“არ არის შორს ის დრო, როცა კავკასია ერთიანი იქნება. მოვა დრო, როცა კავკასიელი ხალხები ისევე გადაწყვეტენ პრობლემებს, როგორც ევროკავშირში შემავალი სახელმწიფოების მოსახლეობა” - განაცხადა ორი დღის წინ საქართველოს პრეზიდენტმა ანაკლიაში პატრიოტთა ბანაკში პოლონელ, ბელორუს, სომეხ და აზერბაიჯანელ მოზარდებთან შეხვედრისას.
პოლიტოლოგ ვასილ ჭყოიძის თქმით, ჩრდილოეთ კავკასიაში ძლიერდება ეროვნულ-განმათავისუფლებელი მოძრაობა და სულ უფრო მკაფიოდ წინა პლანზე კავკასიური იდენტურობის საკითხი გამოდის :
” საქართველომ უკვე გადადგა პრაქტიკული ნაბიჯებიც, იგივე სავიზო რეჟიმის გაუქმება ჩრდილო კავკასიის მოსახლეობისთვის, ორმხრივი კულტურული ურთიერთობები.. ძალიან აქტიურ შემხვედრ ნაბიჯებს ჩვენ მათგან არ უნდა ველოდოთ. ამ ეტაპზე ჩვენთვის, ჩვენი უსაფრთხოებისთვის ძალიან მნიშვნელოვანია მათი კეთილგანწყობის მოპოვება. ამას ერთი ნაბიჯით, ერთჯერადი ქმედება არ უშველის, ამას სჭირდება ყოველდღიური მუშაობა, ურთიერთობა ამ ხალხებთან და შემდეგ უკვე შეიძლება გამოიკვეთოს პოლიტიკური კონტურები.”
ექსპერტთა შეფასებით, 90-ანი წლების დასაწყისში ერთიანი კავკასიური სახლის იდეამ რუსეთი ისე გააღიზიანა, რომ ზვიად გამსახურდიას და ჯოხარ დუდაევის მოსაშორებლად ყველაფერი გააკეთა. პოლიტოლოგ რამაზ საყვარელიძის აზრით , პრეზიდენტმა სააკაშვილმა ერთიანი კავკასიის იდეა საკმაოდ კარგად ჩამოაყალიბა, მაგრამ, მისივე თქმით: ”თუ მოსკოვმა ეს მისთვის ისევ სახიფათოდ და საზიანოდ ჩათვალა, კონფრონტაციისთვის მიზეზს ყოველთვის მოძებნის”.
”ეროვნული ფორუმის” ერთ-ერთი ლიდერი, გუბაზ სანიკიძე იდეას ერთიანი კავკასიის შესახებ სკეპტიკურად აფასებს :
” კავკასია მსოფლიოში ერთ-ერთი ურთულესი რეგიონი, კაცობრიობის ნერვიული კვანძია” თვლის გუბაზ სანიკიძე :
” ეს არის ძალიან რომანტიული იდეა, რომლითაც ადამიანი შეიძლება გატაცებული იყოს მთელი ცხოვრება, მაგრამ მე ვეჭვობ, რომ ეს როდესმე განხორციელდეს. მითუმეტეს ამ პირობებში, რომელშიც არის ამიერკავკასია და იმიერკავკასია. აქ ისეთი წინააღმდეგობებია, რომ ძალიან ეჭვი მეპარება არა მარტო საქართველოს ხელისუფლებამ, არამედ საერთოდ მსოფლიოს საზოგადოებამ გადაწყვიტოს კავკასიური პრობლემები, ეს არის ურთულესი პრობლემები. აქ ერთი სოფლისთვის კავკასიელ ხალხთა შორის შეიძლება დიდი კავკასიური ომი დაიწყოს. ჩვენ ვხედავთ, რომ ოთხი უმძიმესი კონფლიქტი, რომელიც მოუგვარებელია და არანაირი პერსპექტივები ამ კონფლიქტების მოგვარების არ ჩანს უახლოეს მომავალში და შორეულ მომავალში. მსოფლიოს კონფლიქტებს შორის ოთხი კავკასიურია: ყარაბახი, აფხაზეთი, ცხინვალი და ჩეჩნეთი”.
ექსპერტი კავკასიის საკითხებში მამუკა არეშიძე ამბობს პრეზიდენტ სააკაშვილის განცხადებასთან დაკავშირებით, ერთიანი კავკასიის შესახებ, რომ საქართველოს პრეზიდენტი ამ საკითხზე ყოველთვის ზოგადად ლაპარაკობს, თუმცა ექსპერტი სწორედ ამ გარემოებას აფასებს დადებიოთად :
''ის ყოველთვის ზოგადად ლაპარაკობს ამ იდეასთან დაკავშირებით, მაგრამ ამას თავის პლიუსი აქვს ,სხვათაშორის. იმიტომ, რომ დაკონკრეტება აუცილებლად პოლიტიკურ ვნებათაღელვას გამოიწვევდა. მაგრამ გზავნილი არის.. ასეთი ტიპის ერთობა შეიძლება იყოს მომავალში (რასაკვირველია, სულიერ ერთობას ვგულისხმობ) წინააღმდეგობა იმ კატაკლიზმებისთვის, რაც კავკასიის თავზე ხდება საერთოდ”.
საპარლამენტო კომიტეტის თავმჯდომარის დიასპორისა და კავკასიის საკითხებში ნუგზარ წიკლაურის თქმით , ისტორიული და კულტურული თვალსაზრისით არავითარი ჩრდილოეთ და სამხრეთ კავკასია არ არსებობს:
” ამ ნიშნით კავკასია ყოველთვის ერთიანი იყო და მის ცენტრს თბილისი წარმოადგენდა. საქართველო, როგორც რეგიონალური ლიდერი საკუთარ ფუნქციას აუცილებლად აღადგენს” , ამბობს პარლანმენტის წევრი :
” ჩრდილოეთ კავკასიაში, იცით, არ არის სახელმწიფოებრიობა, სახელმწიფოებრივი კავშირები საქართველოს ვერ ექნება, მაგრამ ხალხთა შორის ურთიერთობები არის ძალაინ მკვეთრად ამაღლებული ამ ბოლო პერიოდის განმავლობაში და ძალიან გააქტიურებულია ჰუმანიტარული, კულტურული სფეროს კავშირები”.
შეგახსენებთ, რუსეთის ფედერაციის შემადგენლობაში შემავალი ჩრდილოეთ კავკასიური რესპუბლიკების მოქალაქეებისთვის საქართველოს ყველა ლეგალურ გამტარ პუნქტზე გასული, 2010 წლის 13 ოქტომბრიდან უვიზო რეჟიმი ამოქმედდა.