ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

შეერთებული შტატების და უკრაინის სამომავლო ურთიერთობები


შეერთებული შტატების და უკრაინის სამომავლო ურთიერთობები

შეერთებული შტატები უკრაინასთან ურთიერთობების გაღრმავებას ცდილობს ენერგეტიკის, უსაფრთხოებისა და ეკონომიკური თანამშრომლობის თვალსაზრისით, თუმცა შეშფოთებულია ქვეყანაში დემოკრატიისა და კანონის უზენაესობის ხარისხით.

ამერიკის სახელმწიფო მდივანი ჰილარი კლინტონი ცოტა ხნის წინ უკრაინის პრეზიდენტ ვიქტორ იანუკოვიჩს მიუნხენში შეხვდა. კლინტონმა უკრაინის მიერ გამდიდრებული ურანის ქვეყნიდან გატანის გადაწყვეტილება და ენერგო-სექტორის გარდაქმნის დაწყება შეაქო. თუმცა, კლინტონმა ასევე გამოხატა შეშფოთება უკრაინაში არსებული შერჩევითი მართლმსაჯულების გამო. ერთ-ერთ მაგალითად მან უკრაინის ყოფილი პრემიერ მინისტრი იულია ტიმოშენკოს საქმე დაასახელა.

სახელმწიფო მდივნის მოადგილემ ევროპისა და ევრაზიის საკითხებში ფილიპ გორდონმა უკრაინაში რამდენიმე შეხვედრა გამართა კლინტონისა და იანუკოვიჩის მოლაპარაკებების შემდეგ. მან უკრაინელ პარტნიორებთან ბირთვულ გაუვრცელებლობაზე, ეკონომიკურ რეფორმებზე და უკრაინაში ამერიკული ინვესტიციების მოზიდვის გზებზე ისაუბრა. გორდონის თქმით, ამერიკული პროდუქციის ექსპორტი უკრაინაში რეკორდულ მაჩვენებელზეა, თუმცა ის 2 მილიარდ დოლარს არ აღემატება, რაც გაცილებით დაბალია იმაზე, რაც რეალურად არის შესაძლებლი.

თუ უკრაინაში ბიზნესის წარმოება არ გაადვილდა, გაჩნდება იმის რისკი, რომ ამერიკელი ბიზნესმენები უკრაინაში ინვესტიციებს არ ჩადებენ, რაც მეორეს მხრივ ქვეყნის განვითარებას შეანელებს. გორდონის თქმით: „ჩვენ იმედი გვაქვს, რომ ხელისუფლება იმუშავებს გადასახადების, საბაჟო რეგულაციების, კორუფციის საკითხებზე, რადგანაც გვინდა, რომ უკრაინაში უფრო მეტი ამერიკული ინვესტიცია ჩაიდოს.“

დემოკრატიული რეფორმები უკრაინაში კვლავ გამოწვევას წარმოადგენს. გორდონმა შერჩევით მართლმსაჯულებაზე გაამახვილა ყურადღება და აღნიშნა, რომ ოქტომბერში დანიშნული საპარლამენტო არჩევნების თავისუფალ და სამართლიან გარემოში ჩატარება უაღრესად მნიშვნელოვანი იქნება ქვეყნის განვითარებისთვის.

გორდონმა უკრაინის მთავრობას მოუწოდა ოპოზიციის ყველა ლეგიტიმურ პარტიას არჩევნებში მონაწილეობის საშუალება მისცეს და არჩევნებზე საერთაშორისო დამკვირვებლები დაუშვას.

გორდონის თქმით, „ჩვენ გვინდა უკრაინამ გაარძელოს ევრო-ატლანტიკური ინტეგრაციის, სტაბილურობის, ეკონომიკური წინსვლისა და დემოკრატიის მიმართულებით სვლა.“

XS
SM
MD
LG