ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

სოლიდარობის აქცია ”ქართუ ბანკში”


სოლიდარობის აქცია ”ქართუ ბანკში”
სოლიდარობის აქცია ”ქართუ ბანკში”

ბიზნესმენის ოჯახისთვის მოქალაქეობის ჩამორთმევის საკითხის შესწავლა დაიწყო სახალხო დამცველმა.

ქართველი ოლიგარქის ბიძინა ივანიშვილის ქართულ პოლიტიკაში ჩართვამ საზოგადოებაში ყველა დანარჩენი პოლიტიკური მოვლენა დაჩრდილა.

უკვე რამდენიმე დღეა ივანიშვილისთვის და მისი მეუღლისთვის მოქალაქეობის ჩამორთმევას ხალხი ”ქართუ ბანკში” ანაბრების გახსნით აპროტესტებს. პარალელურად მოძრაობა ”გადაარჩინე სიცოცხლეს” ინიციატივით მთელ საქართველოში ხელმოწერები გროვდება:

”სოლიდარობის ნიშნად მინდა ჩემი შვილების სახელზე ანგარიში გავხსნა.. მგონი ძალიან კარგი ჟესტია და ყველამ უნდა გააკეთოს ეს”.

” ბანკ ”ქართუში” მეანაბრეთა რაოდენობა გეომეტრიული პროგრესიით იზრდება.პირველ დღეს 732 ანგარიში გაიხსნა, მეორე დღეს 1200, გუშინ 2000-ზე მეტი, 3 დღის განმავლობაში 4 ათასი ანგარიში გაიხსნა, რაც საქართველოს ისტორიაში ჯერ არ მომხდარა”, ამბობს "ქართუ" ბანკის გენერალური დირექტორი ნოდარ ჯავახიშვილი.

საპარლამენტო ფრაქცია ”ერთობა სამართლიანობისთვის” თავმჯდომარემ გია ცაგარეიშვილმა 18 ოქტომბერს ”ქართუ” ბანკის საინკასაციო მანქანაზე თავდასხმასთან და მას შემდეგ ”ქართუში” ეროვნული ბანკის მიერ დაწყებულ შემოწმებებთან დაკავშირებით პარლამენტში ეროვნული ბანკის პრეზიდენტი გიორგი ქადაგიზე მიიწვია :

”დაახლოებით ოცი დღის უკან ბანკის საინკასაციო მანქანას საქართველოს ბანკის ტერიტორიაზე თავს დაესხა საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს სპეცსამსახურის ერთ-ერთი რაზმი, საინკასაციო მანქანა შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლებმა ჩაიგდეს ხელში, გაიტაცეს 2 მილიონი ევრო და 1 მილიონი დოლარი, რომელიც გადაჰქონდა ამ საინკასაციო მანქანას. შემდეგ აღიძრა სისხლის სამართლის საქმე ფულის გათეთრების მუხლით და დაიწყო შესაბამისი მოკვლევა. დაკავებული იყვნენ ბანკის თანამშრომლები, რომლებსაც ჩამოერთვათ ახსნა-განმარტება და ისინი დღის ბოლოს გაათავისუფლეს. ამის შემდეგ რამდენიმე დღეში საქართველოს ეროვნულმა ბანკმა გადაწყვიტა დაეწყო შესაბამისი შემოწმება ”ქართუ” ბანკის იმ მიზეზით, რომ ”ქართუ” ბანკში განხორციელებულმა თანამდებობრივმა გადაადგილებებმა, მათ შორის ბანკის საინკასაციო მანქანის და იქ არსებული თანხის გატაცებამ შექმნა იმის პირობა, რომ ამგვარი შემოწმება დაწყებულიყო. შემოწმება მიმდინარეობს უკვე 10 დღე, ჩვენ არ ვიცით წინასწარი შედეგები ამ შემოწმების გასაგები მიზეზების გამო. ფორმალურად ეროვნული ბანკი იყენებს ეროვნული ბანკის შესახებ საქართველოს კანონს.ფორმალური მიზეზი ჩვენთვის გასაგებია, მაგრამ საინტერესოა სხვა მიზეზები, რაც ახლავს თან ამ შემოწმების პროცესს”..

"ჩვენ ორიენტირებულნი ვართ დიალოგზე და არა კონფლიქტზე ეროვნულ ბანკთან" - აცხადებს დეპუტატი:

"ვთავაზობთ გიორგი ქადაგიძეს დიალოგს ფრაქციასა და ეროვნული ბანკის ხელმძღვანელობას შორის, სადაც ჩვენ გავარკვევთ ყველა იმ დეტალს, რაც დაკავშირებულია ბანკი ”ქართუს” შემოწმებასთან. ასევე ვითვალისწინებთ იმას, რომ არსებობს გარკვეული სახის კომერციული საიდუმლოებები, რომელიც ,რა თქმა უნდა, იქნება თავიდან ბოლომდე დაცული, მე ამის გარანტიას ვაძლევ ეროვნული ბანკის პრეზიდენტს და მოვუწოდებ მას მიიღოს ეს წინადადება, მობრძანდეს ქადაგიძე საქართველოს პარლამენტში, გასცეს კითხვებს პასუხი. ჩვენ არ გვინდა ამ საკითხის პოლიტიზირება, ამაში ვართ ერთიანი. ბანკი შორს უნდა იყოს პოლიტიკისგან, მაგრამ ეროვნული ბანკის პრეზიდენტი, როგორც ერთ-ერთი შემადგენელი ნაწილი საქართველოს ხელისუფლების, ვალდებულია მობრძანდეს საქართველოს პარლამენტის რეგლამენტის 96-ე მუხლის თანხმად იმ დაწესებულებაში, სადაც მას ირჩევენ, სადაც იგი არჩეულია ამ საკმაოდ მაღალ თანამდებობაზე”.

ბიზნესმენის ოჯახისთვის მოქალაქეობის ჩამორთმევის საკითხის შესწავლა დაიწყო სახალხო დამცველმა მას შემდეგ, რაც მას ივანიშვილის პირადმა ადვოკატმა ეკა ბესელიამ მიმართა. გიორგი ტუღუშმა წერილით მიმართა სამოქალაქო რეესტრის სააგენტოს თავმჯდომარეს გიორგი ვაშაძეს, გამოითხოვა ინფორმაცია, თუ რის საფუძველზე შეუწყდათ ივანიშვილებს საქართველოს მოქალაქეობა.

XS
SM
MD
LG