ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ირანი აშშ-ს ბრალდებას მკაცრად გმობს


ირანი აშშ-ს ბრალდებას მკაცრად გმობს

ირანის ხელისუფლებამ მკაცრად დაგმო შეერთებული შტატების ბრალდება, რომელსაც სრულიად უსაფუძვლო და პოლიტიკურად მოტივირებული უწოდა.

როგორც თეირანელი პოლიტოლოგი საიდ ლაილაზი ამბობს, ამ ბრალდებამ კიდევ უფრო დაძაბა ორ ქვეყანას შორის ისედაც გართულებული ურთიერთობები. მისი თქმით:

“ამ ბრალდებების ფონზე არ არის გამორიცხული ორ ქვეყანას შორის სამხედრო მოქმედებების დაწყება. ეს ინციდენტი ირანის ისლამური რესპუბლიკის წინააღმდეგ ახალი პროპაგანდისტული კამპანიის აგორების კარგი საბაბია.“

ამავე აზრის არიან თეირანის მცხოვრებლებიც:

“როდესაც სანქციებმა მათთვის სასურველი შედეგი ვერ გამოიღო, აი ასეთი ბრალდებებით ცდილობენ ირანისთვის სახელის გატეხას მთელს მსოფლიოში.“

კიდევ ერთი თეირანელი თავის აღშფოთებას ვერ მალავს:

“ეს სიონისტების და საუდის არაბეთის ხრიკებია და მეტი არაფერი.“

საუდის არაბეთს დიდი ხანია დაძაბული ურთიერთობები აქვს თავის შიიტ მეზობელთან. ეს ურთიერთობები კიდევ უფრო გაუარესდა არაბული გაზაფხულის მოვლენების დროს, როდესაც საუდის არაბეთმა სამხედრო ძალის გამოყენებით ჩაახშო შიიტების საპროტესტო გამოსვლები ბაჰრეინში.

პატრიკ კლაუსონი ვაშინგტონის ახლო აღმოსავლეთის ინსტიტუტის ანალიტიკოსია. მისი თქმით:

“ირანი შეურაცხყოფილი იყო, რადგან ვერაფერი იღონა ბაჰრეინელი შიიტების დასახმარებლად, როდესაც საუდის არაბეთი მათ წინააღმდეგ გამოვიდა.“

საუდის არაბეთის ხელისუფლების განცხადებით, ირანი პასუხს აგებს ყველაფრისთვის. პოლიტიკური ანალიტიკოსის ალი რეზა ნადერის განცხადებით:

“ისინი დიდი ხანია მეტოქეები არიან, ჯერ კიდევ შაჰის დროიდან, როდესაც ისლამური რევოლუცია არც კი იყო მომხდარი. თუმცა ეს მეტოქეობა არასოდეს გადაცდენია რიტორიკის საზღვრებს.“

უნდა აღინიშნოს, რომ მარტო ირანის ხელისუფლებას არ გასჩენია კითხვები ამ საქმესთან დაკავშირებით. როგორც ამერიკის ხმასთან საუბარში პოლიტოლოგმა მაქს ფიშერმა აღნიშნა:

“შესაძლოა ირანს მართლაც უნდოდეს საუდის არაბეთის ხელისუფლების რომელიმე წევრის ლიკვიდაცია, მაგრამ ეს იმდენად რთული საკითხია, გაუგებარია რაში უნდა სჭირდებოდეს ირანს ამის გაკეთება ვაშინგტონში საუდის არაბეთის ელჩის წინააღმდეგ. ისიც გაუგებარია რა მოგება უნდა მიეღო ირანს ელჩის აფეთქებით, ეს ხომ პირიქით ირანის ინტერესების წინააღმდეგ არის მიმართული.“

მაქს ფიშერის განცხადებით, ეს ინციდენტი მხოლოდ ირანის წინააღმდეგ გამოიყენეს და კიდევ უფრო გამყარდა მეგობრული ურთიერთობები შეერთებულ შტატებსა და საუდის არაბეთს შორის.

XS
SM
MD
LG