ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

იაპონიაში კომპენსაციების გაცემა იწყება


იაპონიაში კომპენსაციების გაცემა იწყება
იაპონიაში კომპენსაციების გაცემა იწყება

ფუკუშიმას 30 კილომეტრიან რადიუსში მცხოვრები თვითეული ოჯახი ერთ მილიონ იენს მიიღებს, რაც დაახლოებით 12, 000 ამერიკული დოლარის ეკვივალენტია.

პარასკევს იაპონიის მთავრობამ სპეციალური დადგენილება გამოიტანა. ელექტროენერგიის მწარმოებელ კომპანიას, რომელსაც უშუალოდ ედება ბრალი ფუკუშიმას ბირთვულ კრიზისში, 50 ათასი ოჯახისთვის კომპენსაციების გაცემა დაეკისრა. ენერგოინდუსტრიის მინისტრი ბანრი კაიედა აცხადებს, რომ კომპანია ვალდებულია კომპენსაციების გაცემა სასწრაფოდ დაიწყოს.

„ფული რაც შეიძლება სწრაფად უნდა გადავცეთ ოჯახებს, რადგან მათ ელემენტარული საცხოვრებელი პირობები გაიუმჯობესონ. მათ სასწრაფო ევაკუაციის პირობებში მოუხდათ სახლის დატოვება და თან მხოლოდ ყველაზე აუცილებელი ნივთები აქვთ წაღებული“ - ამბობს მინისტრი.

ტოკიოს ელექტროენერგიის კომპანიის პრეზიდენტის, მასატაკა შიმიზუს, განცხადებით, ისინი უკვე მზად არიან კომპენსაციების გაცემა დაიწყონ. ფუკუშიმას 30 კილომეტრიან რადიუსში მცხოვრები თვითეული ოჯახი ერთ მილიონ იენს მიიღებს, რაც დაახლოებით 12 000 ამერიკული დოლარის ეკვივალენტია. თანხა სულადობის მიხედვით განაწილდება და მარტოხელა ადამიანები ამ თანხის მხოლოდ 75 პროცენტს, დაახლოებით 9 ათას დოლარამდე მიიღებენ.

„ჩვენ ფუკუშიმას პრეფექტურაში საკონსულტაციო ცენტრი გავხსენით. კონსულტაციები საევაკუაციო ზონაში დარჩენილ ოჯახებთან ჯერ კიდევ 28 მარტს დავიწყეთ და თანხის რაოდენობას მათთანაც ვათანხმებთ“ - აღნიშნა კომპანიის პრეზიდენტმა.

ფუკუშიმას გუბერნატორი, იჰეი სატო კი მთავრობას და ელექტროენერგიის მიმწოდებელ კომპანიას ორივეს მკაცრად აკრიტიკებს და აცხადებს, რომ ისინი დაზარალებულ ოჯახთა დახმარების მენეჯმენტს არასწორად აკეთებენ. მისი თქმით, საკომპენსაციო თანხა არანაირად არ არის საკმარისი მისი პრეფექტურის მოსახლეობისთვის.

ფუკუშიმას ბირთვული ელექტროსადგურის მიმდებარე ტერიტორიიდან დაახლოებით 140, 000 ადამიანია ევაკუირებული. მათ შორის ბევრს საკუთარი მცირე ბიზნესი გააჩნდა. რადიოაქტიურმა ნივთიერებებმა სოფლის მეურნეობას განუზომელი ზარალი მიაყენა. წლევანდელი მოსავალი პრაქტიკულად დაბინძურებული და გამოუსადეგარია. ფერმერები იძულებულნი გახდნენ სახლები ისე მიეტოვებინათ, რომ საევაკუაციო ზონებიდან შინაური ცხოველები ვერ გამოიყვანეს და იქ დატოვეს. მეთევზეებმაც ოკეანის დაბინძურების გამო ყველაფერი მიატოვეს და საქმიანობა შეწყვიტეს.

აქედან გამომდინარე საკომპენსაციო თანხა მხოლოდ იმ აუცილებელ მინიმუმს შეადგენს, რომელიც ელემენტარული საცხოვრებელი პირობების მოწყობისთვისაა საჭირო. ფუკუშიმას გუბერნატორი კი მცირე ბიზნესებისთვის მიყენებული ეკონომიკური ზარალის ანაზღაურებისთვის აგრძელებს ბრძოლას. ამასთან, კრიზისი ჯერ კიდევ არ დასრულებულა და ბევრად მეტი სახსრების გამონახვაა საჭირო, განაცხადა დასასრულს ბატონმა სატომ.

XS
SM
MD
LG