ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

თურქეთი სირიელ ლტოლვილებზე ზრუნავს


ისლაჰის დასახლება სირიის საზღვრიდან სულ რამდენიმე კილომეტრში მდებარეობს.

სირიაში ძალადობის ესკალაციის გამო დევნილთა დიდი ნაწილი იდლიბის პროვინციიდან მეზობელ თურქეთში გადადის. თურქეთის მთავრობა მათთვის ორ ახალ ბანაკს აშენებს და აცხადებს, რომ თუკი არეულობა სირიაში ნამდვილ სამოქალაქო ომში გადაიზრდება, ის მზად არის ლტოლვილთა კიდევ უფრო დიდ ნაკადს დახვდეს.

ყოფილი თამბაქოს ქარხნის ტერიტორიაზე ფართომასშტაბიანი მშენებლობა მიმდინარეობს, მტვრის ღრუბელში სატვირთო მანქანების და ტრაქტორების ხმა ისმის. იქვე ლტოლვილთა ახალი ჯგუფი მოაბიჯებს, რომელთა შორის სირიელი ბავშვები და ქალები არიან.

ისლაჰის დასახლება სირიის საზღვრიდან სულ რამდენიმე კილომეტრში მდებარეობს. ის მხოლოდ ერთია იმ ორი უზარმაზარი ბანაკიდან, რომელიც თურქეთის მთავრობამ სპეციალურად სირიელი ლტოლვილებისთვის ააშენა. ისლაჰის დევნილთა ბანაკი სულ ახლახან გაიხსნა. ის სამშობლოდან საკუთარ ხელისუფლებას გამოქცეულ სირიელთა დიდი ჯგუფის მიღებისთვის ემზადება. თურქეთის მთავრობა ონკუპინარის საზღვართან იქვე, სულ რამდენიმე მეტრში, კარვების გვერდით უფრო მკვიდრად ნაგებ თავშესაფრებს აშენებს. სახლებში თურქეთში მცხოვრები 17 ათასი სირიელი ლტოლვილის უმეტესი ნაწილი დაბინავდება.

ჯერჯერობით ისინი მაინც სხვადასხვა ადგილებში არიან გაბნეულები. შეშინებულები სახელს და გვარს არ ამხელენ, როგორც ეს ქალბატონი, ალტინოზუს დევნილთა ბანაკიდან, რომელიც „ამერიკის ხმასთან“ ინტერვიუზე დათანხმდა:

„ჯისრ ალ შუღურის დასახლებიდან ვარ. როცა გამოვიქეცი, ჯარისკაცები იქ მშვიდობიან მოსახლეობას აწიოკებდნენ და კლავდნენ, ქალებს აუპატიურებდნენ. თუ არ იმალები და ქუჩაში გამოხვედი, ყველანაირი უბედურებისთვის უნდა იყო მზად“ - ამბობს ის.

აპაიდინის დევნილთა ბანაკის მდებარეობა თურქეთის ხელისუფლებას გასაიდუმლოებული აქვს. როგორც ამბობენ, იქ პრეზიდენტ ბაშარ ალ-ასადის არმიის რამდენიმე ყოფილი გენერალი და რიგითი ჯარისკაცი აფარებს თავს.

სასაზღვრო ქალაქ იალადაგში „ამერიკის ხმა“ სირიის ოპოზიციური ძალების რამდენიმე მებრძოლს შეხვდა. მათი თქმით ასადის მხარდამჭერი შეიარაღებული ქვედანაყოფები ძალადობას ახლა ჩრდილოეთით იდლიბის პროვინციაში აგრძელებენ. ამ განცხადებას არაპროფესიონალთა მიერ გადაღებული ვიდეოფირებიც ადასტურებენ, რომელთა გადამოწმება კვლავინდებურად არ ხერხდება.

საშინელი სიტუაციაა, ასადის ძალები შეტევებს ყველა მიმართულებით ახორციელებენ. საკუთარი ხალხის წინააღმდეგ იარაღის მთელ არსენალს იყენებენ, რაც კი სახელმწიფოს შეიარაღებაში გააჩნია. მარტო თავისუფალი სირიის არმიის ჯარისკაცებს კი არ კლავენ, არავის ინდობენ. არ ენაღვლებათ, თუკი მშვიდობიანი მოქალაქეები, ქალები, ბავშვები და მოხუცები დაიღუპებიან“ - ამბობს სირიელი ოპოზიციონერი.

ლტოლვილთა უმეტესობა ბავშვია. ისინი ძალიან პატარები არიან იმისთვის, რომ ძალადობის მნიშვნელობა გაიგონ. თუმცა ასადის საწინააღმდეგო სიმღერის ტექსტი უკვე კარგად აითვისეს.

ამ ბავშვებს საცხოვრებელი ადგილის გამოცვლა ცოტა ხანში ისევ მოუწევთ. თურქეთის მთავრობას ისინი სამშობლოსგან კიდევ უფრო შორს, რამდენიმე საათის მოცილებით, შედარებით დიდ და უფრო კეთილმოწყობილ ბანაკში გადაყავს. ხელისუფლება აცხადებს, რომ მას არჩევანი არ აქვს, ბანაკი სავსეა და იქაურობას ყოველდღიურად ასობით ახალი დევნილი ემატება.

XS
SM
MD
LG