ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

მსოფლიოს ენერგეტიკული რუკა იცვლება


მსოფლიოს ენერგეტიკული რუკა იცვლება

ბრაზილიაში უზარმაზარი ნავთობის რეზერვების აღმოჩენამ მსოფლიოს ენერგეტიკული სცენა აშკარად შეცვალა.

მსოფლიოს მოსახლეობის ზრდასთან ერთად ენერგორესურსებზე მოთხოვნა მატულობს. ბევრი ენერგოექსპერტი ამბობს, რომ მსოფლიოში ნავთობის წარმოება ძალიან მალე პიკს მიაღწევს. ვითარებას ისიც ართულებს, რომ ჯერჯერობით ალტერნატიული ენერგო საშუალებების წარმოება განვითარებული არ არის. ამ პრობლემების შესახებ, ჰიუსტონში გამართულ ენერგოფორუმის მონაწილეებმა იმსჯელეს. დეტალებს ჰიუსტონიდან „ამერიკის ხმის“ კორესპონდენტი გრეკ ფლაკუსი არკვევდა.

რამდენიმე წლის წინ ბრაზილიაში უზარმაზარი ნავთობის რეზერვების აღმოჩენამ მსოფლიოს ენერგეტიკული სცენა აშკარად შეცვალა. ამასთან შეერთებულმა შტატებმა გახსნა რამდენიმე გაზის საბადო და დაიწყო ბურღვითი სამუშაოები.

კანადის ხელისუფლებამაც არ დააყოვნა და ალბერტას პროვინციაში ნავთობმოპოვებითი სამუშაოები გააჩაღა. როგორც კანადის ბუნებრივი რესურსების მინისტრმა ჯოი ოლივერმა განაცხადა, ახალმა ტექნოლოგიებმა ჩრდილოეთ ამერიკაში ახალი ენერგოწარმოება შექმნა.

„ჩრდილოეთ ამერიკა ახლა უკვე ნავთობის სწრაფი მწარმოებელი ხდება ოპეკის ქვეყნებს გარეთ. მომავალ ხუთ წელიწადში პროდუქცის 10 პროცენტიანი ზრდა გვაქვს დაგეგმილი,“ - განაცხადა ჯოი ოლივერმა.

მისი თქმით, ჩრდილოეთ ამერიკაში ნავთობის წარმოების ზრდა, როგორც შელფში ასევე ზღვის სიღრმეში, ნავთობის ექსპორტიორი ქვეყნების, იგივე ოპეკის გავლენას საკმაოდ ამცირებს.

თუმცა, როგორც კანადელი მინისტრი ამბობს, გავლენა მათ შორის თანაბარი მაინც ვერ იქნება.

დენიელ იერგინი ახალი წიგნი ავტორია, რომლის სათაურია: „ძიება, ენერგო უსაფრთხოება და თანამედროვე სამყარო“.

„ნავთობის მომარაგების რუკა იცვლება და შესაბამისად მოლოდინებიც იცვლება. ეს კი ბაზრების ცვლილებაზე მიუთითებს, რაც გავლენას მოახდენს გეოპოლიტიკაზე,“ - ამბობს იერგინი.

ის ამავდროულად საკონსულტაციო ენერგოფირმის თავმჯდომარეა. იერგინი მიუთითებს, რომ თითქმის ყველა ტექნოლოგიური ინოვაცია, რომელიც გლობალური ნავთობბაზრის ტრანსფორმირებას იწვევს, ტრადიციულად ნავთობის და გაზის სექტორში არსებობს. მისივე თქმით, აუცილებელია ახალი ტექნოლოგიების დამუშავება ისეთ სექტორებში როგორიცაა მზის და ქარის ენერგია და ბიოსაწვავები.

ერთერთი ქვეყანა, რომელიც ამ ალტერნატიული ენერგოწყაროების განვითარებას აქტიურად ცდილობს, თურქეთია. მისი ენერგომოთხოვნილების 30 პროცენტს 20 წელიწადში ქარის ენერგია დააკმაყოფილებს. თურქეთი, რომელიც ევროპასა და აზიას შორის მდებარეობს, ცდილობს რეგიონისთვის მთავარ ენერგოგამანაწილებლად გადაიქცეს.

ალფარსლან ბეიროქთარი თურქეთის ენერგოსააგენტოს კომისიის წევრია.

„ჩვენ მოთხოვნის და მიწოდების ცენტრში ვიმყოფებით. ევროპაში დიდი მოთხოვნილებაა, ისევე როგორც ჩვენთან, ქვეყნის შიგნით და ასევე ჩვენს მეზობლად არიან მიმწოდებელი ქვეყნები,“ - ახსნა ბეიროქთარმა თურქეთის გეოპოლიტიკური მნიშვნელობა.

ლონდონში მოქმედი მსოფლიოს ენერგოსაბჭოს გენერალური მდივნის კრისტოფერ ფრეის განცხადებით, ვითარების ასეთი დაგეგმვა მსოფლიოს ტრანსფორმირებას უწყობს ხელს. მისი თქმით, თუკი არსებობს გაზის და ნავთის მიწოდების დერეფნები, რატომ არ შეიძლება შეიქმნას ქარის ენერგიის დერეფანიც, მაგალითად თურქეთის გამოყენებით.

ენერგომოთხოვნების დაკმაყოფილებაზე კი დამოკიდებულია, როგორც მსოფლიოს ეკონომიკა ასევე სურსათის წარმოება და დისტრიბუცია, ასევე პლანეტის ბუნებრივი გარემოც.

XS
SM
MD
LG