ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია საბჭოთა რეპრესიებით დაზარალებულებს იურიდიულ დახმარებას გაუწევს


ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია საბჭოთა რეპრესიებით დაზარალებულებს იურიდიულ დახმარებას გაუწევს

დღეისათვის საქართველოში საბჭოთა რეპრესიების მსხვერპლად 20 ათასამდე ადამიანია აღიარებული.

მიმდინარე წლის 19 მაისიდან საბჭოთა რეპრესიებით დაზარალებულ საქართველოს მოქალაქეებს, სასამართლოს მეშვეობით მატერიალური კომპენსაციის მოთხოვნის უფლება მიენიჭათ. ცვლილებები კანონში ” პოლიტიკური რეპრესიების მსხვერპლად აღიარებისა და რეპრესირებულთა სოციალური დაცვის შესახებ” პარლამენტმა 18 მაისს დაამტკიცა, ხოლო 19 მაისიდან კანონი ძალაში შევიდა.

კანონის თანახმად, პოლიტიკური რეპრესიების მსხვერპლად შეიძლება მიიჩნიონ პირი, რომელზეც 1921 წლიდან - 1990 წლამდე საბჭოთა რეჟიმი ძალადობდა სხვადასხვა ფორმით - სიკვდილით დასჯით, პატიმრობით, გადასახლებით, იძულებითი ფსიქიატრიული მკურნალობით და ა.შ.

იურიდიულ დახმარებას უფასოდ დაზარებულებს თუ მათ შთამომავლებს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია გაუწევს, აღნიშნულ საკითხზე საიას პრეზიდენტი თამარ ჩუგოშვილი გვესაუბრება.

-რამდენი რეპრესირებულია სულ საქართველოში და შეძლებს თუ არა სახელმწიფო ყველა სარჩელის დაკმაყოფილებას? :

”დაახლოებით 20 000 -მდე ადამიანზეა საუბარი. 2014 წლის 1 იანვრამდე აქვთ ამ ადამიანებს სასამართლოში მიმართვის უფლება. ჯერ არ ვიცით, სასამართლო როგორ პრაქტიკას ჩამოაყალიბებს და რა თანხაზე იქნება საუბარი, ჩვენ ვიმედოვნებთ, რომ ეს არ იქნება სამბოლური თანხა, რომელიც რეალურად არაფერს არ მისცემს ამ ადამიანებს. რაც საქართველოს ბიუჯეტის შესაძლებლობებს ეხება.. საქართველოს აქვს აღებული ვალდებულება, რომ ეს თანხები გადაიხადოს. საქართველომ ახლა ამ კანონის მიღებით კიდევ ერთხელ დაადასტურა, რომ მას შესწევს უნარი, რომ ეს გადაიხადოს. სასამართლოში მიმართვას სჭირდება გარკვეული საბუთების მოწესრიგება. ვფიქრობ, რომ დაზარალებულებს ადვოკატი დასჭირდებათ, საქმის მასალას სჭირდება ძალიან სერიოზული მოწესრიგება, კანონში ისეთი ჩანაწერი არის.. ჩვენ ვთავაზობთ ამ ადამიანებს დახმარებას, მათ შეუძლიათ ჩვენთან მოვიდნენ თბილისში , ან ჩვენს რეგიონულ ოფისებში ბათუმში, ქუთაისში, ოზურგეთში, გორში, თელავში, რუსთავში და დუშეთში.”

როგორც თამარ ჩუგოშვილმა აღნიშნა, დღეისათვის საქართველოში საბჭოთა რეპრესიების მსხვერპლად 20 ათასამდე ადამიანია აღიარებული, მაგრამ მისივე თქმით, არ არის გამორიცხული საკანონმდებლო ცვლილებების შემდეგ სასამართლოს უფრო მეტმა ადამიანმა მიმართოს.

სარჩელებს კომპენსაციის მიღებაზე მხოლოდ თბილისის საქალაქო სასამართლო მიიღებს. მოსარჩელეები სახელმწიფო ბაჟისგან გათავისუფლდებიან.

XS
SM
MD
LG