მაგალითი აჩვენეს, ისინი ერთობლივად ცდილობდნენ პრობლების მოგვარებას. ამდენად, ამჯერად უკვე დიდი კონტრასტია იმ ურთიერთობებთან შედარებით, როდესაც 5-6 წლის წინ ვაშინგტონსა და რუსეთს შორის ე.წ. ფერადმა რევოლუციებმა გამოიწვია."

შეკითხვაზე, ეთანხმება თუ არა მოსაზრებას, რომ რუსეთი პოსტსბაჭოთა სივრცეზე გავლენას იბრუნებს, ბატონმა კაჩინსმა განაცხადა:

„დიახ, რუსეთის გავლენა აშკარად გაზრდილია. ამის თქმის საფუძველს იძლევა უკრაინის არჩევნები და მისი შემდგომი პერიოდი, ასევე ყირგიზეთიც. რასაკვირველია საქართველოში 2008 წლის ზაფხულში ომმა, გარკვეულწილად რუსეთის ურთიერთობებს მის მეზობელ ქვეყნებთან ზიანი მიაყენა. თუმცა, ბოლო თვეების განმავლობაში განვითარებულმა მოვლენებმა დაადასტურა, რომ რუსეთის გავლენა იზრდება. კერძოდ, ისინი აცხადებენ, რომ „ფერადი რევოლუციები“ წარუმატებელი აღმოჩნდა და ამას ამყარებენ ის მოვლენები, რაც მოხდა უკრაინაში და ყირგიზეთში. და, თუ შევხედავთ იუშჩენკოს არაფექტურობას უკრაინაში და ბაკიევის არაეფექტურობას ყირგიზეთში, ეს ცხადად ძლიერი არგუმენტია."

ჩვენს შემდგომ შეკითხვაზე, თუ როგორ შეიძლება შეფასდეს პრეზიდენტ ობამას განცხადება კონგრესისადმი, რომ საქართველო აღარ უნდა იყოს რუსეთთან ურთიერთობაში დაბრკოლება, ბატონმა კაჩინსმა აღნიშნა:

„ეს არ ნიშავს, რომ ობამას ადმინისტრაციას არ აქვს მოსკოვისგან განსხვავებული ხედვა საქართველოს საკითხში. საქართველოს სუვერენიტეტის საკითხზე, მათ შორის ძალიან სერიოზულად განსხვავებული ხედვები არსებობს. გასულ კვირას, ეს ბატონმა მაკფოლმაც დაადასტურა, რომ საქართველოს საკითხში მოსკოვსა და ობამას ადმინისტრაციას შორის განსხვავებული ხედვაა. თუმცა, ეს არ ნიშნავს, რომ უნდა შეჩერდეს თანამშრომლობა მოსკოვთან სხვა საკითხებში.“

შეკითხვაზე, თუ რა არის გამოსავალი საქართველოსთვის არსებული მდგომარეობიდან, ბატონმა კაჩინსმა განაცხადა:

„მე ვშიშობ, რომ ახლო მომავალში საქართველოს ტერიტორიული პრობლემის მოგვარება არ მოხერხდება. ამის ნიშნები არ არსებობს. მე ვშიშობ, რომ ჩვენ ამ პრობლემასთან ერთად ცხოვრება კიდევ მოგვიწევს. და ეს პრობლემა არის ობამას ადმინისტრაციაში განხილვის და მსჯელობის საგანიც.“

ბატონ კაჩინსმა ასევე კომენტარი გააკეთა ქართული ოპოზიციის და რუსეთის ხელისუფლების ურთიერთობებზეც:

„მე ვფიქრობ, რომ საქართველოში არსებული ხელისუფლების პირობებში, ქალბატონ ბურჯანაძეს და სხვებსაც გაუჭირდებათ რუსეთ-საქართველოს შორის ურთიერთობების გაუმჯობესება. ისინი ამაში შეზღუდულები არიან. ამასთანავე, პრეზიდენტ სააკაშვილსა და რუსეთში ხელისუფლებას შორის, პირადი ურთიერთობები იმდენად გაფუჭებულია, რომ ამ პირობებში რაიმე გაუმჯობესებაზე ფიქრიც კი ძალზედ რთული წარმოსადგენია.“

რაც შეეხება თავად რუსეთში არსებულ ვითარებას, ბატონმა კაჩინსმა განაცხადა, რომ მიუხედავად იმისა, რომ დღესდღეობით რუსეთში ხელისუფლების პოპულარობა დაწეულია, ამჟამინდელი პრემიერ-მინისტრი ვლადიმირ პუტინი შესაძლოა 2012 წელს პრეზიდენტობის კანდიდატად ვიხილოთ.

და ბოლო შეკითხვაზე დემოკრატიის თვალსაზრისით საქართველოში არსებულ მდგომარეობაზე, ბატონმა კაჩინსმა აღნიშნა, რომ სასამართლო, ადამიანის უფლებები და მედიის თავისუფლება ის საკითხებია, რაც მნიშვნელოვანწილად განსაზღვრავს საქართველოს და შეერთებული შტატების ურთიერთობებს

XS
SM
MD
LG