ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

უცნობი ქართველის ლეგენდა ამერიკაში


უცნობი ქართველის ლეგენდა ამერიკაში
უცნობი ქართველის ლეგენდა ამერიკაში

1952 წელს, ჰოლივუდში, ცნობილმა რეჟისორმა ჯორჯ სიტონმა, გიორგი პაპაშვილის ნაწარმოებზე „ყველაფარი შეიძლება მოხდეს,“ მხატვრული ფილმი გადაიღო.

მე-20 საუკუნის საბჭოთა სივრცის აკრძალული კულტურის პარალელურად, სხვა, თავისუფალი, მაგრამ ბევრისთვის უცნობი სააზროვნო ესთეტიკა არსებობდა, რომელიც ევროპასა და ამერიკაში ქართული ემიგრაციისა და ემიგრანტული მწერლობის სახით იყო წარმოდგენილი.

პატარა, უღარიბეს სოფელ კობიაანთ კარში, ყველა ერთი ცხოვრებით ცხოვრობდა - ჭირიც საერთო hქონდათ და ლხინიც. ასე იყო მაშინაც, როცა ვანო და იამზე პაპაშვილების ოჯახში, 1898 წლის 23 აგვისტოს, ვაჟი - გიორგი პაპაშვილი დაიბადა. მაშინ, ძნელად თუ წარმოიდგენდა ვინმე, რომ 21 წლის შემდეგ, ნიუ-იორკში, ემიგრანტის სტატუსით ჩასულ გიორგი (ჯორჯ) პაპაშვილის წიგნი უოლტ უიტმენის, მარკ ტვენის, იულიამ ფოლკნერის, ერნესტ ჰემინგუეის და სხვა გამოჩენილი ადამიანების წიგნების გვერდით ამერიკის რჩეულთა ბიბლიოთეკაში აღმოჩნდებოდა.

1945 წელს გიორგი (ჯორჯ) პაპაშვილის წიგნმა “Anything Can Happen” – „ყველაფერი შეიძლება მოხდეს,“ კიდევ ერთი გარდატეხა მოახდინა მსოფლიო ლიტერატურაში. ერთ წელიწადში ათჯერ, ათგზის გამოცემული წიგნი ბესთსელერად იქცა.

გარკვეული დროის შემდეგ ამ წიგნს თავად იოსებ სტალინის ქალიშვილი - სვეტლანა ალილუევაც გამორჩეულად გამოყოფდა. ამ ფაქტთან დაკავშირებით, ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ფილოლოგიურ მეცნიერებათა დოქტორი, ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტის პროფესორი რუსუდან ნიშნიანიძე აღნიშნავს:

სულ ახლახანს, პროფესორმა პენსილვანიის შტატის ლიჰაის უნივერსიტეტის ბიბლიოთეკაში დაცული ჯორჯ(გიორგი) პაპაშვილის არქივზე მუშაობა დაასრულა. ეს პირველი და უპრეცენდენტო შემთხვევა იყო ამ არქივის გაცნობის და შესწავლის თვალსაზრისით. რასაკვირველია, ვგულისხმობთ მხოლოდ საქართველოს და საბჭოთა ლიტერატურმცოდნეობის მასშტაბებს. მე-20 საუკუნის ქართული ემიგრაციული ლიტერატურის ექსპერტმა და კერძოდ გიორგი პაპაშვილის შემოქმედების მკვლევარმა, ქალბატონმა ნიშნიანიძემ, უზარმაზარი საარქივო მასალის შესწავლის დროს, ჯერ კიდევ ბევრი უცნობი დეტალი აღმოაჩინა:

„ამ არქივზე მუშაობის დროს საკმაოდ გაოცებული დავრჩი...“

საინტერესოა, თუ როგორ მოხვდა გიორგი პაპაშვილის არქივი აღნიშნულ ადგილას. ლიჰაის უნივერსიტეტის ბიბლიოთეკის სპეციალური კოლექციის ხელმძღვანელი ილჰან ციტაკი ამბობს:

მიუხედავად იმისა, რომ გიორგი პაპაშვილის ლიტერატურა ამერიკული სივრცისათვის განსაკუთრებულია, მეორე მნიშვნელოვანი წარმატება, რომელიც მის სახელს უკავშირდება, მისი მოქანდაკეობაა. თვითნასწავლმა ხელოვანმა ქვაში და ხეში გამოთლილი სილამაზითაც გააოცა ამერიკა:

„პაპაშვილი ამერიკული სივრცისათვის საოცრად მასშტაბური იყო, მისი ძირითადი საქმიანობა მოქანდაკეობაა ... უილიამ პენის მუზეუმში გამოფენილია მისი ნამუშევრები“

გიორგი პაპაშვილის წიგნებზე მის გვარის გარდა, მეუღლის ჰელენ უეიტ-პაპაშვილის გვარ-სახელსაც ვკითხულობთ. პროფესორი ნიშნიანიძე ამ ფაქტს ასე ხსნის:

„წიგნებს მუდამ მეუღლესთან ერთად წერდა “

60-იან წლებში გიორგი პაპაშვილმა მეუღლესთან ერთად, საქართველოში პირველად იმოგზაურა. ნათესავებისა და მეგობრების ნახვით გულშეჯერებულ შემოქმედს სამშობლოში დარჩენაც შესთავაზეს; თუმცა, მან ამაზე იმჯერად უკვე უარი თქვა.

გიორგი პაპაშვილის უნიკალურობას ერთი გარემოებაც ადასტურებს; 1952 წელს, ჰოლივუდში, ცნობილმა რეჟისორმა ჯორჯ სიტონმა, გიორგი პაპაშვილის ნაწარმოებზე „ყველაფარი შეიძლება მოხდეს,“ ამავე სახელწოდების მხატვრული ფილმი გადაიღო. მოგვიანებით ფილმი „ოქროს გლობუსით“ დაჯილდოვდა. პარალელურად, მისი, როგორც მოქანდაკის შესახებ დოკუმენტური ფილმიც - „Beauty in Stone“ - „სილამაზე ქვაში“ შეიქმნა, რომელიც არა მარტო საქართველოში, არამედ საბჭოთა სივრცეშიც, დღემდე, ჯერ არავის, არასდროს უნახავს.

მხოლოდ ახლახანს, „ამერიკის ხმის“ ქართული რედაქციის მეშვეობით, შესაძლებელი გახდა ამ ფილმის მოძიება და მის საჩვენებლად ექსკლუზიური ნებართვის მოპოვებაც. აღნიშნული ფილმი, „ამერიკის ხმის“ ქართული რედაქციის გადაწყვეტილებით, საჩუქრად სწორედ პროფესორ რუსუდან ნიშნიანიძეს გადაეცა.

უფრო მეტიც, სულ მალე, ჩვენი რედაქცია, ჰოლივუდში გადაღებული მხატვრული ფილმის ჩვენებაზეც საავტორო უფლების მოსაპოვებლად, ასევე წარმატებით დაასრულებს მოლაპარაკებას.

XS
SM
MD
LG