ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ლეონ პანეტა სენატორების შეკითხვებს პასუხობს


ლეონ პანეტა სენატორების შეკითხვებს პასუხობს
ლეონ პანეტა სენატორების შეკითხვებს პასუხობს

შეახსენეს მომავალ თავდაცვის მინისტრს, რომ მას უაღრესად რთული გამოწვევების დაძლევა მოუხდება.

პრეზიდენტ ობამას მიერ შეერთებული შტატების თავდაცვის მინისტრის თანამდებობაზე ნომინირებული ცენტრალური სადაზვერვო სააგენტოს ამჟამინდელი ხელმძღვანელი ლეონ პანეტა გუშინ, შეერთებული შტატების კონსტიტუციის თანახმად, საკუთარი კანდიდატურის დამტკიცებასთან დაკავშირებით სენატის შეიარაღებული ძალების კომიტეტის წინაშე წარსდგა. კომიტეტის წევრებმა პანეტა გულთბილად მიიღეს, მაგრამ მოსმენების დროს, მას ავღანეთიდან ამერიკელი სამხედროების გაყვანის პროცესის ტემპთან და ეროვნული თავდაცვის ბიუჯეტის შემცირებასთან დაკავშირებით საკმაოდ მწვავე კითხვები დაუსვეს, იუწყება კაპიტოლიუმიდან ამერიკის ხმის კორესპონდენტი სინდი შეინი.

მოსმენების დროს სენატის კომიტეტის როგორც რესპუბლიკელმა ისე დემოკრატმა წევრებმა თავის შენიშვნებში დაადასტურეს, რომ ლეონ პანეტას ნომინაციის დამტკიცება შეერთებული შტატების თავდაცვის მინისტრის თანამდებობაზე თითქმის გარანტირებულია. თუმცა მათ აგრეთვე შეახსენეს მომავალ თავდაცვის მინისტრს, რომ მას უაღრესად რთული გამოწვევების დაძლევა მოუხდება.

მოსმენების დროს გამართული დისკუსიის მთავარ თემას ავღანეთში დისლოცირებული სამხედრო ძალების რიცხვის განსაზღვრა წარმოადგენდა. პრეზიდენტ ობამას დაპირების თანახმად, ავღანეთიდან შეერთებული შტატების სამხედრო ძალების გაყვანა ივლისში უნდა დაიწყოს. ხოლო ავღანეთში შეერთებული შტატების სამხედრო ოპერაციები 2014 წლის მიწურულს უნდა დასრულდეს.

სენატის შეიარაღებული ძალების კომიტეტის თავჯდომარემ დემოკრატმა სენატორმა კარლ ლევინმა პრეზიდენტ ობამას მოუწოდა წლის ბოლომდე ავღანეთიდან სულ ცოტა 15,000 ამერიკელი ჯარისკაცი გამოიყვანოს. ლევინმა აგრეთვე პრეზიდენტის სიტყვები მოიშველია, რომ დროა ავღანელებმა საკუთარი მომავლის უზრუნველსაყოფად სათანადო ძალისხმევა გაატარონ.

„პრეზიდენტის განცხადების თანახმად, ივლისში დაგეგმილი სამხედრო ძალების გაყვანა მნიშვნელოვანი იქნება. იქ დისლოცირებული ძალების შემცირებას სიმბოლური ხასიათი არ უნდა მიეცეს. ამგვარ გადაწყვეტილებას პირადად ვემხრობი,“ აღნიშნა სენატორმა კარლ ლევინმა.

თუმცა სენატის კომიტეტის სხვა წევრებმა შეშფოთება გამოთქვეს, რომ სწრაფი გაყვანა ავღანეთში შეერთებული შტატების სამხედრო ძალების მიერ ათი წლის მანძილზე მიღწეულ პროგრესს საფრთხეს შეუქმნის. ამასთან დაკავშირებით რესპუბლიკელმა სენატორმა არიზონას შტატიდან ჯონ მაკკეინმა კერძოდ განაცხადა:

„თავდაცვის მინისტრ გეიტსს სავსებით ვეთანხმები, რომ ძალების გაყვანა ზომიერად უნდა წარიმართოს რათა ჩვენი სამხედროების მიერ მიღწეული გამარჯვებები შემდეგი საბრძოლო სეზონის დროს შენარჩუნებულ იქნას.“

როცა სენატორებმა პანეტას ჰკითხეს თუ რა მიდგომას აირჩევდა იგი - „ზომიერს“ თუ „დაჩქარებულს“ - ავღანეთიდან შეერთებული შტატების სამხედრო ძალების გაყვანის ტემპთან დაკავშირებით, მან მხოლოდ ის აღნიშნა, რომ პრეზიდენტს ეთანხმება და რომ გაყვანის ტემპი ქვეყანაში იმ დროისთვის შექმნილ პირობებს უნდა დაეფუძნოს.

ლიბიასთან მიმართებაში, პანეტამ აღნიშნა, რომ სამხედრო და ეკონომიკური ზეწოლის შედეგად იქ შექმნილ ვითარებას იმედის მომცემი ნიშნები დაეტყო. პანეტას მიაჩნია, რომ თუ შეერთებული შტატები და ნატო მუამარ კადაფიზე ზეწოლას განაგრძობენ, იგი მალე გადადგება.

მოსმენების დროს პანეტა სენატორებს დაჰპირდა, რომ პენტაგონში ფედერალური სახსრების ფლანგვას ბოლოს მოუღებს. მან აგრეთვე ხაზგასმით აღნიშნა, რომ დაუღალავად იზრუნებს, რომ შეერთებული შტატების სამხედროებმა და მათმა ოჯახის წევრებმა საუკეთესო სოციალური შეღავათები და სამედიცინო უზრუნველყოფა მიიღონ.

XS
SM
MD
LG