ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ამერიკელი ექსპერტები ავღანეთის სტრატეგიის შეფასებას ეხმაურებიან


ამერიკელი ექსპერტები ავღანეთის სტრატეგიის შეფასებას ეხმაურებიან
ამერიკელი ექსპერტები ავღანეთის სტრატეგიის შეფასებას ეხმაურებიან

ავღანეთში დამატებითი საჯარისო ნაწილების გაგზავნიდან ექვს თვეზე ნაკლები დროის მანძილზე, ადმინისტრაციის მიერ შემუშავებულმა სტრატეგიამ გარკვეული შედეგები გამოიღო.

პრეზიდენტ ბარაკ ობამას ავღანეთსა და პაკისტანში შეერთებული შტატების სტრატეგიის შეფასებაში, რომელიც გასულ ხუთშაბათს გამოქვეყნდა, ნათქვამია, რომ ერთი წლის წინ შემუშავებულმა სტრატეგიამ გარკვეული შედეგები გამოიღო.

თუმცა პრეზიდენტმა აღიარა, რომ პროგრესი ავღანეთში „მყიფე და შექცევადია.“ ამასობაში ოფიციალური პირები აღნიშნავენ, რომ ავღანეთში შეერთებული შტატების სამხედრო ძალისხმევა 2011 და 2014 წლებისთვის დასახულ ამოცანებს გეგმაზომიერად დააკმაყოფილებს. ამერიკელი ექსპერტები კი აღნიშნავენ, რომ საბოლოო შეფასებების გაკეთება სტრატეგიის ეფექტურობის შესახებ ნაადრევია.

როგორც ამერიკის ხმის კორესპონდენტი ალ პესინი პენტაგონიდან იუწყება, პრეზიდენტ ობამას ავღანეთის მიმართ სტრატეგიის შეფასებაში მოულოდნელი არაფერი იყო. პრეზიდენტმა განაცხადა, რომ სტრატეგიის შემუშავებიდან ერთი წლის შემდეგ და ავღანეთში დამატებითი საჯარისო ნაწილების გაგზავნიდან ექვს თვეზე ნაკლები დროის მანძილზე ადმინისტრაციის მიერ შემუშავებულმა სტრატეგიამ გარკვეული შედეგები გამოიღო.

„ჩვენ დასახულ ამოცანებს გეგმაზომიერად ვაკმაყოფილებთ. სამხედრო ამოცანების შესრულების მხრივ, ჩვენ მნიშვნელოვან შედეგებს მივაღწიეთ" - განაცხადა პრეზიდენტმა ობამამ.

მაგრამ პრეზიდენტმა აგრეთვე აღიარა, რომ მიღწეული პროგრესი მყიფეა და შეერთებულ შტატებს მძიმე ფასად დაუჯდა. ავღანეთის მთავრობის ეფექტურობის გასაზრდელად და ქვეყნის ეკონომიკური განვითარების მისაღწევად ჯერ კიდევ ბევრი სამუშაო დარჩა ჩასატარებელი, აღნიშნა ობამამ. ამას გარდა, პრეზიდენტმა განაცხადა, რომ პაკისტანმა ავღანეთის საზღვრის გაყოლებით მდებარე მეამბოხეების თავშესაფრების ალაგმვა უნდა გააქტიუროს.

პრეზიდენტის გამოსვლის პარალელურად ავღანეთში დისლოცირებული შეერთებული შტატების სამხედრო ძალები 2010 წელს პირადი შემადგენლობის დანაკარგებს აჯამებდნენ. მიმდინარე წელი ავღანეთში დისლოცირებული ამერიკელი სამხედროებისთვის ყველაზე სისხლიანი აღმოჩნდა. 2010 წელს ავღანეთში დაიღუპა 500 და დაიჭრა 5000 ამერიკელი ჯარისკაცი.

პრეზიდენტმა ობამამ სტრატეგიის შეფასება გადაწყვიტა იმის გამო, რომ მას მისი წინამორბედის პრეზიდენტ ჯორჯ ბუშის შეცდომის გამეორება არ სურდა. როგორც ცნობილია, თავის დროზე პრეზიდენტმა ბუშმა ერაყში შეერთებული შტატების სამხედრო სტრატეგიის ახლებურ შეფასებაზე უარი თქვა მიუხედავად იმისა, რომ ბევრი ექსპერტისთვის ცხადი იყო, რომ ხსენებული სტრატეგია უნაყოფო გამოდგა. ახლა იგივე ექსპერტები აღნიშნავენ, რომ პრეზიდენტ ობამას სტრატეგიის შეფასება ნაადრევი აღმოჩნდა.

ამ მოსაზრებას ვაშინგტონში მდებარე ანალიტიკური ორგანიზაცია ბრუკინგსის ინსტიტუტის თავდაცვის საკითხების ექსპერტი მაიკლ ო’ჰანლონი იზიარებს.

„მნიშნველოვან შედეგებს ჩვენ ჯერ არ უნდა ველოდოთ. ვფიქრობ ეს გარდამავალი შეფასებაა. შეიძლება ამ დოკუმენტიდან ჩვენ სტრატეგიის განხორციელებაში გარკვეული ცვლილებები მივიღოთ, მაგრამ ვფიქრობ სტრატეგია მნიშვნელოვნად არ შიეცვლება,“ აღნიშნა ო’ჰანლონმა.

ექსპერტები აღნიშნავენ, რომ ქვეყნის რთული ლანდშაფტის, კორუფციის, ტომებად დანაწევრებული საზოგადოებისა და თალიბთა მოძრაობის მზარდი გავლენის გამო ავღანეთში პროგრესის მიღწევა და მისი შეფასება ძალიან ძნელია. შეერთებული შტატების თავდაცვის მინისტრი რობერტ გეიტსი აღნიშნავს, რომ პროგრესი მხოლოდ ადგილობრივ დონეზე უნდა შეფასდეს. გეიტსს მიაჩნია, რომ სამხედრო შენაერთების უმთავრეს ამოცანას ახლადშექმნილი სტაბილურობის ზონების გაფართოება წარმოადგენს. გეიტსის აზრით, კოალიციურმა ძალებმა ავღანეთის სამხედროები უნდა მოამზადონ, რათა მათ ხსენებული ზონები დაიცვან:

„სამხედრო სტრატეგიის მთავარი იდეა თალიბ მეამბოხეთა მოძრაობის შეჩერებას, მის უკუქცევასა და მეამბოხეთა სამხედრო შესაძლებლობების განეიტრალებას ითვალისწინებს. ჩვენ მათ მნიშვნელოვან დასახლებულ პუნქტებზე კონტროლის დაწესების უფლება არ უნდა მივცეთ. იმავდროულად, ავღანეთის ეროვნული უსაფრთხოების ძალების პოტენციალის განმტკიცება უნდა გაგრძელდეს რათა მათ დასუსტებული თალიბების განეიტრალება შესძლონ “- აღნიშნა თავდაცვის მინისტრმა.

ამჟამად არავის შეუძლია იმის პროგნოზირება თუ რამდენად სწრაფად მიაღწევენ დასახულ ამოცანებს ამერიკელი სამხედროები. მაგრამ პრეზიდენტმა ობამამ განაცხადა, რომ ავღანეთიდან შეერთებული შტატების სამხედრო ძალების გაყვანა მომავალი წლის ივლისში უნდა დაიწყოს. ხოლო ნატოს ალიანსის ლიდერები ავღანეთიდან კოალიციური ძალების გაყვანას 2014 წლის მიწურულს აპირებენ.

თეთრი სახლის 2010 წლის ავღანეთში სტრატეგიის შეფასებით დოკუმენტში აღნიშნულია, რომ მიღწეული პროგრესის მიუხედავად ჯერ კიდევ ბევრი პრობლემა არსებობს. მომავალი წლის მანძილზე პრეზიდენტი ობამა, კონგრესი და მოკავშირე სახელმწიფოების მთავრობები ავღანეთში მდგომარეობის განვითარებას დიდი ყურადღებით დააკვირდებიან. ამით მოხდება სტრატეგიის შემდგომი სრულყოფა და იქ დისლოცირებული სამხედრო ძალების დონის სათანადო შეჯერება.

XS
SM
MD
LG