ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

"ამერიკის ხმა" ენციკლოპედიის მთავარ რედაქტორს ზურაბ აბაშიძეს გაესაუბრა.

”100 ქართველი უცხოეთში” - ამ სახელწოდებით საქართველოს მეცნიერებათა ეროვნული აკადემიის ქართული ენციკლოპედიის მთავარმა რედაქციამ გამოსცა წიგნი უცხოეთში სხვადასხვა ეპოქაში მცხოვრებ ქართველებზე, რომლებმაც პირველი საუკუნეებიდან დღემდე მნიშვნელოვანი კვალი დატოვეს იმ ქვეყნის კულტურაში, მეცნიერებაში თუ პოლიტიკურ ცხოვრებაში, სადაც ცხოვრობდნენ. მაგალითად, ენციკლოპედიაში ვკითხულობთ :

”ალი ბეი ალ-ქაბირი, ეგვიპტის მმართველი, დაიბადა აფხაზეთში, ქართველი მღვდლის ოჯახში. სახელად იოსები ერქვა. 1741 წელს მოიტაცეს და ეგვიპტეში ვინმე ვაჭარს მიჰყიდეს, რომელმაც იგი ტომით ქართველს, მაღალი თანამდებობის სახელმწიფო მოღვაწეს აჩუქა. ალი ბეი თავისი ნიჭის წყალობით მალე დაწინაურდა. 1763 წელს იგი სრულიად ეგვიპტის მამლუქთა ხელისუფლების თავკაცად აირჩიეს. მას ურთიერთობა ჰქონდა საქართველოსთან. რუსეთ-ოსმალეთის ომის დროს 1768-74 წლებში რუსეთს დაუკავშირდა, ოსმალეთის სულთანს აუჯანყდა, ფაშა კაიროდან განდევნა და 1769 წელს ეგვიპტის დამოუკიდებლობა გამოაცხადა.”

კიდევ ერთი ციტატა წიგნიდან:

”რუმინეთის საეკლესიო და პოლიტიკური მოღვაწე, მწერალი ანთიმოზ ივერიელი, ერისკაცობაში ანდრია, ოსმალებმა გაიტაცეს საქართველოდან და სტამბოლში ჩაიყვანეს. ტყვეობიდან იერუსალიმის პატრიარქმა გამოისყიდა. ანთიმოზ ივერიელი მის კარზე დარჩა და განათლებაც მიიღო”.

ენციკლოპედიის მთავარი რედაქტორის, ზურაბ აბაშიძის თქმით ”ზოგი მათგანი ეროვნულ გმირად აღიარეს, მაგალითად ფრანგებმა - დიმიტრი ამილახვარი, იტალიელებმა ფორე მოსულიშვილი, მართლმადიდებლურმა ეკლესიამ წმინდანად შერაცხა ათონელი მწიგნობრები პეტრე იბერი, ეფრემ მცირე, გრიგოლ ფერაძე და ტრიპოლის საფაშოს ქართველი მმართველი ლიბიაში. ტრიპოლში ერთ-ერთი ცნობილი მეჩეთი არის მუსტაფა გურჯის აშენებული. იგი ქართული წარმომავლობის იყო. ძალიან საინტერესო ბიოგრაფია აქვს. სტამბოლში ტყვეთა ბაზარში გაუყიდია ტრიპოლის ფაშას იუსუფ კარამანლის. მერე დაწინაურდა და გახდა ტრიპოლის საზღვაო ძალების მეთაური. ან ეგვიპტეს გამგებელი მაჰმედ ფაშა გურჯი-წარმოშობით ქართველი თბილისიდან. ისიც ტყვეთა მოვაჭრეებს უყიდიათ. მართავდა ეგვიპტეს დიდი ხანი მე-18 საუკუნეში. სხვათაშორის, ნაპოლეონი რომ შევიდა ეგვიპტეში, მაშინ ქართველი მართავდა ეგვიპტეს მაჰმედ ფაშა გურჯი. ასევე იყო ოსმალეთის დიდი ვეზირი, ანუ პრემიერ მინისტრი, მეორე კაცი სულთანის შემდეგ."

ზურაბ აბაშიძე აგრძელებს:" ჯორჯ ბალანჩინმა, როგორც ცნობილია საფუძველი დაუდო თანამედროვე ამერიკულ ბალეტს, მაიკლ გრეგორმა აშშ-ის და კანადის საავიაციო მრეწველობას."

ახსოვთ თუ არა დღეს ენციკლოპედიაში დასახელებული 100 ქართველი იმ ქვეყნებში, სადაც ისინი მოღვაწეობდნენ?

”როგორ არ ახსოვთ- გვეუბნება ბატონი ზურაბი-ისინი ძალიან ცნობილი პიროვნებები იყვნენ. მაგრამ, მაგალითად, მიხეილ თამარაშვილი, ძალიან ცნობილი ქართველი მეცნიერი, ისტორიკოსი. ის იტალიაში მოღვაწეობდა , მაგრამ ქართულ საქმეს აკეთებდა, ამიტომ მიგელ ტამარატი იქ შეიძლება ბევრმა არც იცოდეს ვინ იყო, იმიტომ რომ იტალიაში ცხოვრობდა, მაგრამ ქართულ საქმეს აკეთებდა.

როდესაც ირანში ვიყავი, ალავერდი ხანი ყველამ იცის. ერაყის მმართველებიც არიან წიგნში, ბაღდადის მმართველები. რომ ველაპარაკე ერაყის ელჩს, იმანაც დაგვიდასტურა. შეიძლება ყველამ ქუჩაში არ იცოდეს, მაგრამ რაღაც წრეებში იციან, სადაც უნდა იცოდნენ. პეტრე ბაგრატიონს რუსეთში ყველა იცნობს."

XS
SM
MD
LG