ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

აშშ-ს საკრედიტო რეიტინგი უმაღლეს ნიშნულს ინარჩუნებს


აშშ-ს საკრედიტო რეიტინგი უმაღლეს ნიშნულს ინარჩუნებს

გეიტნერი ხაზს უსვამს იმ გარემოებას, რომ სამშაბათის გადაწყვეტილებამ ქვეყანას საგარეო ვალზე საპროცენტო განაკვეთის გაზრდა თავიდან ააცილა.

ამერიკის ხაზინის მდივანი, ტიმოთი გეიტნერი, ბიუჯეტის საკითხებზე კომპრომისული შეთანხმების მიღწევას ამართლებს და აცხადებს, რომ მთავრობას ამით საშუალება ეძლევა ქვეყნის დაზიანებული ეკონომიკური სისტემა აღადგინოს.

„ვაშინგტონ პოსტის“ დღევანდელ გამოშვებაში გეიტნერი ხაზს უსვამს იმ გარემოებას, რომ სამშაბათის გადაწყვეტილებამ ქვეყანას საგარეო ვალზე საპროცენტო განაკვეთის გაზრდა თავიდან ააცილა. მთავრობას საშუალება მიეცემა განათლებაში, ტექნოლოგიაში და ინფრასტრუქტურაში მეტი ინვესტიცია ჩადოს, რაც თავის მხრივ ეკონომიკის ზრდას შეუწყობს ხელს.

თუმცა შეთანხმებას ექსპერტების და პოლიტიკოსების სერიოზული კრიტიკაც მოყჰვა. საინვესტიციო კომპანიების ერთ-ერთმა აღმასრულებელმა დირექტორმა, მუჰამედ ელ ერიანმა, განაცხადა, რომ ამერიკის ისედაც შერყეული ეკონომიკის სამომავლო პერსპექტივა კიდევ უფრო გაფერმკრთალდა. იმის მიუხედავად, რომ შეერთებული შტატების საკრედიტო რეიტინგი უმაღლეს ნიშნულს ინარჩუნებს, სპეციალისტების აზრით პრობლემა ჯერჯერობით მოგვარებული არ არის. ის მხოლოდ გადავადდა. და თუკი საბიუჯეტო დეფიციტი მომავალში კიდევ უფრო არ შემცირდა, დეფოლტის რისკი ისევ იარსებებს.

XS
SM
MD
LG