ნატოს საპარლამენტო ასამბლეამ ოფიციალურად აღიარა საქართველოს ოკუპაცია და ეთნიკური წმენდა. ასამბლეა რუსეთისგან ნაკისრი ვალდებულებების შესრულებას და იძულებით გადაადგილებულ პირთა საკუთარ სახლებში უსაფრთხო დაბრუნებას მოითხოვს.
როგორ ცხოვრობს აფხაზეთიდან და ცხინვალის რეგიონიდან გამოდევნილი მოსახლეობა?
"იძულებით გადაადგილებულ პირთა და კონფლიქტის შედეგად დაზარალებულთა უფლებრივი მდგომარების შესახებ” ანგარიში დიპლომატიურ კორპუსს, საქართველოს მთავრობის და პარლამენტის წევრებს, საერთაშორისო და ადგილობრივი არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებს სახალხო დამცველმა გააცნო.
დევნილთა მდგომარეობის შესახებ ”ამერიკის ხმა” მართლმსაჯულების დეპარტამენტის უფროსის მოადგილეს სოფო ბენაშვილს გაესაუბრა, რომელიც ამბობს, რომ არის ძალიან ბევრი პრობლემა. დევნილებს არა აქვთ ხშირად ადეკვატური ინფორმაცია, თუ რა გადაწყვეტილებებს ღებულობს მათთან დაკავშირებით ხელისუფლება, არ ფლობენ ინფორმაციას პრივატიზაციის , რეაბილიტაციის შესახებ და ა.შ.
რა არის გასაკეთებელი დევნილთა საყოფოცხოვრებო პირობების გასაუმჯობესებლად? რომელ უწყებას ევალება მათთან დაკავშირებული საკითხების მოწესრიგება?
"ლტოლვილთა და განსახლების სამინისტროს" - ამბობს მართლმსაჯულების დეპარტამენტის უფროსის მოადგილე სოფო ბენაშვილი :
”ძალიან მძიმეა სიტუაცია,ძალიან ბევრი პრეტენზიები გვაქვს რეაბილიტაციის ხარისხთან დაკავშირებით, რომელიც კომპაქტური ჩასახლების ობიექტებში ხორციელდება, თავად კოტეჯების ხარისხთან დაკავშირებით.. ასევე ძალიან ბევრ დევნილს არა აქვს ინფორმაცია ჯანდაცვის შეღავათების შესახებ, რომელიც მათ ეკუთვნით. რაც შეეხება განათლებას, აქ მეტნაკლებად ნორმალური მდგომარებაა.. ასევე მინდა ავღნიშნო, რომ არის ისეთი ჩასახლებები რომელშიც ყოფნა არაადამიანურ პირობებს უკავშირდება. ჩვენ ვეცადეთ ფოტო ილუსტრაციებიც მოგვეყვანა, რათა ყველამ ნახოს და დარწმუნდეს ჩვენი სიტყვების სიმართლეში”.
სახალხო დამცველის სპეციალური ანგარიში ევროსაბჭოს ადამიანის უფლერბათა კომისრის ოფისის ფინანსური მხარდაჭერით მომზადდა.