ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

კვინტრაძის საქმე და საიას სარჩელი მაუწყებლების წინააღმდეგ


კვინტრაძის საქმე და საიას სარჩელი მაუწყებლების წინააღმდეგ
კვინტრაძის საქმე და საიას სარჩელი მაუწყებლების წინააღმდეგ

საია ამ ეტაპზე ამზადებს სარჩელს „რუსთავი2–სა“ და“იმედის“ წინააღმდეგ

ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციაში გადაწყვიტეს, რომ ნაციონალური მაუწყებლების, კერძოდ კი ტელეკომპანია „რუსთავი 2–სა“ და „იმედის“ მიმართ სარჩელი შეიტანონ. თამარ ჩუგოშვილი, ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის ხელმძღვანელი ჩვენთან საუბრისას ამბობს, რომ შეურაცხყოფილები არიან შეფასებებით, რაც 6 სექტემბერს ამ ტელეკომპანიების ეთერით გადაიცა. გუშინ საიას თანადგომა 11–მა სხვა არასამთავრობო ორგანიზაციამ გამოუცხადა, ისინი მის ოფისთან შეიკრიბნენ და საგანგებო განცხადება გაავრცელეს, ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის მიმართ ხელიოსუფლებისა და მედიის დამოკიდებულებას დაუმსახურებელი შეურაცხყოფა უწოდეს. ტელეკომპანიებმა საინფორმაციო გამოშვებებში საიას მიკერძოებულობაზე ისაუბრეს.

„მიგვაჩნია, რომ დაუშვებელია სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლებზე მსგავსი დაუსაბუთებელი თავდასხმა, რათა არ მოხდეს ფართო საზოგადოების თვალში ამ ორგანიზაციის და მთლიანად არასამთავრობო სექტორის დისკრედიტაცია. სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლები გამოთქვამენ შეშფოთებას წამყვანი არასამთავრობო ორგანიზაციის მიმართ აგორებული ნეგატიური კამპანიის გამო და თანადგომას უცხადებენ საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციას“ ნათქვამია განცხადებაში, რომელსაც კოალიცია სამოქალაქო განვითარებისთვის, ადამიანის უფლებათა ცენტრი, `კონსტიტუციის 42-ე მუხლი~, მიგრანტთა უფლებების დაცვისა და ინტეგრაციის ცენტრი, გეოპოლიტიკური კვლევის საერთაშორისო ცენტრი, ადამიანის უფლებათა ინსტიტუტი, `საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველო~, `ფონდი – ღია საზოგადოება საქართველო~, ევრაზიის თანამშრომლობის ფონდი და სხვები აწერენ ხელს. ისინი ტელეკომპანიებისგან ბოდიშის მოხდას მოითხოვენ.

საქმე კი მას შემდეგ აგორდა, რაც საიამ დიდი ბრიტანეთიდან მიღებული სასამართლო ექსპერტიზის ბიუროს დასკვნა გაახმაურა ნიკა კვინტრაძის გარდაცვალების შესახებ, რომელიც 26 მაისის მოვლენების შემდეგ გადრაცვლილი იპოვეს მეტრო „თავისუფლების“ მიმდებარე ტერიტორიაზე. ოფიციალური ვერსიით კვინტაძის გარდაცვალება ელექტროსადენებთან შეხებამ გამოიწვია. საიაში მიღებული დასკვნა კი გარდაცვალების ვერსიის განსხვავებული ინტერპრეტაციის საფუძველს იძლევა. კერძოდ, ფოტოების ანალიზის გზით დგინდება, რომ ერთ–ერთ ფოტოზე ბორკილდადებული ადამიანი დიდი ალბათობით კვინტრაძე შეიძლება იყოს. ასეთ კვალს კი პირდაპირ შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომელთა პასუხისმგებლობის საკითხთან მივყავართ, რადგან როგორც შიდა კანონმდებლობის, ასევე საერთაშორისო კონვენციების თანახმად, პასუხიმგებლობა პირის სიცოცხლეზე მას აკისრია, ვისთანაც იგი ყველაზე ბოლოს ნახეს. საიაში მიღებული დასკვნის თანახმად, ეს შინაგან საქმეთა სამინისტროა.

შოთა უტიაშვილმა, შინაგან საქმეთა სამინისტროს ანალიტიკური დეპარტემენტის ხელმძღვანელმა განაცხადა, რომ ფოტოზე გამოსახული პირი არა ნიკა კვინტრაძე, არამედ ქარელის რაიონის მკვიდრი გიორგი ბაქრაძეა. ნაციონალური მაუწყებლებით გადაიცა ბაქრაძის ინტერვიუც, სადაც იგი ადასტურებს, რომ მაისში აქციებზე ნამდვილად იმყოფებოდა და ფოტოზე გამოსახულიც თავადაა.

თამარ ჩუგოშვილი, ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის ხელმძღვანელი ამბობს, რომ იგი მოელოდა, გამოძიების დაინტერესებას ახალი მასალით, რომლის მოპოვებაც მათ შეძლეს. „ჩვენ მათთვის ჯერ გაგზავნილიც კი არ გვქონდა ექსპერტიზის დასკვნა ისე გააკეთეს ჩვენი შეურაცხმყოფელი განცხადებები. არც კი დაინტერესებულან ენახათ რა ეწერა ბრიტანელი ექსპერტების ნამუშევარში. ნაციონალურმა მაუწყებლებმა კი შეცვალეს ფოტოები, რაც ჩვენ წარმოვადგინეთ. ეს მცდარი ინფორმაციის გავრცელებაა“,– ამბობს თამარ ჩუგოშვილი.

საია ამ ეტაპზე ამზადებს სარჩელს „რუსთავი2–სა“ და“იმედის“ წინააღმდეგ. გახდება თუ არა ინტერესის საგანი ქარველი სამართალდამცავებისთვის ბრიტანელი ექსპერტების მიერ გაკეთებული ანალიზი, ამას მომავალი აჩვენებს.

XS
SM
MD
LG