ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

რატომ შეიქმნა დავით გარეჯის პრობლემა?!


საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის მინისტრის ნიკა რურუას განცხადებით, დავით გარეჯის კომპლექსში შემავალი მონასტერი აზერბაიჯანის კუთვნილებაა.

"ქართული მხარე ზრუნავს, რომ დავით გარეჯის სადავო მონაკვეთი, დელიმიტაციის შემდეგ საქართველოს საზღვრებში მოექცეს" -აცხადებს დღეს საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე ნინო კალანდაძე:

” სადავო ნამდვილად არ არის ვისი კუთვნილებაა დავით გარეჯი სრულად, განურჩევლად მისი ნებისმიერი ნაწილისგან. დავით გარეჯის კომპლექსი მთლიანად არის საქართველოს საკუთრება და არის ქართული კულტურის ძეგლი. ამაზე არ დავობს არც ქართული მხარე და არც აზერბაიჯანული მხარე. დელიმიტაციის პროცესი არის, რაც არ უნდა კეთილმეზობლური თუ მეგობრული ურთიერთობები ჰქონდეთ ორ სახელმწიფოს ერთმანეთთან, დელიმიტაციის პროცესი როგორც ასეთი რთული პროცესია, როდესაც საზღვრის დელიმიტაციას ეხება საქმე. ბევრი ცალკეული ჯგუფი მუშაობს ამ საკითხზე, სხვათაშორის ძალიან ინტენსიურად და მათი მისამართითაც არც თუ უსამართლო განცხადებები გაკეთდა. მე უბრალოდ ინფორმაციულად დავაზუსტებდი. აზერბაიჯანულ მხარესთან ჩვენ გასული წლების განმავლობაში გვქონდა შეთანხმება, რომ სანამ ტერიტორია არ არის დელიმიტირებული და ეს მონაკვეთი მართლაც არ არის დელიმიტირებული, ამდენად იგულიხმებოდა, რომ იმდენად არ არის სადავო, რამდენადაც ქართული მხარე მაქსიმალურ ძალისხმევას იყენებს იმისათვის, რომ ეს ნაწილიც, როდესაც დელიმიტაციის პროცესი დასრულდება, მოექცეს საქართველოს კონტროლს ქვეშ და მოექცეს საქართველოს საზღვრებში. ამაზე მიდის ძალიან ინტენსიური მუშაობა და სამწუხაროდ არის დროში გაწელილი იმიტომ რომ არის რთული თემა”.

ეს ნინო კალანდაძის დავით გარეჯთან დაკავშირებით მეორე საჯარო განცხადებაა. მინისტრის მოადგილის პირველმა განცხადებამ 14 მაისს ტრადიციულ ორშაბათის ბრიფინგზე ქართულ საზოგადოებაში სერიოზული აღშფოთება გამოიწვია. ბრიფინგზე მან განაცხდა, რომ ”გარეჯის სამონასტრო კომპლექსის ნაწილი საბჭოთა კავშირის დროიდან მოყოლებული საქართველოს საზღვრებში არ იმყოფებოდა.”

შეგახსენებთ, ქართველ მომლოცველებს და ტურისტებს დავით გარეჯის სამონასტრო კომპლექსში აზერბაიჯანელი მესაზღვრეები 6 მაისის შემდეგ არ უშვებენ.დღეს კულტურის სამინისტროსთან საპროტესტო აქცია გამართეს პარტია ” მომავალი საქართველოს ” წევრებმა :

”ხვალ სხვა ტერიტორიებს შემოგვედავებიან. ჩვენ მოვითხოვთ კულტურის მინისტრისაგან, საქართველოს ხელისუფლებისგან ჯეროვნად დაიცვან ჩვენი ქვეყნის, ჩვენი მოსახლეობის ინტერესები.”

პარტია ” მომავალი საქართველოს” ლიდერი - გიორგი ლაღიძე:

” დღევანდელ აქციას კულტურის სამინისტროსთან ვმართავთ პარტია ”მომავალი საქართველო”, ადამიანის უფლებათა დაცვის არასამთავრობო ორგანიზაცია და ადვოკატები. ჩვენ ვაპროტესტებთ ქართული და აზერბაიჯანული მხარის ქმედებას დავით გარეჯის სამონასტრო კომპლექსთან დაკავშირებით. პირველ რიგში ჩვენი ხელისუფლების მოქმედება არის სასირცხვილო მთელი ქართველი ერისთვის. რომ არა დავით გარეჯის სამონასტრო კომპლექსის ბერები , ჩვენ ალბათ, რიგითი ქართველები ამ ამბავს ვერც გავიგებდით. მათ შემოკრეს ზუსტად განგაშის ზარები და ამის შემდეგ გახდა ეს ამბავი ცნობილი. ყველასათვის ცნობილია, რომ დავით გარეჯის სამონასტრო ლავრა დაარსებულია მე-6 საუკუნეში წმინდა მამების მიერ, ის ოდითგანვე იყო საქართველოს საკუთრება, მათ შორის დავით აღმაშენებელმა ის ყოველგვარი გადასახადებისგან გაათავისუფლა, უპირატესობა ენიჭებოდა ყოველთვის ამ სამონასტრო კომპლექსს.”

საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის მინისტრის ნიკა რურუას განცხადებით, დავით გარეჯის კომპლექსში შემავალი მონასტერი აზერბაიჯანის კუთვნილებაა. გიორგი ლაღიძე ამბობს:

”არა, არა, ნამდვილად არა, ძირითადად ისინი ამას ამბობენ. 1994 წელს არანაირი გადაწყვეტილება მიღებული არ არის გარდა იმისა, რომ შეიქმნა კომისია, რომელსაც დაევალა საზღვრის დადგენა აზერბაიჯანთან, დღემდე ეს პროცესი ჭიანურდება და არ არის დადგენილი. უპასუხისმგებლო განცხადებები კეთდება."

თუ დავიჯერეთ, რომ 1994 წლის შეთანხმებით აზერბაიჯანს ეკუთვნის ეს ტერიტორია. 1994 წლის შემდეგ 18 წელი გავიდა, რატომ 2012 წლის 6 მაისს ამოქმედდა ეს შეთანხმება?

"ზუსტად ეს არის გასარკვევი და გასაკვირი. მაშინ, როდესაც იქ ტურისტები და მომლოცველები ძალიან თავისუფლად ადიოდნენ, მათ არასდროს არანაირი პრობლემები არ ექმნებოდათ, რატომ შეიქმნა ახლა ეს პრობლემა?! ყველამ უნდა იცოდეს და ეს სადავო არ უნდა იყოს, რომ ეს არის არა ალბანური ძეგლი, არამედ ქართული რელიგიური ძეგლი. საზღვრის დემარკაციის დროსაც , როდესაც დადგინდება აზერბაიჯანთან ჩვენი საზღვარი , ჩვენი სახელმწიფოს ინტერესები უნდა იყოს გათვალისწინებული. მერწმუნეთ, საზოგადოებაში არის სერიოზული ვნებათაღელვა ამ საკითხთან დაკავშირებით. ჩვენ აუცილებლად ამ საკითხს მივყვებით ბოლომდე, აუცილებლად გაიმართება არაერთი საპროტესტო ღონისძიება, ჩვენ ჩავალთ ასევე დავით გარეჯშიც. ვიცი, რომ ბევრი არასამთავრობო ორგანიზაცია, პოლიტიკური პარტიები გეგმავენ ამ საკითხთან დაკავშირებით სხვადასხვა ღონისძიებებს. ჩვენ აუცილებლად გვექნება კოორდინირებული მოქმედებები.”

20 მაისს თბილისში ვაკის პარკიდან საპროტესტო მსვლელობას მოაწყობს საინიციატივო ჯგუფი ”დაიცავი დავით გარეჯი”. ორგანიზატორების განცხადებით, ისინი ითხოვენ საგარეო საქმეთა სამინისტროსგან წარადგინოს დოკუმენტური დასაბუთებული მასალები, რის საფუძველზე გააკეთეს ქართული საზოგადოებისთვის მიუღებელი და შეურაცხმყოფელი განცხადებები საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ და კულტურის მინისტრმა.

21 მაისს გარეჯის მონასტრის ლავრიდან მონასტერ უდაბნოსკენ სასულიერო პირების მსვლელობა მოეწყობა. მასში მონაწილეობას 100-ზე მეტი სხვადასხვა ტაძრის სასულიერო პირი და 5 ათასზე მეტი მორწმუნე მიიღებს.

საქართველოს მოსახლეობის გამოკითხულთა 70 %-ი დავით გარეჯის პრობლემაზე პასუხისმგებლობას საქართველოს ხელისუფლებას აკისრებს. და ბოლო ინფორმაციით, გრიგოლ ვაშაძე და მისი აზერბაიჯანელი კოლეგა აზერბაიჯანის საგარეო საქმეთა მინისტრი ელმარ მამედიაროვი სატელეფონო საუბარში შეთანხმდნენ, რომ დავით გარეჯის პრობლემა უახლოეს მომავალში აღმოიფხვრება.

XS
SM
MD
LG